შვედეთი-არგენტინა. გამოხმაურება: არგენტინამ შვედეთი პირველად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
შეხვედრის 88-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:3 იყო, მოედანზე "ბარსელონას" ფორმაში გამოწყობილი "მესი" გამოვარდა, "არგენტინელ" მესისთან მიიჭრა და გულში ჩაიხუტა, შემდეგ თავზე აკოცა და როგორც ყოველთვის, დაგვიანებით გამოჩენილ სამართალდამცავებს მშვიდობიანად ჩაბარდა.

არა, ეს "ჯიმი ჯამპი" არ იყო, მაგრამ მის მსგავსად, ეს ადამიანიც "ბარსელონას" და მესის დიდი თაყვანისმცემელი აღმოჩნდა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მომენტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში და ამისთვის ჯარიმის გადახდა ნამდვილად ღირ
და.

თავად თამაში ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. გარდა გატანილი ხუთი გოლისა, გუნდებს უამრავი მომენტი ჰქონდათ და საბოლოო შედეგი შეიძლებოდა გაცილებით დიდი ყოფილიყო. პირველ 23 წუთში მაყურებელმა ოთხი გოლი იხილა. ჯერ დი მარია-იგუაინის კომბინაციის შემდეგ მიკაელ ლუსტიგმა საკუთარი კარი დალაშქრა, რასაც კიმ კალსტრიომის კუთხური და იონას ოლსონის შედეგიანი თავური დარტყმა მოჰყვა. სხვათა შორის, ოლსონმა ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

"ვესტ ბრომვიჩის" მცველის გოლიდან ერთი წუთი იყო გასული, როდესაც დი მარიას გადაცემის შემდეგ ისაკსონთან პირისპირ დარჩენილმა აგუერომ კვლავ არგენტინა დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ პასის მომენტში "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. სამაგიეროდ, თამაშგარეში არ იყო იგუაინი, რომელმაც ლიონელ მესის დარტყმის შემდეგ ისაკსონის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ანგარიში 1:3 გახადა.

საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა ლეო მესიმ, რომელიც არგენტინის ნაკრების ლამის ყველა შეტევის ორგანიზატორი იყო, თუმცა "პულგამ" ტაბლოზე საკუთარი გვარის დაფიქსირება ვერ მოახერხა, არადა, ამის შესანიშნავი შანსი ჰქონდა – მეორე ტაიმში მესი მეკარესთან პირისპირ დარჩა, ცარიელ კართან მდგარი იგუაინისთვის გადაცემის გაკეთების ნაცვლად, "ბარსელონელმა" ისაკსონს ბურთი თავზე გადაუგდო და თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ "ქასიმფაშას" კიპერმა მცირე საოცრება მოახდინა, ბურთს კარის ხაზზე მიასწრო და ე.წ. მაკრატელათი მოიგერია.

შვედებიდან ასეთი ტრიუკები ყველაზე კარგად ზლატან იბრაჰიმოვიჩს გამოსდის, რომელზეც ჯერ არაფერი გვითქვამს, არადა, შვედეთი-არგენტინის დაპირისპირების მთავარი ინტრიგა სწორედ იბრა-მესის დუელი იყო. ზლატანმა პირველ წუთებში იაქტიურა, პარტნიორებს მომენტებიც შეუქმნა, მაგრამ შემდეგ ჩრდილში მოექცა, მეორე ტაიმში კი მოედანზე საერთოდ არ გამოსულა, რადგან მის კლუბ "პარი სენ ჟერმენს" პარასკევს საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი ელის, რის გამოც პარიზელებმა შვედთა დამრიგებელ ერიკ ჰამრენს იბრას მხოლოდ ერთი ტაიმით დატვირთვა სთხოვეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში ბევრი ცვლილება განხორციელდა, მაგრამ მომენტები მაინც იქმნებოდა, თუმცა გოლი მხოლოდ 95-ე წუთზე ვიხილეთ, როდესაც რასმუს ელმმა, თავის სტილში, შორეული საჯარიმო დარტყმით სერხიო რომეროს აჯობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

არგენტინამ შვედების დამარცხება ისტორიაში პირველად მოახერხა. აქამდე ამ გუნდებს სულ ორი შეხვედრა ჰქონდათ გამართული: 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედებმა 3:2 მოიგეს, 2002 წლის არგენტინელთათვის ავადგასახსენებელი მატჩი კი 1:1 დასრულდა. სხვათა შორის, 7 თებერვალს შვედების რიგებში ერთი ისეთი ფეხბურთელი იყო, ვინც იმ მატჩში ითამაშა. საუბარი, რა თქმა უნდა, "ალბისელესტეს" დამაქცევარ ანდერს სვენსონზე გვაქვს, რომელმაც იმ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. 37 წლის სვენსონმა, 7 თებერვალს ნაკრებში 138-ე თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ლეგენდარულ ტომას რაველის ჩამორჩება, რომელმაც "ტრე კრუნურის" კარი 143-ჯერ დაიცვა.

მატჩის შემდეგ მესიმ ჟურნალისტებთან არგენტინის ნაკრების მიზნებსა და პროგრესზე ისაუბრა:
"წელსაც იგივე მიზანი გვაქვს, რაც შარშან გვქონდა. გვსურს, რომ კვლავ კარგად ვითამაშოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ და ვცდილობთ, რომ ერთიან, ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდეთ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით წინ მივდივართ, რასაც ჩვენი თამაშით ვამტკიცებთ".

მესიმ ის ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც ისაკსონმა "იიბრაჰიმოვიჩა" და ბურთი "მაკრატელათი" მოიგერია: "ვფიქრობ, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და გოლი უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ნაკრებმა მოიგო".

VideoSportall.Ge
შვედეთი - არგენტინა 2:3


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[შვედეთი-არგენტინის წინ] ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მესი ინდივიდუალურად ყველაზე მაგარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული