მოგეხსენებათ, ბრაზილიაში ერთიანი პირველობა 1971 წლამდე არ ჰქონდათ და გუნდები ერთმანეთს მხოლოდ შტატების პირველობებზე ეჯიბრებოდნენ. შესაბამისად, ამ ტურნირებს გულშემატკივართა დიდი ნაწილი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ეროვნულ პირველობას.
ყველაზე დიდი პოპულარობით, რა თქმა უნდა, ორი ყველაზე დიდი შტატის პირველობა სარგებლობს. ჩვენც მხოლოდ კარიოკას (რიოს შტატის ჩემპიონატი) და პაულისტას (სან პაულოს შტატის ჩემპიონატი) გავაშუქებთ...
ისტორია
სან პაულოს შტატის პირველი ჩემპიონატი 1902 წელს გაიმართა. ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "კორინთიანსი" გახლავთ, რომელიც 26-გზის ჩემპიონია. მეორე ადგილზე, 22 ტიტულით, "პალმეირასია"; "სან
ცნობილი გუნდებიდან პაულისტა მოგებული აქვთ: "პორტუგეზას" (სამჯერ), "ბრაგანტინოს" (ერთხელ) და "სან კაეტანოს" (ერთხელ).
რიო-დე-ჟანეიროს ჩემპიონატი 1906 წლიდან იღებს სათავეს. ტიტულების მიხედვით "ფლამენგო" ლიდერობს, რომელიც 32-გზის ჩემპიონია; მოერეზეა "ფლუმინენსე", 31 ტიტულით; შემდეგ მოდიან: "ვასკო და გამა" (22-გზის ჩემპიონი) და "ბოტაფოგო" (19-გზის ჩემპიონი). ამ გუნდების გარდა, კარიოკა მოგებული აქვთ: "ამერიკას" (7-ჯერ), "ბანგუს" (2-ჯერ), "სან კრისტოვაოს" (ერთხელ) და "პაისანდუს" (ერთხელ).
სტრუქტურა
სან პაულოს და რიოს ჩემპიონატები განსხვავებული სისტემით იმართება. სან პაულოს შტატის პირველობა 3 დივიზიონისგან შედგება. თითოეულში 20-20 გუნდია. უმაღლეს ლიგაში, წრიული სისტემით, 19 ტური იმართება.
პირველ რვა ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი ოფში აგრძელებენ, ხოლო ბოლო ოთხ ადგილზე გასული გუნდები ლიგიდან ვარდებიან. აღსანიშნავია, რომ "პორტუგეზა", რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატში სერია A-ს ბინადარია, სან პაულოს პირველობაზე მეორე დივიზიონში თამაშობს.
კარიოკა ორ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპს "ტაკა გუანაბარა" ჰქვია, მეორეს კი "ტაკა რიო". ორივე ტურნირი ერთნაირი სისტემით იმართება: 16 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული, ოღონდ "ტაკა გუანაბარას" დროს კლუბები მეორე ჯგუფის გუნდებს ეთამაშებიან (სულ 8 ტური), ხოლო "ტაკა რიოს" დროს - საკუთარი ჯგუფის გუნდებს (სულ 7 ტური). პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის ეტაპზე გადიან, სადაც ტურნირის გამარჯვებულს არკვევენ.
საბოლოოდ, "ტაკა გუაბანაბარას" და "ტაკა რიოს" გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში ხვდებიან და ამ მატჩის გამარჯვებული რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონი ხდება. თუ ორივე ტურნირი ერთმა გუნდმა მოიგო, ფინალური მატჩი, რა თქმა უნდა, აღარ იმართება.
პაულისტა 2013. I ტური
სან პაულო-მირასოლი 2:0
გოლები: 1:0 ლუიშ ფაბიანო (12), 2:0 ჟადსონი (81).
სან ბერნარდო-სანტოსი 1:3
გოლები: 0:1 ნეიმარი (20), 1:1 ნალდინიო (22), 1:2 მირალიესი (79), 1:3 ნეიმარი (90-პენ).
პაულისტა-კორინთიანსი 1:1
გოლები: 0:1 ჯოვანი (59), 1:1 ჟოაო ენრიკე (80).
პალმეირასი-ბრაგანტინო 0:0
უნიაო ბარბარენსე-XV დე პირაკიკაბა 1:1
ლინენსე-გუარანი 2:1
ატლ. სოროკაბა-სან კაეტანო 1:2
პენაპოლენსე-იტუანო 3:0
პონტე პრეტა-მოჟი მირიმი 0:0
ბოტაფოგო (სპ)-ოესტე 2:0
პაულისტას პირველ ტურში ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, რომლის ავტორიც... "პაულისტა" იყო.
ამ გუნდმა, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატში საერთოდ არ მონაწილეობს (!), მოახერხა და არ წააგო კოპა ლიბერტადორესის მოქმედ გამარჯვებულ "კორინთიანსთან". მართალია, ტიტეს გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ გასამართლებელ საბუთად ეს არ გამოდგება.
სხვათა შორის, "პაულისტა" ძალიან საინტერესო გუნდია. ეს კლუბი 1909 წელს არის დაარსებული და ისტორიის განმავლობაში ერთადერთი ტიტული, ბრაზილიის თასი (2005 წელს) აქვს მოგებული. ამის გამო 2006 წელს კლუბმა კოპა ლიბერტადორესზე ითამაშა, სადაც ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ 6 ქულის მოგროვება კი მოახერხა; თანაც, ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე "რივერ პლეიტი" (!) დაამარცხა.
ასეთ რამ მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია შესაძლებელი: კლუბი ეროვნული პირველობის არც ერთ დივიზიონში არ იყოს (ბრაზილიაში სულ 4 დივიზიონია), მიუხედავად ამისა, კონტინენტის მთავარ საკლუბო ტურნირზე მოხვდეს და იქ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს მოუგოს.
"კორინთიანსის" მსგავსად, ვერ მოიგო "პალმეირასმაც", მაგრამ ერთი, რომ ეს გუნდი უკვე სერია B-ს წევრია და თანაც, მისი მეტოქე "პაულისტაზე" გაცილებით ძლიერი "ბრაგანტინო" იყო.
სამაგიეროდ, გამარჯვებით დაიწყეს ტურნირი "სან პაულომ" და "სანტოსმა". ნეი ფრანკოს გუნდმა სერია D-ს "მირასოლი" დაამარცხა, ხოლო "სანტოსმა", ნეიმარის დუბლის და ესეკილ მირალიესის გოლით, ასევე მხოლოდ სან პაულოს ჩემპიონატში მოთამაშე "სან ბერნარდოს" სძლია.
კარიოკა 2013. ტაკა გუანაბარა. I ტური
ფლამენგო-კისამა 2:0
გოლები: 1:0 ერნანი (3), 2:0 ერნანი (84).
ბოავიშტა-ვასკო 0:3
გოლები: 0:1 კარლოს ალბეტრო (16), 0:2 ედერ ლუიში (27), 0:3 ბერნარდო (72).
ნოვა იგუასუ-ფლუმინენსე 0:3
გოლები: 0:1 ვაგნერი (82), 0:2 ვაგნერი (90).
ბოტაფოგო-დუკე დე კაშიასი 3:0
გოლები: 1:0 ანდრეზინიო (27), 2:0 ბოლივარი (30), 3:0 ანტონიო კარლოსი (37).
ოლარია-აუდაქს რიო 0:0
ფრიბურგენსე-ბანგუ 2:1
რესენდე-მადურეირა 1:1
მაკაე-ვოლტა რედონდა 1:2
კარიოკას პირველ ტურში ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა: რიოს ოთხივე გრანდმა მოიგო.
"ფლამენგომ" ერნანის დუბლის წყალობით "კისამას" მოუგო. ეს გუნდიც, ზემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი კლუბის არ იყოს, ბრაზილიის ჩემპიონატში არ მონაწილეობს და ამასთან ერთად, კარიოკას უმაღლესი ლიგის დებიუტანტიც არის.
მოიგო "ვასკო და გამამ", რომელმაც სტუმრად "ბოავიშტა" გაანადგურა. პირველი გოლი "პორტუს" და "ვერდერის" ყოფილმა ნახევარმცველმა კარლოს ალბერტომ გაიტანა, რასაც "ბენფიკას" ყოფილი ფეხბურთელის, ედერ ლუიშის და ბერნარდოს გოლები მოჰყვა.
გაუჭირდა ბრაზილიის ჩემპიონს, რომელმაც "ნოვა იგნასიუს" გოლები მატჩის ბოლო 10 წუთში გაუტანა – დუბლით თავი ვაგნერმა გამოიჩინა. იოლი 3 ქულა ჩაიწერა "ბოტაფოგომ", ვინც ანდრეზინიოს, "ინტერნასიონალიდან" გადმოსული ბოლივარის და ანტონიო კარლოსის გოლებით იმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნეიმარი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელია