ლიგა ერთი. XVII ტურის წინ: "ნიცამ" გაკვირვება იცის

AutoSharing Option
კლოდ პუელის "ნიცას" თამაში თუ წაუვიდა, ნებისმიერის გამწარება შეუძლია და ფანებიც იმის იმედად იქნებიან, რომ "ალიანც რივიერაზე" ნიცელები თავიანთ თამაშს აჩვენებენ და "პარი სენ-ჟერმენს" ქულებს დააკარგვინებენ. ასე რომც მოხდეს, პარიზელები ნერვიულობით თავს არ მოიკლავენ, რადგან ისინი ლამის უკვე შეგვიძლია ჩემპიონებად შევრაცხოთ.

ზედიზედ 7 წაგებას "რეიმსმა" ფრე და შუა კვირაში "გენგამთან" მოგება მოაყოლა. თუმცა წინა შეხვედრა გუნდმა ისევ 10 კაცით ჩაამთავრა და ხელმძღვანელობას დისციპლინაზე სამუშაო აქვს. ჯაბა კანკავამ დისკვალიფიკაცია მოიხადა და თავისიანებს უბრუნდება.

რეიმსელთა ფანები, მოგების გარდა, სხვა შედეგს არ მიიღებენ,
მათი საყვარელი გუნდის მეტოქე დიდი ხნით მოუგებელი "ტრუაა".

"ლიონმა" ბოლო შეხვედრებში გულშემატკივრები ანერვიულა და დროებით მაინც დაკარგა ადგილი სამეულში. ასე რომ, "ჟერლანზე" უბერ ფურნიეს შეგირდებს გამარჯვება მართებთ, თანაც მათი მეტოქე უფრო წინ მყოფი "ანჟერია", რომელიც სიურპრიზების შემოთავაზებას აგრძელებს.

კიდევ ერთი გუნდი-აღმოჩენა "კაენი" "ლილს" მასპინძლობს და თუ ლილელთა არც ისე კარგ ხათამაშო ფორმას, სიმძიმეს, გასვლაზე თამაშის ფაქტორსა და კაენელების ყოჩაღობას გავითვალისწინებთ, დიდი შანსია, მასპინძლები ისევ სამეულში დარჩნენ.

"ტულუზი" აღარ ხუმრობს, გუნდმა ზედიზედ 2 თამაში მოიგო. ცოტაც და, გასავარდნი ზონიდანაც ამოვა. შემდეგი მსხვერპლი კი, წესით, "ლორიანი" უნდა შეიქნას, რომელსაც ბრწყინვალე სერია ჰქონდა, მაგრამ ახლა ისევ აურია.

ახლა დიდებული სერია დებიუტანტ "გაზელეკ აიაჩოს" აქვს - ბოლო 6 მატჩში 5 მოგება და ფრე. ახლა კი ეს გუნდი "ნანტს" მასპინძლობს, რომელიც დამძიმებულია. კორსიკაზე კიდევ ერთი საინტერესო მატჩია, "ბასტია" "მონაკოს" დაუხვდება.

"გაზელეკ აიაჩოს" უკანასკნელი მსხვერპლი "მონპელიე" გახლდათ, რომელსაც თავის მხრივ, აქამდე ჰქონდა წაუგებელი სერია და კლუბი გარდაიქმნა, გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე სეზონის სტარტზე.

აი, ვინც ვერაფრით გამოიღვიძა, ეს "ბორდოა" და ჟირონდელები ამჯერად ბრეტანულ "გენგამს" შეებმებიან. ტური კი "ჟოფრუა გიშარზე" დასრულდება "სენტ ეტიენისა" და "რენის" მშვენიერი დუელით.

4 დეკემბერი
ნიცა-პსჟ 23:30

5 დეკემბერი
ლიონი-ანჟერი 20:00
გაზ. აიაჩო-ნანტი 23:00
ბასტია-მონაკო 23:00
კაენი-ლილი 23:00
რეიმსი-ტრუა 23:00
ტულუზი-ლორიანი 23:00

6 დეკემბერი
მარსელი-მონპელიე 17:00
ბორდო-გენგამი 20:00
სტ. ეტიენი-რენი 00:00

ბომბარდირები: 11 - ბეჟამენ მუკანჯო (ლორიანი); 10 - მიში ბატშუაი (მარსელი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული