დროა, გუნდებმა ლიგა 1-ს სათანადო ყურადღება დაუთმონ, რადგან უკვე საგრძნობლად ჩამორჩნენ. ეს განსაკუთრებით, "მონაკოზე" ითქმის. "ლუი მეორეზე" ლეონარდო ჟარდიმმა აუცილებლად სამი ქულისთვის უნდა ითამაშოს, ხოლო უბერ ფურნიე შესაძლოა, ქულითაც არ დარჩეს უკმაყოფილო.
ბოლო წლებში "მონაკოსა" და "ლიონის" დუელები ყოველთვის დაძაბული და საინტერესო გამოდიოდა და თუ გამარჯვებული ვლინდებოდა, მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით.
ცუდად არც ბრეტანელები არიან და ცხრილში ნიცელთა წინაც იმყოფებიან, მაგრამ ზედიზედ 4 ფრე აქვთ ნათამაშები და მოვიდა დრო, ან იქით წავიდნენ, ან აქეთ. "ნიცა" კი ის გუნდია, რომელსაც ამ დროისთვის, თვით "პარი სენ-ჟერმენზე" მეტი გოლი აქვს გატანილი. ერთი სიტყვით, სახალისო მატჩს ველოდებით.
პსჟ-ს კი კორსიკაზე ელოდება ვოიაჟი და "ბასტია", რომელმაც კარგად დაიწყო, მაგრამ მერე აურია. წესით და რიგით, დედაქალაქელებს ზედმეტი პრობლემები არ უნდა შეექმნათ, თუ ძალებს ზედმეტად არ შემოინახავენ მადრიდის "რეალთან" მომავალი და პრესტიჟული დაპირისპირებისთვის.
"მონპელიე", "ტრუა" და "გაზელეკ აიაჩო" გამოკვეთილ აუტსაიდერებად რჩებიან და რაც უნდა მოხდეს, გასავარდნ ზონაში ამ ტურის მერეც დარჩებიან. მაგრამ, თუ არ უნდათ, რომ სეზონის ბოლოსაც ასე იყოს, რამე უნდა ოღონონ და ქულების დაგროვება დაიწყონ.
ყველაზე მცირე შანსი, ალბათ, "გაზელეკ აიაჩოს" აქვს. ჯერ ერთი, გუნდი ისედაც ყველაზე სუსტად და მოუმზადებლად გამოიყურება და მერე მეორეც, "აიაჩო" "ჟოფრუა გიშარზე" ჩადის "სენტ ეტიენთან", რომელიც გამარჯვებაზეა დაგეშილი, რადგან ლიგა 1-ში ზედიზედ 5 მოგებას 2 მარცხი მიაყოლა და პოზიციები შეისუსტა.
ადვილი თამაში არც მონპელიელებს ექნებათ, რომლებიც "ბორდოს" სტუმრობენ და ქულები ჟირონდელებსაც ძალიან სჭირდებათ. "ტრუა" კი პირველი გამარჯვების მოპოვებას ნანტში ეცდება.
საშინელ დღეში მყოფი "მარსელი" "ლორიანთან" საშინაო შეხვედრაში ეცდება სამი ქულით გამოფხიზლებას. ჯაბა კანკავას "რეიმსი" სამეულში მყოფ "კაენს" მასპინძლობს, ხოლო სამეულის კიდევ ერთი სენსაციური ბინადარი "ანჟერი" "ტულუზს" სტუმრობს.
X ტური
16 ოქტომბერი
მონაკო-ლიონი 22:30
17 ოქტომბერი
ბასტია-პსჟ 19:00
სტ. ეტიენი-გაზ. აიაჩო 22:00
გენგამი-ლილი 22:00
ნანტი-ტრუა 22:00
რეიმსი-კაენი 22:00
ტულუზი-ანჟერი 22:00
18 ოქტომბერი
მარსელი-ლორიანი 16:00
ბორდო-მონპელიე 19:00
რენი-ნიცა 23:00
ბომბარდირები: 6 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ), მიში ბატშუაი (მარსელი); 5 - მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"