ლიგა ერთი. XIV ტური: პსჟ-მ უფსკრული გაზარდა [VIDEO]

AutoSharing Option
"ნიცამ" "მარსელს" "ლიონიც" მიაყოლა და მორიგი მსუყე 3 ქულა ჩაიწერა - კლოდ პუელმა ყოფილი გუნდი "ლიონი" გაანადგურა. ლიონელებისგან ასეთ უსუსურ თამაშს არ ველოდით.

შესაბამისად, "ჟერლანის" ბინადრები მეორე ადგილის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგნენ და კიდევ უფრო ჩამორჩნენ პსჟ-ს. "პარი სენ-ჟერმენმა" კარგ ფორმაში მყოფი "ლორიანი" ჩაყლაპა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი პარიზელთა მხრიდან ერვინ ონჟენდამ შეაგდო. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამჯერად ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ბრეტანელთა მხრიდან ისევ გამოიჩინა თავი ბილე მუკანჯომ და იბრაკა
დაბრას ბომბარდირთა დავაში გადაასწრო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო 4 მატჩიდან მესამე მოიგო "მონაკომ" და ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა. როგორც ჩანს, ლეონარდო ჟარდიმმა კრიზისი დაძლია. ეს მარიო პაშალიჩის დამსახურებაა, რომელიც გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და "ლუი მეორეზე" თავისიანებს "ნანტთან" მოაგებინა, რომელმაც პირიქით, უკანასკნელ 4 თამაშში 3 დათმო.

ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა "რეიმსის" რიგებში და მისი გუნდი იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, "მონპელიემ" მაინც იძალა. რეიმსელებმა მიჯრით მე-7 თამაში წააგეს (აქედან ერთი სათასო მარცხია).

"ლილმა" ცოტა ხნის წინათ, თასზე დაამარცხა "ტრუა", მაგრამ ჩემპიონატში ვეღარ მოუგო. მართალია, ლილელები ბენზიამ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა გათანაბრება შეძლეს, მეტი კი ვერ გაიტანეს და "ტრუა" ისევ ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება. "ლილს" კი უკვე 5 ტურია, არ უმარჯვია, აქედან 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

ამ სეზონის აღმოჩენების - მესამეადგილოსანი "კაენისა" და მეხუთეადგილოსანი "ანჟერის" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. კაენელები 32-ე წუთის მერე ათი კაცით კი იყვნენ, მაგრამ ვერც გაიტანეს და არც გაუშვეს.

კორსიკულ დერბიში ბრანდაომ "ბასტია" თავიდანვე დააწინაურა, მაგრამ "გაზელეკ აიაჩომ" დაქამბექება შეძლო და მიყოლებით მეოთხე თამაში მოიგო. "გენგამმა" კი "ტულუზას" მძიმე მდგომარეობით ისარგებლა და კომფორტულად, 2:0 იმარჯვა.

ნამდვილი დრამა იყო "რუაზონ პარკზე", სადაც "რენი" ორჯერ უგებდა "ბორდოს", მაგრამ ჟირონდელებმა გათანაბრება შეძლეს. 96-ე წუთზე კი სედრიკ კარასომ იქამდელ "სეივებს" ისიც დაამატა, რომ ჯოვანი სიოს პენალტიც მოიგერია და თავის გუნდს ქულა მოუტანა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ჟოფრუა გიშარზე" "მარსელმა" "სენტ ეტიენი" დაამარცხა. "მწვანეების" კარში გასული ორი გოლიდან ერთი მიში ბატშუაიმ გაიტანა. ბელგიელისთვის ეს მე-9 გოლია მე-13 მატჩში.

XIV ტური
ნიცა-ლიონი 3:0
გოლები: 1:0 ჟერმენი (20), 2:0 იანგა-მბივა (49-ს.კ-ში), 3:0 კოზიელო (71)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - რაფაელი, გონალონი, იანგა-მბივა, მორელი - ტოლისო, ფერი, დარდერი (64. დელ კასტილიო) - ვალბუენა (76. მალბრანკი) - ბოვიუ (64. კორნიე), ლაკაზეტი

ლორიანი-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 ონჟენდა (26), 0:2 მატუიდი (32), 1:2 მუკანჯო (82)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, კიმპემბე (46. მარკინიოსი), მაქსველი - რაბიო, ტიაგო მოტა, მატუიდი - ლუკას მოურა (90+1. ოგუსტენი), ონჟენდა (77. სტამბული), იბრაჰიმოვიჩი

მონაკო-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 პაშალიჩი (43)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ტურე, რაჯი, რ. კარვალიო, კოენტრაო - პაშალიჩი, ტულალანი, მოუტინიო - ბერნარდო სილვა (90+3. ელდერსონი), ელდერ კოშტა (78. ელ შაარავი), კარილიო (71. ლ. ტრაორე)

გენგამი-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 პრივატი (59), 2:0 სალიბუ (70)
გაძევება: კანა-ბიიკი (86. ტულუზა)

ტრუა-ლილი 1:1
გოლები: 0:1 ბენზია (9), 1:1 ჟანი (69)

მონპელიე-რეიმსი 3:1
გოლები: 0:1 ვებერი (12), 1:1 იატაბარე (21), 2:1 კამარა (69), 3:1 დაბო (84)

ბასტია-გაზ. აიაჩო 1:2
გოლები: 1:0 ბრანდაო (5), 1:1 ზუა (19-პენ.), 1:2 ბუტაიბი (70)

კაენი-ანჟერი 0:0
გაძევება: იაჰია (32. კაენი)

რენი-ბორდო 2:2
გოლები: 1:0 დემბელე (31), 1:1 კრიველი (41), 2:1 გროსიცკი (75), 2:2 კონტენტო (78)
გაძევება: პალუა (90. ბორდო)

სტ. ეტიენი-მარსელი 0:2
გოლები: 0:1 ბატშუაი (41), 0:2 ნ’კუდუ (51)

ბომბარდირები: 10 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), მიში ბატშუაი (მარსელი); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - ვალერი ჟერმენი (ნიცა)

მომდევნო ტური
27 ნოემბერი:
ლიონი-მონპელიე

28 ნოემბერი:
პსჟ-ტრუა, ანჟერი-ლილი, ნანტი-ბასტია, გაზ. აიაჩო-ლორიანი, რეიმსი-რენი, ტულუზი-ნიცა

29 ნოემბერი:
სტ. ეტიენი-გენგამი, ბორდო-კაენი, მარსელი-მონაკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული