"სან პაულომ" ლუსიო გაიფორმა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსიდან" წამოსვლის შემდეგ ლუსიო უკლუბოდ დიდხანს არ დარჩენილა. 34 წლის მცველმა 19 დეკემბერს კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულ "სან პაულოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი მცველი ტურინში ამ სეზონის დაწყების წინ გადავიდა, მაგრამ "ბებერი ქალბატონის" რიგებში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილმა ფეხბურთელმა "იუვესთან" კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსამდე" ლუსიო "ინტერის", "ბაიერნის" და ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავდა, სამშობლოში კი პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალში" თამაშობდა, საიდანაც 2000 წელს ევროპას მიაშურა.

"ლუსიოს დონის ფეხბურთელი ჩვენს გუნდს
აუცილებლად გააძლიერებს. მომავალ წელს ლიბერტადორესის თასზე ვითამაშებთ, სადაც ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება" - განაცხადა "სან პაულოს" ვიცე-პრეზიდენტმა ჟოაო პაულო დე ჟესუს ლოპესმა.

"ლუსიოს შეძენა ადრეც გვსურდა. ზაფხულში ტრანსფერთან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ გარიგება ჩაიშალა. ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა და მისი სახით უდიდესი გამოცდილების და უმაღლესი კლასის ფეხბურთელი შევიძინეთ" - ეს უკვე სპორტული დირექტორის, ადალბერტო ბაპტიშტას სიტყვებია.

ლუსიო ბრაზილიის ნაკრებში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა (2000-2011), ხოლო 5 წელი გუნდის კაპიტანიც იყო. 2002 წელს მცველი "სელესაოსთან" ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, სულ კი ნაკრებში 105 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული