"ნუ გაგიკვირდებათ, თუ სასტარტო შემადგენლობაში იმ ფეხბურთელს ვერ აღმოაჩენთ, ვინც გგონიათ, რომ თამაშს თავიდანვე დაიწყებს. მთავარია, რომ ორივე ტაიმი თანაბრად კარგად ჩავატაროთ, რადგან ინგლისის ნაკრებს 90 წუთის განმავლობაში უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში,"- თქვა "ფელიპაომ".
64 წლის სპეციალისტს, რომელმაც 2002 წელს ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ნაკრების ფეხბურთელებს პირველად ორშაბათს შეხვდა
"მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მომწონს მათი თამაშის სტილი. გარდა ამისა, შესანიშნავად გავუგე კარლოს ალბერტო პარეირას, რომელიც ჩემსავით თვლის, რომ ჩვენთვის ამხანაგური თამაში არ არსებობს, რადგან ყველა შეხვედრა მუნდიალისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ".
"უემბლიზე" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს რონალდინიოც გაესაუბრა და მეტოქის ბანაკიდან რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია:
"უეინ რუნი არის ფეხბურთელი, რომელიც მე ძალიან მომწონს. მსოფლიოში არ არსებობს ნაკრები, რომელიც რუნის დამატებით არ გაძლიერდებოდა. ასევე, ძალიან მომწონს ეშლი კოული, რომელიც უკვე წლებია, ასეთ დონეზე თამაშობს და ვერ ვიხსენებ, რომ ის რომელიმე ვარსკვლავს დაეჩაგროს".
ინგლისელი ფეხბურთელების გარდა, რონიმ ნეიმარზეც ისაუბრა, რომელსაც 5 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა (21 წლის გახდა). სხვათა შორის, "სანტოსის" ვარსკვლავმა "სელესაოში" ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
"ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა მასთან ერთად თამაშის საშუალება. ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში მესის და კრიშტიანო რონალდოს ეპოქაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ნეიმარი გახდება," – განაცხადა 32 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიო "სელესაოში" 18-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მის გარდა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ნაკრებში ასევე ლუიშ ფაბიანო და ჟულიო სეზარი დააბრუნა.
გამოძახებულ ფეხბურთელთაგან სკოლარის დავიდ ლუისი დააკლდება, რომელმაც იანვრის ბოლოს წვივის კუნთი იღრძო და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. ასევე, არ იქნება კაკა, რომელიც საბოლოო განაცხადში მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა.
ინგლისის და ბრაზილიის ნაკრები გუნდები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ და აქედან ინგლისმა მხოლოდ სამი მოიგო (9 ფრე, 11 მატჩი კი ბრაზილიამ მოიგო). ბოლო გამარჯვება ბრიტანელებმა 1990 წელს მოიპოვეს, როდესაც შეხვედრის ერთადერთი გოლი გარი ლინეკერმა გაიტანა. მას შემდეგ "სელესაოს" ინგლისთან უკვე 8 მატჩია, არ წაუგია.
უკანასკნელად ინგლისი და ბრაზილია ერთმანეთს 2009 წელს დოჰაში შეხვდნენ და ის მატჩი ბრაზილიამ, ნილმარის გოლის წყალობით, 1:0 მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისის ნაკრები: ჰოჯსონმა ინგლისს უხმო