ლიგა 1. VII ტურის წინ: ჯაბა კანკავა და "რეიმსი" საინტერესო მატჩის მოლოდინში

AutoSharing Option
ფოტოზე: "რეიმსი" "ანჟერს" დაუპირისპირდება
ლიგა ერთში სამი გუნდი დარჩა მოუგებელი და თუ ასე გაგრძელდა, მალე ისინი შესაძლოა, ისე ჩამორჩნენ, რომ მერე დაუგვიანდეთ. თუ აღზევებული "ტრუასა" და "გაზელეკ აიაჩოს" მძიმე თამაში არ გვიკვირს, "მონპელიეს" უსუსური თამაში ნამდვილად მოულოდნელია. სამივე ხსენებული კლუბი საშინაო თამაშს ჩაატარებს, მაგრამ მეტოქე სამივეს საკმაოდ სერიოზული ჰყავს.

"ტრუა" "სენტ ეტიენს" მასპინძლობს, რომელსაც ზედიზედ 4 მოგება აქვს და ეს ამჟამად ჩემპიონატში საუკეთესო სერიაა.

მიჯრით 4 მოგება ჰქონდა "რენს", მაგრამ წინა ტურში "ლილს" დაუზავდა, ხოლო ახლა ყველაზე მოკრძალებულ "გაზელეკ აიაჩოს"
ესტუმრება და მორიგ 3 ქულას დაუმიზნებს. მონპელიელებს კი დამშეულ-დაგეშილი "მონაკო" ეწვევა, რომელიც ისედაც საგრძნობლად ჩამორჩა და შეცდომის უფლება აღარ აქვს.

"ანჟერი" რომელიც გვაოცებს, ჯაბა კანკავას "რეიმსს" შეხვდება. ორივე გუნდს 11 ქულა და მხოლოდ 1 წაგება აქვს. ასე რომ, მატჩი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

"პარი სენ-ჟერმენმა" ორი ფრე მიაყოლა და იმაში გაუმართლა, რომ იმ გუნდებმა, რომელსაც პსჟ-ს უშუალო კონკურენტებად მოვიაზრებთ, მოგება ასევე ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, სხვებმა იმარჯვეს და ისინი მიუახლოვდნენ დედაქალაქელებს. ამის გარეშეც, ლორან ბლანის ვარსკვლავებისთვის ორი თამაშის ვერ მოგება უკვე ბევრია და გამარჯვებას "გენგამთან" გეგმავს. ბრეტანელებისთვის პირიქით, მიყოლებით 3 გამარჯვებაც სავსებით საკმარისია.

"ჟერლანზე" სათამაშოდ "ბასტია" ჩადის. "ლიონმა" ჯერ კაცნაკლულ "გენტს" ვერ მოუგო, შემდეგ ასევე ათკაციან "მარსელთან" შეხვედრაში დასჯერდა ფრეს. უბერ ფურნიესგან 3 ქულას ელიან.

ამასობაში მიჩელს თავისი "მარსელი", რომელმაც უკვე ასევე ბევრი ქულა დაკარგა, ტულუზში ჩაჰყავს. გასვლაზე ითამაშებს ვილი სანიოლის "ბორდოც", ჟირონდელები "ალიანც რივიერაზე" "ნიცას" სტუმრობენ.

მაღლა აცოცებულ "კაენს" კი "ლორიანთან" ელის ვიზიტი. ორივე გუნდს ორ-ორი მოგება აქვთ მიყოლებული და ახლაც არაფრის დათმობას არ აპურებენ.

ლიგა 1. VII ტური
22 სექტემბერი
ანჟერი-რეიმსი 21:00
პსჟ-გენგამი 23:00

23 სექტემბერი
ტრუა-სტ. ეტიენი 21:00
ლორიანი-კაენი 21:00
გაზ. აიაჩო-რენი 21:00
ნიცა-ბორდო 21:00
ლიონი-ბასტია 21:00
ტულუზი-მარსელი 23:00

24 სექტემბერი
მონპელიე-მონაკო 20:55

29 სექტემბერი
ლილი-ნანტი

ბომბარდირები:
4 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ედინსონ კავანი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული