20-წლამდელთა კოპა ამერიკა: ბრაზილიის პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
ახალგაზრდული კოპა ამერიკის ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებულმა ბრაზილიის ნაკრებმა პირველი მოგება გაიფორმა და მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

"სელესაომ” ვენესუელის ნაკრებს "სანტოსის” ნახევარმცველის, ფელიპე ანდერსონის გოლის წყალობით მოუგო. 19 წლის ფეხბურთელმა, რომლის შეძენითაც "მილანი” არის დაინტერესებული, გოლი 11-მეტრიანით, ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანა.

ბოლო ტურში ბრაზილია პერუს შეხვდება, რომელსაც ასევე 4 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის, უფრო სწორად, მეტი გატანილი ბურთის გამო მესამე ადგილზეა. ამ ტურში პერუმ ეკვადორთან წააგო, არადა, მე-80 წუთამდე დესას გოლის წყალობით იგებდა. ამის შემდეგ "სანტოს
ლაგუნას” და "ლდუ კიტოს” ფეხბურთელებმა, ელი ესტერილიამ (მეორე გოლი ტურნირზე) და ხოსე სევალიოს ენრიკესმა ორი გოლი გაიტანეს და ეკვადორს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოუტანეს.

ეკვადორელებმა გამოსვლა დაასრულეს და ახლა ბოლო ტურის შედეგებს დაელოდებიან. იმისთვის, რომ ეკვადორი მომდევნო ეტაპზე გავიდეს, უკანასკნელ ტურში ბრაზილიამ პერუს ვერ უნდა მოუგოს, ან მატჩი 0:0 უნდა დასრულდეს, ხოლო ურუგვაიმ ვენესუელასთან არ უნდა წააგოს.

გასვლის შანსი ყველა გუნდს აქვს და ვარიანტი ძალიან ბევრია, მათი ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ გეტყვით, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ბურთების სხვაობას ენიჭება; შემდეგ მხედველობაში გატანილი ბურთების რაოდენობა მიიღება, ბოლოს კი ურთიერთშეხვედრის შედეგი.

I ჯგუფური ეტაპი. IV ტური.
B ჯგუფი

ბრაზილია-ვენესუელა 1:0
გოლი: 1:0 ფელიპე ანდერსონი (45-პენ).

ეკვადორი-პერუ 2:1
გოლები: 0:1 დესა (66-პენ), 1:1 ესტერილია (80), 2:1 სევალიოს ენრიკესი (83).
გაძევება: ა. ლედესმა (90) – მ. ბარიოსი (87).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 3 1 2 0 8-7 5
2. ეკვადორი 4 1 2 1 5-5 5
3. პერუ 3 1 1 1 5-5 4
4. ბრაზილია 3 1 1 1 4-4 4
5. ვენესუელა 3 1 0 2 1-2 3

ბოლო ტური: ურუგვაი-ვენესუელა, ბრაზილია-პერუ.

ბომბარდირები: 3 – მ. ბორხა (კოლუმბია), ჯ. კორდობა (კოლუმბია), ნ. ლოპესი (ურუგვაი); 2 – ბენავენტე (პერუ), ნ. კასტილიო (ჩილე), კ. კუევასი (ჩილე), დერლის გონსალესი (პარაგვაი), როლანი (ურუგვაი), ვიეტო (არგენტინა), ესტერილია (ეკვადორი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: კოლუმბია და ჩილე მომდევნო ეტაპზე არიან, არგენტინის შანსი მიზერულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული