ლიგა 1. XXXI ტურის წინ: ლიდერთა ჯახი ინტრიგის გარეშე

AutoSharing Option
"მარსელს" ლიგა 1-ში მიჯრით ხუთი 1:1 აქვს ნათამაშები. ბოლო 9 მატჩიდან კი "ველოდრომის" ბინადრებმა 6 დაასრულეს ამ ანგარიშით.

მძიმე სერიისთვის წერტილის დასმას მიჩელის გუნდი "რენთან" საშინაო შეხვედრაში ეცდება, მაგრამ როლან კურბისის ბრეტანელები ძალიან მაღლა აფრინდნენ და ჩამოქვეითების არანაირი სურვილი არ აქვთ. ამ კლუბების დაპირისპირებები ბოლო წლებში მუდამ საინტერესო და დაძაბულია ხოლმე და გამონაკლისი, ალბათ, არც ეს შემთხვევა უნდა იყოს.

"სენტ ეტიენს" უკვე 5 ქულაა, არ მოუგია და "მწვანეები" ისეთი მონდომებით კარგავენ ქულებს, რომ ოცნების ახდენა და სამეულში მოხვედრა ისევ გაუჭირდებათ,
მაგრამ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის და საკუთარ "ჟოფრუა გიშარზე" "მონპელიესთან" 3 ქულას უნდა დაუმიზნონ. თანაც, სტუმრები გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებენ და სანერვიულოდ საქმე ნაკლებად აქვთ.

"ლილი" ლიგა 1-ში ერთ-ერთი ყველაზე რთულად წასაქცევი გუნდია, რომელსაც ცოტა გააქვს და ცოტას უშვებს. თუმცა, თუ "ტულუზს" სურს, რომ ხავსზე ჩაჭიდება გააგრძელოს, სულ ცოტა, ეს საგარეო თამაში არ უნდა წააგოს.

უსართხო ზონასთან ჩამორჩენა 7 ქულაა, საფრანგეთის ჩემპიონატისთვის კი 7-ქულიანი სხვაობა ძალიან დიდია. ასე რომ, ტულუზელებს შეცდომების ლიმიტი ამოწურული აქვთ და თან იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ერთ-ერთი უშუალო კონკურენტისთვის "გაზელეკ აიაჩოსთვის" "ნიცასთან" რთული სტუმრობა ფიასკოთი დამთავრდება, ხოლო ჯაბა კანკავას "რეიმსი" ცხრილში მეზობელ "გენგამთან" პრინციპულ შეხვედრაში ასევე ვერ შეძლებს მოგებას.

კარგად მოქოქილი "ლიონი" "ჟერლანზე" "ნანტს" დაუხვდება, რომელიც ასევე არ არის ცუდ ფორმაში. "იადონები" აგრეთვე ევროზონასთან დაფარფატებენ, "ლიონი" კი სამეულს უმიზნებს. ერთი სიტყვით, ამ მატჩის შედეგზე ბევრია დამოკიდებული და ბრძოლაც შესაბამისი იქნება.

"ბორდოს" საშინელ თამაშს ბოლოს და ბოლოს გადაყვა ვილი სანიოლი. ჟირონდელთა მთავარ მწვრთნელად კლუბის ლეგენდა და ახლო წარსულში "ბორდოს" მეკარე 43 წლის ულრიხ რამე დაინიშნა. მისი დებიუტი "ბასტიასთან" შედგება და რამეს ცხადია, გამარჯვებაზე ეჭირება თვალი.

"ანჟერი" შეეცდება კრიზისი "ლორიანთან" საშინაო შეხვედრაში დაამთავროს, ხოლო "კაენი" ბოლო ადგილოსან "ტრუას" მასპინძლობს და, წესით, უნდა მოუგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კაენელები ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ახლოს დარჩებიან.

ამ ზონასთან მოწრიალე გუნდებისთვის ამ ტურში წარმატება კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მეორე ადგილზე ჯერჯერობით, ურყევად გამაგრებული "მონაკო" "პარი სენ-ჟერმენს" სტუმრობს.

პარიზელები უკვე კი გაჩემპიონდნენ, მაგრამ ეს ტრიუმფის მერე მათი პირველი საშინაო შეხვედრაა და "პარკ დე პრენსი" შოუს მოითხოვს, შოუზე კი პსჟ იშვიათად ამბობს უარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მონეგასკები კარგს არაფერს უნდა ელოდონ.

18 მარტი
მარსელი-რენი 23:30

19 მარტი
სტ. ეტიენი-მონპელიე 20:00
ანჟერი-ლორიანი 23:00
ლილი-ტულუზი 23:00
კაენი-ტრუა 23:00
რეიმსი-გენგამი 23:00
ლიონი-ნანტი 00:00

20 მარტი
ბორდო-ბასტია 17:00
ნიცა-გაზ. აიაჩო 20:00
პსჟ-მონაკო 00:00

ბომბარდირები: 27 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი); 11 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ენდი დელორი (კაენი), ვალერი ჟერმენი (ნიცა); 9 - ანხელ დი მარია (პსჟ), უსმან დემბელე (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული