54-ე ლიბერტადორესის თასი დაიწყო

AutoSharing Option
13 თებერვალს, გამთენიისას, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ლიბერტადორესის თასის 54-ე გათამაშება დაიწყო.

ლათინური ამერიკის "ჩემპიონთა ლიგა" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მაღალი დონის საკლუბო ტურნირია. წლევანდელ გათამაშებაში, ისევე, როგორც ბოლო წლებში, სამხრეთ ამერიკის 10 ქვეყნის კლუბების გარდა, მონაწილეობას ორი მექსიკური კლუბიც მიიღებს...

ისტორია
ლიბერტადორესის თასის პირველი გათამაშება 1960 წელს ჩატარდა და მასში სულ შვიდმა კლუბმა ("სან ლორენსო", "ბაია", "ხორხე ვილსტერმანი", "უნივერსიდად დე ჩილე", "მილიონარიოსი", "ოლიმპია" და "პენიაროლი") ითამაშა. საბოლოოდ, გამარჯვება ურუგვაულ "პენიაროლს" დარჩა, რომელმაც ფინალში პარაგვაის "ოლიმპიას" მოუგო (1:0, 1:1). 60-70-იან წლებში
მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობას პირდაპირ 1/2-ფინალიდან იწყებდა. ამის გამო ჩემპიონი ტიტულის შენარჩუნებას ხშირად ახერხებდა.

ტურნირს "კოპა ლიბერტადორესი" 1966 წელს ეწოდა. ამით საფეხბურთო ჩინოვნიკებმა პატივი მიაგეს ადამიანებს, ვინც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დამოუკიდებლობისთვის (განთავისუფლებისთვის), ესპანეთთან და პორტუგალიასთან იბრძოდნენ. სხვა ბევრ პიროვნებასთან ერთად, ყველაზე ცნობილი "ლიბერტადორესები" არიან: სიმონ ბოლივარი, ხოსე დე სან მარტინი, ხოსე არტიგასი, ბერნადრო ოჰიგინსი, პედრო I, მანუელ ბელგრანო და სხვები.

ლიბერტადორესის თასის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "ინდეპენდიენტე" გახლავთ, რომელმაც ტურნირის მოგება 7-ჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ "ინდეპენდიენტეს" სულ 7 ფინალი აქვს ნათამაშები. ისე, საინტერესო დამთხვევაა: ტურნირს "გამათავისუფლებლები" ჰქვია, ყველაზე ტიტულოვან გუნდს კი "თავისუფლება"...

ლირიკული (ლინგვისტური) გადახვევის შემდეგ ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ... ტიტულების მიხედვით, მეორე ადგილზე "ბოკა ხუნიორსია" (6-გზის ჩემპიონი), რომელსაც ლეგენდარული კარლოს ბიანკი დაუბრუნდა, ვინც ამ ტურნირის რეკორდსმენია – ბიანკი არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ლიბერტადორესის თასი 4-ჯერ მოიგო (ერთხელ "ველეს სარსფილდში", სამჯერ "ბოკაში").

5-გზის ჩემპიონი "პენიაროლი" გახლავთ, ხოლო 4-ჯერ გამარჯვება "ესტუდიანტესმა" შეძლო. როგორც ხედავთ, ყველაზე ტიტულოვანი ოთხი გუნდიდან სამი არგენტინას წარმოადგენს. რა გასაკვირია, რომ ქვეყნებშიც არგენტინა ლიდერობს – მათ ანგარიშზე 22 საჩემპიონო ტიტულია. მეორე ადგილზეა ბრაზილია (16 ტიტული), მესამეზე კი ურუგვაი (8 ტიტული). მონაწილე ქვეყნებიდან - პერუს, მექსიკას, ბოლივიას და ვენესუელას გამარჯვებული არასდროს ჰყოლიათ.

ფავორიტები და ვარსკვლავები

ბრაზილიელები
ბოლო სამი ტურნირი ბრაზილიურმა კლუბებმა მოიგეს, შესაბამისად, წელსაც მთავარ ფავორიტებად მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონთა ქვეყნის კლუბები მიიჩნევიან. სულ წლევანდელ ლიბერტადორესის თასზე 6 ბრაზილიური გუნდი ითამაშებს. ჩვენი აზრით, საბოლოო წარმატების ყველაზე ნაკლები შანსი სერია "ა"-დან გავარდნილ "პალმეირასს" და "ატლეტიკო მინეიროს" აქვთ. კი, ამ უკანასკნელს რონალდინიო და ჟო ჰყავს, მაგრამ საეჭვოა, ეს საკმარისი იყოს.

ერთ-ერთი ფავორიტია მოქმედი ჩემპიონი "კორინთიანსი", რომელმაც ყველა წამყვანი ფეხბურთელი (კასიო, ალესანდრო, ჩიკაო, რალფი, პაულინიო, დანილო, გერერო, ემერსონ შეიკი, რომარინიო) შეინარჩუნა და გუნდი ალეშანდრო პატოთი, რენატო აუგუსტოთი და ჟილით გააძლიერა.

გამარჯვებისთვის იბრძოლებს ბრაზილიის 2012 წლის ჩემპიონი "ფლუმინენსეც", რომელმაც საკუთარი რიგები სამი გამოცდილი ფეხბურთელით, ფაბიან მონსონით (ლიონიდან), ველინგტონ სილვათი (ფლამენგოდან) და ფელიპეთი (ვასკო და გამადან) შეავსო. გარდა ამ მოთამაშეებისა, "ფლუმ" ყველა ლიდერი შეინარჩუნა (ფრედი, ტიაგო ნევეში, დეკუ, რაფაელ სობისი, ველინგტონ ნემი და ა.შ.)

ძალიან გაძლიერდა "გრემიო", რომელმაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდში მყოფ ვარსკვლავებს (ზე რობერტო, ელანო, მარსელო მორენო, ფაბიო აურელიო) არაერთი ცნობილი ფეხბურთელი დაუმატა. ვანდერლეი ლუშემბურგომ, იანვარ-თებერვალში მეკარე დიდა, მცველები კრისი და ანდრე სანტოსი და სამი გამოცდილი ფორვარდი, ერნან ბარკოსი (პალმეირასიდან), ველინტონი (სპარტაკიდან) და ედუარდო ვარგასი (ნაპოლიდან) შეიძინა.

ლუკას მოურას დაკარგვის მიუხედავად, მეოთხე საჩემპიონო ტიტულისთვის იბრძოლებს 2012 წლის კოპა სუდამერიკანას გამარჯვებული "სან პაულო". პსჟ-ში წასულ ლუკასს პაულო ენრიკე განსო შეცვლის, ხოლო დაცვის ხაზს ლუსიო გაამაგრებს.

არგენტინელები
ჩემპიონობისთვის იბრძოლებს მონაწილეთა შორის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "ბოკა ხუნიორსი". კარლოს ბიანკიზე უკვე ვთქვით. გარდა ამისა, გუნდში ბრუნდება ხუან რომან რიკელმე. "ბოკამ" ზამთარში "კორინთიანსიდან" ხუან მანუელ მარტინესი დაიმატა, რომელიც გუნდს უმალვე შეეწყო. შემადგენლობის მიხედვით (სანტიაგო სილვა, ლეანდრო სომოსა, გილერმო ბურდისო, აგუსტინ ორიონი, ვალტერ ერვიტი, ლეანდრო პარედესი, ლაუტარო აკოსტა, პაბლო ლედესმა, კლემენტე როდრიგესი, გილერმო "პოლ" ფერნანდესი, ლუკას ვიატრი, დიეგო რივერო, ნიკოლას ბლანდი, ხუან სანჩეს მინიო), ბიანკის გუნდი მთელ კონტინეტზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

ფავორიტებში უნდა ჩავწეროთ არგენტინის მოქმედი ჩემპიონი "ველეს სარსფილდი", რომელმაც ზამთარში ნახევარდაცვა ფერნანდო გაგოთი გააძლიერა.
რთული სათქმელია, მოკლე სათადარიგო სკამის გამო რამდენად შორს წავა "ნიუელსი", მაგრამ ამ გუნდს, ხერარდო მარტინოს სახით, შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. როსარიოელებს არც გამოცდილი ფეხბურთელები აკლიათ. გაბრიელ ჰაინცე, მაქსი როდრიგესი, ლუკას ბერნარდი, მარკოს კასერესი, იგნასიო სკოკო – ასეთი ფეხბურთელებით "ნიუელსს" ბევრი გუნდის გამწარება შეუძლია.

"ტიგრეს" და "არსენალის" შანსები ამ მომენტისთვის მცირეა, მაგრამ ვინ იცის, ბევრი არც შარშან ელოდა იმას, რომ "ტიგრე" კოპა სუდამერიკანას ფინალში გავიდოდა...

სხვები
ტრადიციულად, ძლიერი გუნდები ჰყავთ "პენიაროლსა" და "ნასიონალს". ორივე ურუგვაულ კლუბს დამსახურებული ვეტერანები ემსახურებიან. "ნასიონალის" ღირსებას ალეხანდრო ლემბო, "ესპანიოლიდან" განათხოვრებული ხუან ალბინი, "შალკეს" ყოფილი ფორვარდი ვისენტე სანჩესი, უბერებელი სებასტიან "ლოკო" აბრეუ, "რუბინის" ყოფილი მცველი ანდრეს სკოტი და თვით ალვარო რეკობა იცავენ.

"პენიაროლის" რიგებში კი "შალკეს" და "ლეჩეს" ყოფილი ფეხბურთელი კარლოს გროსმიულერი, ფაბიან ესტოიანოფი, პარაგვაის ნაკრების წევრი აურელიანო ტორესი, კიდევ ერთი ყოფილი "შალკელი" დარიო როდრიგესი და "ბარსელონა"-"რეალის" რისხვა, მარსელო სალაიეტა თამაშობენ.

საინტერესო და კარგი შემადგენლობა ჰყავს ეკვადორის მოქმედ ჩემპიონ გუაიაკილის "ბარსელონას". ეკვადორის ნაკრების წევრების გარდა (ფრიკსონ ერასო, მაიკლ აროიო, ხუან კარლოს პარედესი), "ბარსა" გამოცდილი არგენტინელებით გაძლიერდა – ეკვადორელებმა "ლანუსიდან" გონსალო კასტილიეხოსი, "გოდოი კრუსიდან" ნიკოლას ოლმედო, ხოლო "ლდუ კიტოდან" სანტანდერის "რასინგის" ყოფილი ფორვარდი, არიელ ნაუელპანი შეიძინეს.

ბოლო ერთ წელიწადში ძალიან დასუსტდა "უნივერსიდად დე ჩილე", რომელმაც ამ პერიოდში გუნდიდან ედუარდო ვარგასი, მარკოს გონსალესი, გუსტავო კანალესი, მარსელო დიასი, ჯუნიორ ფერნანდესი, ანხელო ენრიკესი და მატიას როდრიგესი გაუშვა. ამ ფეხბურთელების დახმარებით, ჩილეს ერთ-ერთმა გრანდმა 2011 წელს კოპა სუდამერიკანა მოიგო. აი, დღევანდელი შემადგენლობით, გუნდს შესაძლოა ჯგუფიდან გასვლაც კი გაუჭირდეს.

ტრადიციულად, მაღალმთიან რეგიონებში თამაში რთული იქნება, თუმცა ბოლივიის, პერუს და ეკვადორის გუნდებს ამის გამო ტურნირის მოგების შანსი ნამდვილად არ ექნებათ.

2013 წლის კოპა ლიბერტადორესს რამდენიმე გამორჩეული გუნდი დააკლდება: "რივერ პლეიტი", "ინდეპენდიენტე", "კოლო კოლო", "სანტოსი", "ინტერნასიონალი" "უნივერსიდად კათოლიკა", "ლდუ კიტო" (შესარჩევში "გრემოსთან" წააგო)... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტურნირი ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს.

ჯგუფები
I ჯგუფი: "ბარსელონა" (ეკვადორი), "ნასიონალი" (ურუგვაი), "ბოკა ხუნიორსი" (არგენტინა), "ტოლუკა" (მექსიკა).
II ჯგუფი: "სპორტინგ კრისტალი" (პერუ), "ლიბერტადი" (პარაგვაი), "პალმეირასი" (ბრაზილია), "ტიგრე" (არგენტინა).
III ჯგუფი: "არსენალი" (არგენტინა), "სტრონგესტი" (ბოლივია), "ატლეტიკო მინეირო" (ბრაზილია), "სან პაულო" (ბრაზილია).
IV ჯგუფი: "ველეს სარსფილდი" (არგენტინა), "პენიაროლი" (ურუგვაი), "ემელეკი" (ეკვადორი), "დეპორტეს იკიკე" (ჩილე).
V ჯგუფი: "კორინთიანსი" (ბრაზილია), "სან ხოსე" (ბოლივია), "მილიონარიოსი" (კოლუმბია), "ტიხუანა" (მექსიკა).
VI ჯგუფი: "სანტა ფე" (კოლუმბია), "სერო პორტენიო" (პარაგვაი), "რეალ გარკილასო" (პერუ), "დეპორტეს ტოლიმა" (კოლუმბია).
VII ჯგუფი: "დეპორტივო ლარა" (ვენესუელა), "უნივერსიდად დე ჩილე" (ჩილე), "ნიუელს ოლდ ბოისი" (არგენტინა), "ოლიმპია" (პარაგვაი).
VIII ჯგუფი: "ფლუმინენსე" (ბრაზილია), "უაჩიპატო" (ჩილე), "კარაკასი" (ვენესუელა), "გრემიო" (ბრაზილია).

ყველა გამარჯვებული
1960 – პენიაროლი (ურუ)
1961 – პენიაროლი (ურუ)
1962 – სანტოსი (ბრა)
1963 – სანტოსი (ბრა)
1964 – ინდეპენდიენტე (არგ)
1965 – ინდეპენდიენტე (არგ)
1966 – პენიაროლი (ურუ)
1967 – რასინგი (არგ)
1968 – ესტუდიანტესი (არგ)
1969 – ესტუდიანტესი (არგ)
1970 – ესტუდიანტესი (არგ)
1971 – ნასიონალი (ურუ)
1972 – ინდეპენდიენტე (არგ)
1973 – ინდეპენდიენტე (არგ)
1974 – ინდეპენდიენტე (არგ)
1975 – ინდეპენდიენტე (არგ)
1976 – კრუზეირო (ბრა)
1977 – ბოკა ხუნიორსი (არგ)
1978 – ბოკა ხუნიორსი (არგ)
1979 – ოლიმპია (პარ)
1980 – ნასიონალი (ურუ)
1981 – ფლამენგო (ბრა)
1982 – პენიაროლი (ურუ)
1983 – გრემიო (ბრა)
1984 – ინდეპენდიენტე (არგ)
1985 – არხენტინოს ხუნიორსი (არგ)
1986 – რივერ პლეიტი (არგ)
1987 – პენიაროლი (ურუ)
1988 – ნასიონალი (ურუ)
1989 – ატლეტიკო ნასიონალი (კოლ)
1990 – ოლიმპია (პარ)
1991 – კოლო კოლო (ჩილ)
1992 – სან პაულო (ბრა)
1993 – სან პაულო (ბრა)
1994 – ველეს სარსფილდი (არგ)
1995 – გრემიო (ბრა)
1996 – რივერ პლეიტი (არგ)
1997 – კრუზეირი (ბრა)
1998 – ვასკო და გამა (ბრა)
1999 – პალმეირასი (ბრა)
2000 – ბოკა ხუნიორსი (არგ)
2001 – ბოკა ხუნიორსი (არგ)
2002 – ოლიმპია (პარ)
2003 – ბოკა ხუნიორსი (არგ)
2004 – ონსე კალდასი (კოლ)
2005 – სან პაულო (ბრა)
2006 – ინტერნასიონალი (ბრა)
2007 – ბოკა ხუნიორსი (არგ)
2008 – ლდუ კიტო (ეკვ)
2009 – ესტუდიანტესი (არგ)
2010 – ინტერნასიონალი (ბრა)
2011 – სანტოსი (ბრა)
2012 – კორინთიანსი (ბრა)

სულ: 7 – "ინდეპენდიენტე" (არგ); 6 – "ბოკა ხუნიორსი" (არგ); 5 – "პენიაროლი" (ურუ); 4 – "ესტუდიანტესი" (არგ); 3 – "ნასიონალი" (ურუ), "ოლიმპია" (პარ), "სან პაულო" (ბრა), "სანტოსი" (ბრა); 2 – "რივერ პლეიტი" (არგ), "გრემიო" (ბრა), "კრუზეირო" (ბრა), "ინტერნასიონალი" (ბრა); 1 – "პალმეირასი" (ბრა), "ატლეტიკო ნასიონალი" (კოლ), "კოლო კოლო" (ჩილ), "რასინგი" (არგ), "ფლამენგო" (ბრა), "არხენტინოს ხუნიორსი" (არგ), "ველეს სარსფილდი" (არგ), "ვასკო და გამა" (ბრა), "ონსე კალდასი" (კოლ), "ლდუ კიტო" (ეკვ), "კორინთიანსი" (ბრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: სამგზის გამარჯვებული და პრაქტიკულად დებიუტანტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული