20-წლამდელთა კოპა ამერიკა: არგენტინამ წააგო... ბრაზილიამაც!

AutoSharing Option
20-წლამდელთა კოპა ამერიკა ისევე გაგრძელდა, როგორც დაიწყო – სენსაციებით.

ტურნირის მასპინძელმა, არგენტინის ნაკრებმა, ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. წააგო ბრაზილიამაც, რომელსაც ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს, თუმცა “სელესაოს” თავის მართლება იმით მაინც შეუძლია, რომ მათი მეტოქე ურუგვაის ნაკრები იყო...

არგენტინა პარაგვაისთან შეხვედრაში ლუსიანო ვიეტოს გოლის წყალობით იგებდა, მაგრამ “ალბისელესტემ” უპირატესობა ვერც განავრცო და ვერც შეინარჩუნა, მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და მოედანი დამარცხებულმა დატოვა.

ტურნირის
დაწყების წინ ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული გუნდი ორი ტურის შემდეგ ნული ქულით მეოთხე ადგილს იკავეს და თუ გონს არ მოეგო, ჩემპიონის ტიტულის კი არა, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც უნდა დაივიწყოს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფების სამი გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გადის, სადაც ერთი 6-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გაარკვევს კიდეც ჩემპიონის ვინაობას და გარდა ამისა, პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები ზაფხულში თურქეთში გასამართი მუნდიალის საგზურს მიიღებენ.

არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია ბრაზილიის ნაკრები, რომელმაც პირველ ტურში ეკვადორს ვერ მოუგო, ამჯერად კი ურუგვაისთან დამარცხდა. თავიდან “სელესტა” დაწინაურდა, მაგრამ ბრაზილიელებმა 2-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. ასეთი გმირობის შემდეგ “სელესაოს” დამარცხება თითქოს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ნიკოლას ლოპესი – “რომას” უნიჭიერესმა ფორვარდმა, შეხვედრის ბოლო წუთზე პირველი გოლის ავტორის, დიეგო ლაქსალტის გადაცემით ისარგებლა და ჯგუფში საკუთარი ნაკრები გაალიდერა.

საკმაოდ კარგად გამოიყურება ჩილეს ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მარიო სალასის ბიჭებმა პირველ ტურში არგენტინა დაამარცხეს, მეორე ტურში კი ბოლივიას სძლიეს. ისევ გაიტანა ნიკოლას კასტილიომ, რომელიც ბომბარდირთა დავაში ორ ურუგვაელთან, ნიკოლას ლოპესთან და დიეგო როლანთან ერთად ლიდერობს.

A ჯგუფი

არგენტინა-პარაგვაი 1:2
გოლები: 1:0 ვიეტო (38), 1:1 დერლის გონსალესი (61), 1:2 კ. დომინგესი (68).

ჩილე-ბოლივია 2:0
გოლები: 1:0 ნ. კასტილიო (52), 2:0 კ. კუევასი (90).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 2 2 0 0 3-0 6
2. კოლუმბია 1 1 0 0 1-0 3
3. პარაგვაი 2 1 0 1 2-2 3
4. არგენტინა 2 0 0 2 1-3 0
5. ბოლივია 1 0 0 1 0-2 0

B ჯგუფი

ბრაზილია-ურუგვაი 2:3
გოლები: 0:1 ლაქსალტი (6), 0:2 როლანი (48-პენ), 1:2 ე. ველასკესი (71-საკ. კარში), 2:2 მარკოს ჟუნიორი (72), 2:3 ნ. ლოპესი (90).

ეკვადორი-ვენესუელა 0:1
გოლი: 0:1 ხ. მარტინესი (28).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 2 1 1 0 6-5 4
2. ვენესუელა 1 1 0 0 1-0 3
3. პერუ 1 0 1 0 3-3 1
4. ბრაზილია 2 0 1 1 3-4 1
5. ეკვადორი 2 0 1 1 1-2 1

ბომბარდირები: 2 - ნ. კასტილიო (ჩილე), ნ. ლოპესი (ურუგვაი), როლანი (ურუგვაი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ფრე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული