არგენტინაში ტორნეო ფინალი დაიწყო და პირველივე ტურში საოცარი შეხვედრის მომსწრენი გავხდით. "ბომბონერაზე", სადაც "ბოკა ხუნიორსი" "კილმესს" მასპინძლობდა, საზეიმო განწყობა იყო შექმნილი და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველი და უმთავრესი კარლოს ბიანკის ხელახალი დებიუტი იყო - მოგეხსენებათ, "ბოკას" ლეგანდარული მწვრთნელი შარშან დაბრუნდა და ლიბერტადორესის თასის 6-გზის მფლობელი მისი ხელმძღვანელობით პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა.
გარდა ამისა, შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუან რომან რიკელმე "ბოკაში" ბრუნდებოდა, რამაც გულშემატკივრები აღაფრთოვანა. რიკელმე შეხვედრას დაესწრო.
"კილმესმა" მრისხანე მეტოქე
მეორე ტაიმში მასპინძლებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და გილერმო ბურდისომ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ დადგა ორწუთიანი მონაკვეთის დრო, რომელიც "ბოკას" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება: 79-ე წუთზე შეტევაში გადასულ მასპინძლებს "კილმესის" კონტრიერიში გამოეპარათ, რასაც საბოლოოდ მათ კარში პენალტის დანიშვნა და მატიას კარუსოს გაძევება მოჰყვა.
ეპიზოდის გმირი "ბოკას" კაპიტანი აგუსტინ ორიონი გახდა, რომელმაც მარტინ კაუტერუჩიოს დარტყმა მოიგერია, ხოლო ამ მომენტიდან ერთ წუთში ლაუტარო აკოსტამ კუთხური მოაწოდა, გილერმო ბურდისომ კი ბურთი, მიწაზე დაუშვებლად, კარის შორეული "ცხრიანისკენ" გაგზავნა. გოლი იმდენად ლამაზი იყო, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში 2:3 გამხდარიყო, ორიონის და გილერმო ბურდისოს ბრწყინვალე გარჯის წყალობით, 10-კაციანმა "ბოკა ხუნიორსმა" კარლოს ბიანკის დაბრუნება არ ჩაუმწარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
რასინგის გარდა, ყველა ფავორიტმა მოიგო
რევანში აიღო "რივერ პლეიტმაც", ვინც სტუმრად "ბელგრანოს" მოუგო. შეგახსენებთ, რომ სწორედ "ბელგრანოსთან" წაგების შემდეგ გავარდა "რივერი" პრიმერა დივიზიონიდან, ხოლო დაბრუნებისთანავე ისევ "ბელგრანოს" შეხვდა და იქაც დამარცხდა.
ამჯერად რამონ დიასის შეგირდებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ 47-ე წუთზე ლეონარდო პონსიო გაუძევეს, სამი ქულის აღება შეძლეს. ახალ გუნდში სადებიუტო მატჩში გაიტანა "ნიუელსიდან" გადმოსულმა ლეონელ ვანხიონიმ. სტუმართა მხრიდან მეორე გოლი კარლოს ლუნას ანგარიშზეა.
ჩემპიონატი მოგებით დაიწყო "ველესმა", რომლის რიგებშიც არ გამოჩენილა ფერნანდო გაგო, რადგან შვედეთიდან არგენტინაში გვიან ჩავიდა. დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმის მიმდინარეობისას შუქი ჩაქრა, რის გამოც შეხვედრა 25 წუთით შეწყდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ლუკას პრატომ შორეული დარტყმით გაიტანა – გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა და რომ არა გილერმო ბურდისო, ტურის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი უდავოდ პრატო იქნებოდა.
ახალი ჩემპიონატი დუბლით დაიწყო წინა პირველობის თანაბომბარდირმა იგნასიო სკოკომ, რომლის "ნიუელსმაც", მიუხედავად გუნდიდან ვანხიონის და სპერდუტის (პალერმოში) წასვლისა, სტუმრად "ინდეპენდიენტეს" მოუგო. ამერიკო გალიეგოს გუნდს, ტორნეო ინისიალის ჩათვლით, უკვე 9 შეხვედრაა, არ მოუგია და გასავარდნ ზონაში ფეხი მყარად აქვს მოკიდებული.
რაფაელას "ატლეტიკომ" პირველობის ერთ-ერთი ფავორიტი, "რასინგი" გაანადგურა. სტუმრებს ტრავმირებული ადრიან სენტურიონი არ ჰყავდათ. სამაგიეროდ, დებიუტი ჰქონდა მარიო ბოლატის, რომელიც არგენტინაში "ინტერნასიონალიდან" დაბრუნდა.
"ატლეტიკომ" ჩემპიონატის დაწყების წინ სესარ კარინიანო დაკარგა, რომელიც მეორე დივიზიონის "პატრონატოში" გადავიდა და მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ლუის სუბელდიას გუნდი მიწასთან გაასწორეს.
ვერ მოიგო კლაუსურა 2012 წლის გამარჯვებულმა "არსენალმა", რომელიც საბოლოოდ ფრითაც კმაყოფილი დარჩა, რადგან სარანდელებმა ანგარიში 94-ე წუთზე გაათანაბრეს, თანაც მაგ დროისთვის მოედანზე უკვე 9 კაცით იყვნენ. "უნიონი" მართლაც წყალწაღებულია – ამ გუნდს უკვე 24 (!) მატჩია, არ მოუგია.
არგენტინა. ტორნეო-ფინალი. I ტური
უნიონი-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 ალემანი (7), 1:1 ბენედეტო (90).
გაძევება: ლუგუერსიო (78. არსენალი), დ. პერესი (90. არსენალი).
არ. ხუნიორსი-ველესი 0:1
გოლები: 0:1 პრატო (34).
ოლ ბოისი-გოდოი კრუსი 1:1
გოლები: 0:1 ფ. კასტილიონი (45), 1:1 აჰუმადა (77).
ესტუდიანტესი-ტიგრე 1:3
გოლები: 1:0 გელაბერტი (9), 1:1 ბოტა (28), 1:2 დონატი (45), 1:3 პენიალბა (76).
ბოკა-კილმესი 3:2
გოლები: 0:1 ვ. ოლივერა (5), 0:2 მენენდესი (9), 1:2 ერვიტი (38), 2:2 გ. ბურდისო (68), 3:2 გ. ბურდისო (81).
გამოუყენებელი პენალტი: კაუტერუჩიო (80. კილმესი)
გაძევება: კარუსო (79. ბოკა)
ატლ. რაფაელა-რასინგი 3:0
გოლები: 1:0 ბოვალიო (28-პენ), 2:0 გრაცინი (45-პენ), 3:0 ხ. ლოპესი (49).
ინდეპენდიენტე-ნიუელსი 1:3
გოლები: 0:1 სკოკო (17), 1:1 ტულა (21), 1:2 სკოკო (77), 1:3 პ. პერესი (82).
ბელგრანო-რივერი 1:2
გოლები: 0:1 ვანხიონი (68), 0:2 ლუნა (88), 1:2 ფარე (90).
გაძევება: პონსიო (47. რივერი)
სან მარტინი-სან ლორენსო 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: გაგრძელებული და შეწყვეტილი სერიები