საფრანგეთი. ლიგა 1. XXIX ტურის წინ: ვაი, "მონპელიეს" ბრალი?!

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" გაცეცხლებულია - პარიზულმა კლუბმა სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ასე რომ, "ლიონის" ჯავრის ამოყრას ლორან ბლანის შეგირდები "მონპელიეზე" აპირებენ. ჩემპიონატის რამდენიმე გუნდ-სენსაციას კი ამ ტურში დასამტკიცებელი აქვს, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა არ არის.

მაშინ, როდესაც ყველამ "კაენის" მოსალოდნელ კრიზისსა და ჩავარდნაზე დაიწყო საუბარი, კაენელებმა ზედიზედ ორი თამაში მოიგეს და ისევ ამოყვინთეს. ასე რომ, ეს გუნდი სკეპტიკოსებსა და მეტოქეებს არ ეპუება და სავარაუდოდ, მეორე ადგილზე 8-ქულიანი უპირატესობით გამაგრებულ "მონაკოსაც" დიდ ბრძოლას გაუმართავს.

ამ სეზონის კიდევ ერთ სენსაციას, "ანჟერს" "სენტ ეტიენი"
ეწვევა და საკუთარი საჩემპიონთალიგო ამბიციების გაღვივებას ეცდება. "მწვანეები" ისევ წკიპზე არიან.

"პარი სენ-ჟერმენი" სეზონში განცდილი პირველი მარცხის მერე, ალბათ, არ დაინდობს და უმოწყალოდ გაუსწორდება "მონპელიეს", რომელიც ისე ცუდ ფორმაში სულაც არ არის.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მა "ლიონთან" წაგების მერე საფრანგეთის თასზე "სენტ ეტიენი" 3:1 დაამარცხა და ხასიათი ცოტა გამოიკეთა - პარიზული გუნდი ნახევარფინალში გავიდა. "სენტ ეტიენთან" ტრავმა მიიღო და "მონპელიესთან" არ იქნება ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი, მაგრამ "მონპელიეს" ვინ ჩივის - ბლეზმა შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური დაპირისპირება გამოტოვოს "ჩელსის" წინააღმდეგ, ეს კი დიდი დანაკლისია.

პარიზელთა მძლეველი "ლიონი", რომელიც ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ფორმაში შევიდა, "გენგამს" მასპინძლობს და ულაპარაკო 3 ქულას გეგმავს.

რამდენიმე დღის წინათ მწვრთნელშეცვლილი "ტულუზი" კი "ველოდრომზე" "მარსელს" შეაკვდება და იმედი ექნება, რომ "გაზელეკ აიაჩო" ჟირონდაში "ბორდოსთან" ვერაფერს გახდება. "ველოდრომზე" პასკალ დიუპრას დებიუტი შედგება. დიუპრამ პოსტზე დომენიკ არიბაჟი შეცვალა, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა.

ჯაბა კანკავას "რეიმსი" კიდევ უფრო რომ დამშვიდდეს, ეგებ, "ლილთან" საგარეო შეხვედრაშიც გამორჩეს რამეს. ეს მატჩი, ალბათ, ისეთივე მძიმე გამოვა, როგორც ცხრილში მეზობლების, "ბასტიასა" და "ლორიანის" დაპირისპირება უნდა იყოს.

"ნიცას" მოულოდნელი საშინაო ფიასკოს მერე ყველა გზა მოჭრილი აქვს და ვალდებულია, გამოკვეთილ აუტსაიდერს, "ტრუას" მოუგოს.

და, რა თქმა უნდა, ფრანგული ფეხბურთით დაინტერესებულ ადამიანებს გვაფიქრებს "ნანტი" და ველოდებით, თუ რას იზამენ ამჯერად "იადონები", რომლებიც ბრეტანის დედაქალაქ "რენს" სტუმრობენ. მიშელ დერ ზაქარიანს თავადაც დაავიწყდა, ბოლოს როდის წააგო.

4 მარტი
კაენი-მონაკო 23:30

5 მარტი
პსჟ-მონპელიე 20:00
ანჟერი-სტ. ეტიენი 23:00
ბორდო-გაზ. აიაჩო 23:00
ლილი-რეიმსი 23:00
ნიცა-ტრუა 23:00
ბასტია-ლორიანი 23:00

6 მარტი
მარსელი-ტულუზი 17:00
რენი-ნანტი 20:00
ლიონი-გენგამი 00:00

ბომბარდირები: 23 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ენდი დელორი (კაენი); 9 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ანხელ დი მარია (პსჟ); 8 - ვალერი ჟერმენი (ნიცა), ფლოიდ აიიტე (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული