ანხელ დი მარია: ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ის წევრი გავხდი

AutoSharing Option
ანხელ დი მარიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და თავს უკვე "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელად იხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბები ჯერჯერობით, ტრანსფერს ოფიციალურად არ ადასტურებენ. არაოფიციალურად კი დიდი ხანია, ცნობილია, რომ დი მარიაში პარიზელები 44,3 მილიონ გირვანქას იხდიან. ვინ იცის, 27 წლის არგენტინელი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ლილის" წინააღმდეგ უკვე მინდორზეც კი ვიხილოთ.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ის წევრი გავხდი. ეს ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი გუნდია" - ასეთი გახლდათ ანხელის ერთ-ერთი პირველი კომენტარი სამედიცინო შემოწმების გავლის მერე.

ექიმებთან შესახვედრად დი მარია დოჰაში ჩავიდა.
არგენტინელი სამშობლოში იმყოფებოდა და ყატარამდე 20 საათი მოუხდა მგზავრობა. ამიტომაც გადაღლილობის მიზეზით პროცედურა ერთი დღით გადაიდო. სამაგიეროდ, მეორე დღეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

"წინა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი მეოთხედფინალამდე მივიდა. ასე რომ, ჩემი მიზანი იქნება დავეხმარო კლუბს უფრო უკეთესი შედეგის მიღწევაში. ჩვენ გვსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ და უკანასკნელ წლებში გადაულახავ ბარიერად ქვეული მეოთხედფინალი დავძლიოთ" - თქვა დი მარიამ.

ერთი წლის წინ ანხელი "მანჩესტერ იუნაიტედში" მადრიდის "რეალიდან" "წითელი ეშმაკებისთვის" სარეკორდო თანხად, 59,7 მილიონ გირვანქად გადავიდა. არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა თითქოს, კარგად დაიწყო და საწყის მატჩებში თავადაც გაიტანა და საგოლე გადაცემებიც არიგა, თუმცა მერე საქმე აერია.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრავმაა, მაგრამ მხოლოდ ამასაც ვერ დავაბრალებთ, ანხელმა "ეშმაკებში" თავისი ადგილი ვერ იპოვა. დი მარიას ლუი ვან გაალთან ურთიერთობაც აერია. თითქოს, ჰოლანდიელს მასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა და ენდობოდა, მაგრამ მერე აითვალწუნა. უფრო სწორად, ვან გაალი 27 წლის ფეხბურთელს მისთვის უჩვეულო პოზიციებზე ათამაშებდა ხოლმე და ჯამში, 6 ამპლუაში გამოსცადა იგი. ამან კარგი არაფერი მოიტანა.

ვან გაალმა ნელ-ნელა ისეთი კომენტარების კეთება დაიწყო, რომ ცხადი გახდა, იგი დი მარიასთან განშორებას არათუ არ გამორიცხავდა და ეწინააღმდეგებოდა, არამედ სურდა კიდეც ეს, უბრალოდ, პირდაპირ ვერ ამბობდა. თავად ანხელი თავს იკავებდა ხმამაღალი კომენტარებისგან. როდესაც გუნდი ამერიკაში გაემგზავრა, დი მარია "მანჩესტერის" თვითმფრინავში არ იჯდა, ხოლო ვან გაალის პასუხი იყო, წარმოდგენა არ მაქვს, სად არისო. ამის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ არგენტინელის გაყიდვა დროის ამბავი გახლდათ.

გამოდის, რომ მანჩესტერელებმა დი მარიაში ერთ წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ფუნტი იზარალეს. ზოგადად, "იუნაიტედს" ძვირად ღირებული ტრანსფერები, რომლებსაც ბოლო დროს მოუხშირა, წარმატებული არ გამოსდის ხოლმე. შეგვიძლია "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების 6 ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გავიხსენოთ.

ანხელ დი მარია (რეალიდან) - 59,7 მილიონი გირვანქა
ხუან მატა (ჩელსიდან) - 37,1
დიმიტარ ბერბატოვი (ტოტენჰემიდან) - 30,8
რიო ფერდინანდი (ლიდსიდან) - 30,0
ანდერ ერერა (ბილბაოდან) - 29,0
ხუან სებასტიან ვერონი (ლაციოდან) - 28,1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული