ლიბერტადორესის თასი: განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე

AutoSharing Option
ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ლიბერტადორესის თასის 54-ე გათამაშება დაიწყო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე "ნასიონალი" და ეკვადორის მრავალგზის ჩემპიონი, გუაიაკილის "ბარსელონა" წარსდგნენ. მატჩის წინ ფავორიტად "ნასიონალი" მიიჩნეოდა, მაგრამ შეხვედრა მასპინძლებისთვის ძალიან მოულოდნელად დაიწყო.

26-ე წუთისთვის ეკვადორელები, არგენტინელი ფეხბურთელების კარგი თამაშის წყალობით, ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. სტუმრები მე-18 წუთზე დამიან დიასის ულამაზესი გოლის წყალობით დაწინაურდნენ, რასაც 8 წუთში სანტანდერის "რასინგის" ყოფილი ფორვარდის, არიელ ნაუელპანის გოლი მოჰყვა.

ურუგვაელები შერცხვენას ცვლილებაზე გამოსულმა ვეტერანებმა გადაარჩინეს. 69-ე წუთზე თავი სებასტიან "ლოკო" აბრეუმ გამოიჩინა, რომელმაც კუთხურის შემდეგ იხეირა, ხოლო
არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე, კიდევ ერთმა ცვლილებაზე გამოსულმა დამსახურებულმა ვეტერანმა ალვარო რეკობამ, "ალავესის", "მურსიას" და "ესპანიოლის" ყოფილ ფორვარდ ივან ალონსოს ბურთი თავზე დაასვა - ეს უკანასკნელიც არ დაიბნა და "ბარსას" მეკარე მაქსიმო ბანგერას შანსი არ დაუტოვა.

ამ ორი გუნდის გარდა, ჯგუფში "ბოკა ხუნიორსი" და მექსიკური "ტოლუკა" ასპარეზობენ. დაგვეთანხმებით, რომ საქმე ე.წ. სიკვდილის ჯგუფთან გვაქვს, სადაც თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება და ვინ იცის, როგორ წაადგებათ ბოლო წამებზე მოპოვებული ეს ქულა ურუგვაელებს და პირიქით, შესაძლოა ეს დაკარგული ორი ქულა "ბარსელონას" ფეხბურთელებს მწარედ გაახსენდეთ.

"ბარსელონასგან" განსხვავებით, გუაიაკილის მეორე გუნდმა "ემელეკმა" ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ეკვადორის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერის მეტოქე არგენტინის მოქმედი ჩემპიონი, "ველეს სარსფილდი" იყო. მოგეხსენებათ, ეკვადორის ბევრი ქალაქი მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს (მაგალითად, დედაქალაქი კიტო ზღვის დონიდან 2 800 მეტრის სიმაღლეზეა) და გაიშვიათებული ჰაერის გამო სტუმარ გუნდებს იქ თამაში უჭირთ.

თუმცა ეს არ ეხება გუაიაკილს, ეკვადორის ყველაზე დასახლებულ ქალაქს, რომელიც ზღვის დონიდან მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, "ემელეკი" ბევრს ფავორიტად მიაჩნდა და საბოლოოდ, მასპინძლებმა სტატუსი გაამართლეს.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, გამარჯვებულის ბედი კი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა...

ბოლო პერიოდში თავდამსხმელების მიერ გატანილი ავტოგოლები მომრავლდა (უოლტერსი, რონალდო). ამ მატჩშიც ანალოგიური შემთხვევის მომსწრენი გავხდით. შეხვედრის 50-ე წუთზე ეკვადორელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ სტუმრები სიტუაციაში კარგად ვერ გაერკვნენ, საბოლოოდ ბურთი არგენტინის ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ ფაკუნდო ფერეირას მოხვდა და რიკოშეტით სებასტიან სოსას კარში აღმოჩნდა.

ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში "ველესს" მცველი ფერნანდო ტობიო გაუძევეს და 10-კაციანმა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "უნივერსიდად დე ჩილემ", რომელმაც ლიდერების დაკარგვის მიუხედავად, ვენესუელის კლუბ "დეპორტივო ლარას" საკმაოდ იოლად მოუგო. მასპინძლების მხრიდან დუბლი ახალგაზრდა სებასტიან უბილიამ შეასრულა.

ჯგუფური ეტაპი. I ტური

I ჯგუფი

ნასიონალი-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 დ. დიასი (18), 0:2 ნაუელპანი (26), 1:2 აბრეუ (69), 2:2 ივან ალონსო (90).

IV ჯგუფი

ემელეკი-ველესი 1:0
გოლი: 1:0 ფ. ფერეირა (50-საკ. კარში).

VII ჯგუფი

უნ. დე ჩილე-დეპ. ლარა 2:0
გოლები: 1:0 უბილია (34), 2:0 უბილია (76).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
54-ე ლიბერტადორესის თასი დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული