- მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წარმატებისთვის მიგიღწევიათ, მათ შორის, ბრაზილიის ნაკრებშიც, 2013 წლის კონფედერაციის თასი თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურნირი უნდა იყოს...
- რა თქმა უნდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბრაზილია ამ ტურნირის მასპინძელია. საერთოდ, რა რანგის შეჯიბრიც არ უნ
- არის თუ არა კონფედერეციის თასი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმის გამო, რომ ბრაზილიის ნაკრები, რადგან მსოფლიოს პირველობის მასპინძელია, ოფიციალურ მატჩებს მოკლებულია?
- სწორედ ამ ტურნირზე მოგვეცემა საშუალება, რომ შევაფასოთ ჩვენი მოთამაშეები და გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა ამა თუ იმ ფეხბურთელის მუნდიალზე წაყვანა.
მახსოვს, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კოპა ამერიკაზე ვიასპარეზეთ და მაშინ ფეხბურთელებზე დაკვირვების საშუალება მომეცა.
სწორედ იმ ტურნირზე ვნახე პირველად, რამდენად კარგად შეეძლოთ ფეხბურთელებს სატურნირო ბატალიების გადატანა და შემჭიდროვებულ გრაფიკში თამაში. აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომლებიც შემდეგ გამოვასწორეთ და ამან უდიდესი დივიდენდები ერთი წლის შემდეგ მოგვიტანა.
- როდესაც "სატურნირო ბატალიების გადატანა" ახსენეთ, ალბათ, მოედანს მიღმა მიმდინარე პროცესებიც იგულისხმეთ...
- რა თქმა უნდა. კლუბის მწვრთნელმა საკუთარი ფეხბურთელების შესახებ ყველაფერი იცის, მაგრამ ნაკრების მწვრთნელს მოთამაშეებთან კონტაქტის საშუალება არცთუ ისე ხშირად ეძლევა.
ფეხბურთელს და ზოგადად, ადამიანს კარგად მხოლოდ მაშინ თუ გაიცნობ, როდესაც მასთან ერთად დღეების განმავლობაში ცხოვრობ და მუშაობ. ნაკრების დამრიგებელს კი ამის საშუალება მხოლოდ რომელიმე ტურნირის დროს თუ აქვს.
საბედნიეროდ, უმეტესად მწვრთნელები ნაკრებში ახლად გამოძახებული ფეხბურთელის თვისებებით სასიამოვნოდ გაოცებულნი რჩებიან, მაგრამ არის გამონაკლისებიც, როდესაც ფიქრობ, ღირს კი ამ მოთამაშის შეკრებაზე, შემდეგ კი ტურნირზე წაყვანა და გარისკვა?
- თქვენ საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ. უკვე წარმოგიდგენიათ, როგორი სტილით ითამაშებთ, თუ ჯერ ფეხბურთელებს შეარჩევთ და სათამაშო სტილსაც ამის მიხედვით განსაზღვრავთ?
- დაახლოებით ვიცი, როგორც ვითამაშებთ, რადგან ჩვენი პირველი ამხანაგური მატჩისთვის ფეხბურთელების უმეტესობა შერჩეული მყავს.
ჩემი წარმოდგენა ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებზე ტელევიზიით ან ტრიბუნებიდან ნანახით შემოიფარგლება. ამიტომ მთავარი მაინც შეკრება და ვარჯიშია. ჩვენ ერთად ორი-სამი დღე ვიმუშავებთ და ვეცდებით, ყველა იდეა და მოსაზრება მოედანზე გადავიტანოთ.
ამხანაგურ შეხვედრებში და კონფედერაციის თასზე ყველა სიახლის და იდეის განხორციელებას ვეცდებით, თუმცა მუნდიალამდე შესაძლოა, ბევრი რამეც შევცვალოთ.
მაგალითად, 2002 წლის ჩემპიონატამდე სამი მცველით არასოდეს მითამაშია, მაგრამ ჩემპიონატის წინ, ფეხბურთელებთან საკმარისი დროის გატარების შემდეგ, მივხვდი, რომ ეს კარგი აზრი იქნებოდა.
ასე რომ, დაახლოებით კი წარმომიდგენია, რას და როგორ გავაკეთებთ, მაგრამ ეს მუშაობის პროცესში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
- ბოლო თვეების განმავლობაში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ ბრაზილიის ნაკრებს, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- ვფიქრობ, რომ ბრაზილიას საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც ნაკრებში თამაში უმაღლეს დონეზე შეუძლია.
ვერავინ გეტყვით, რამდენი გამოცდილი ფეხბურთელია საჭირო ნაკრებში, ერთი, ორი, შვიდი, თუ ათი, მაგრამ ფაქტია, რომ გამოცდილების და ახალგაზრდების ნაზავი აუცილებელია.
მე, პირველ რიგში, ყურადღებას მოთამაშის დონეს ვაქცევ და არა ასაკს. ასე რომ, თუ რომელიმე ფეხბურთელი "სელესაოს" მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ის ნაკრებში აუცილებლად მოხვდება.
- გეხმარებათ თუ არა ფეხბურთელებთან ურთიერთობაში და მათთვის თქვენი იდეების გადაცემაში ის ფაქტი, რომ წარმატებული მწვრთნელი ხართ და მსოფლიოს ჩემპიონატი გაქვს მოგებული?
- ნამდვილად ვერ გეტყვით. არ ვიცი, მოქმედებს თუ არა ფეხბურთელებზე ეს ფაქტორები და უფრო მეტად იგებენ ჩემს ნათქვამს თუ არა, მაგრამ მე და კარლოს ალბერტო პარეირას ძალიან ბევრი რამ გვაქვს ნანახი და უდიდესი გამოცდილებაც დაგვიგროვდა. შესაბამისად, ფეხბურთელებსაც ბევრი რამ შეგვიძლია ვუთხრათ.
- არის თუ არა ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო წლებში ცხოვრება გაგირთულათ და ახლა ნაკრებში თქვენთან ერთად იქნება?
- ჰმ... თუ რომელიმე მოთამაშე უნდა დავასახელო, მაშინ იყოს ნეიმარი. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად "პალმეირაში", როდესაც ამ გუნდის მწვრთნელი ვიყავი.
რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ის ჩვენთან არის და არა მოწინააღმდეგის ბანაკში, მაგრამ ასეთი ფეხბურთელი კიდევ საკმაოდ ბევრია. მე უბრალოდ ერთი დაგისახელეთ.
- გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ სელესაოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მხოლოდ 20 წლის არის?
- არა, რადგან როდესაც რონალდო ბრაზილიის ნაკრების ლიდერი იყო და მოედანზე საოცრებებს სჩადიოდა, მხოლოდ 19 წლის გახლდათ, პელე კი 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მხოლოდ 17 წლის იყო და მიუხედავად ამისა, ის ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი შესაძლოა გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი იყოს, მაგრამ ის ვერ იქნება ლიდერი.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ურთიერთგაგება სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს შორის, რათა ყველამ იცოდეს საკუთარი ადგილი და დანიშნულება, თორემ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ გუნდის ლიდერი 20 ან 21 წლის ფეხბურთელი იყოს.
- ინდივიდუალურ პრიზებზე გადავიდეთ. თქვენი აზრით, ვინ უნდა გახდეს წლის საუკეთესო მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე, პეპ გვარდიოლა თუ ჟოზე მოურინიო?
- მე მოურინიოს ავირჩევდი, რადგან ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ის ყველგან მოწოდების სიმაღლეზე იყო - "პორტუში", "ჩელსიში", "ინტერში" და ახლა "რეალში", ყველგან წარმატებას აღწევდა. ამდენი წლის განმავლობაში სტაბილურად წარმატებული მუშაობის გამო მე მოურინიოს ვირჩევ.
- მადრიდის "რეალის" ან ბრაზილიის ნაკრების მსგავს გუნდებში, სადაც ბევრი ვარსკვლავი თამაშობს, აკისრია თუ არა მწვრთნელს კოლექტივის ერთიანობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი?
- რა თქმა უნდა. ბევრი ეგოს და პიროვნების საერთო იდეის გარშემო გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თვისებაა, რომელიც შესაძლოა, მწვრთნელს ჰქონდეს. მწვრთნელმა, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ხანდახან ფეხბურთელებს მათთვის არცთუ ისე ხელსაყრელი პირობები უნდა მიაღებინოს.
მოურინიოს ყველა ეს თვისება აქვს და ეს ყველაფერი მის გუნდებში ჩანს. დააკვირდით, როგორი ერთგულებით გამოირჩევიან მისი ფეხბურთელები მწვრთნელის მიმართ და როგორ მისტირიან მას იმ გუნდის მოთამაშეები, საიდანაც ჟოზე წავიდა.
- შემდეგ პრიზზე გადავიდეთ: ვინ არის საუკეთესო, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი თუ კრიშტიანო რონალდო?
- მე სამივეს თამაში ნანახი მაქვს, მაგრამ მხოლოდ რონალდოსთან მიმუშავია. ვფიქრობ, ის აღიარებას იმსახურებს.
რონალდომ "მანჩესტერთან", "რეალთან" და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად უამრავ წარმატებას მიაღწია და გარდა ამისა, ბოლო 4-5 წელია, შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ "ოქროს ბურთი" მხოლოდ ერთხელ მოიგო.
მე სწორედ მას ავირჩევდი, თანაც მასთან მიმუშავია და ვიცი, როგორი თავდადებულიც არის და რამდენს შრომობს იმისთვის, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყოს.
- როგორ ფიქრობთ, დღეს ნეიმარი მათი დონის ფეხბურთელია?
- ჩემი აზრით, მომავალ წელს ნეიმარი "ოქროს ბურთის" ათეულში კი არ მოხვდება, არამედ სამეულში შევა. იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, ევროპაში გადასვლა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან "სანტოსში" მას შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს.
ნეიმარი მურისი რამალიოსთან უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს და ყველა ვხედავთ, თუ როგორ მოუმატა მან ტაქტიკური თვალსაზრისით. ის წლიდან წლამდე უმატებს და მას იმხელა პოტენციალი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"