არგენტინა. ტორნეო ფინალი. II ტური: მოუგებელი სერიების დასასრული

AutoSharing Option
ლიდერები
არგენტინის ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა "მონუმენტალზე" გაიმართა, სადაც "რივერ პლეიტმა" "ესტუდიანტესს" უმასპინძლა. სტუმრებს ცუდი პერიოდი უდგათ და ეს ამ თამაშშიც გამოჩნდა – დიეგო კანიას გუნდს რეალური საგოლე მომენტის შექმნა გაუჭირდა და ლოგიკურადაც დამარცხდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 32-ე წუთზე დავიდ ტრეზეგემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს პრიმერადივიზიონში მეორე გოლი იყო. პირველი ბურთი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შარშან, "ნიუელსს" (3:3) გაუტანა და აღსანიშნავია, რომ ეს ორი გოლი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა.

გუნდიდან მატიას ალმეიდას წასვლის შემდეგ "რივერ პლეიტმა" 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე
მოიგო. სულ კი "ლოს მილიონარიოსის" დაუმარცხებელი სერია უკვე 10 შეხვედრას მოიცავს – უკანასკნელად "რივერმა" 21 ოქტომბერს, "კილმესთან" წააგო. "ესტუდიანტესი" 0 ქულით მე-19 ადგილზეა, ხოლო რამონ დიასის გუნდი 6 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

"რივერის" გარდა, 6 ქულა ასევე "ლანუსს" აქვს, რომელიც შთამბეჭდავი ბურთების სხვაობის გამო ჩემპიონატის ლიდერია. გილერმო ბაროს შელოტოს ბიჭებმა წინა ტურში "კოლონი" გაანადგურეს (4:0), ამჯერად კი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "ნიუელს ოლდ ბოისი" იმსხვერპლეს.

სტუმართა მხრიდან გოლები სილვიო რომერომ და მარიო რეგეირომ გაიტანეს, პარაგვაელმა მარკოს კასერესმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით "ლანუსმა" "ნიუელსთან" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო სტუმრად "ლანუსს" "ძველი ბიჭები" ბოლოს 2006 წელს ჰყავდა დამარცხებული.

ლიბერტადორესის თასის გავლენა
მოგეხსენებათ, არგენტინიდან ლიბერტადორესის თასზე ხუთი კლუბი ("ველესი", "ბოკა ხუნიორის", "ტიგრე", "არსენალი" და "ნიუელსი") მონაწილეობს. ტორნეო ინისიალის მეორე ტურში ამ ხუთმა გუნდმა ჯამში ერთი მატჩიც ვერ მოიგო. "ნიუელსის" მარცხზე უკვე ვისაუბრეთ, "ტიგრემ" და "ბოკამ" კარგად დაისვენეს და მშვიდად, 0:0 ითამაშეს.

ანალოგიურად, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა "არსენალის" მატჩი, ხოლო "ველესმა" შინ "ინდეპენდიენტესთან" წააგო. როგორც ხედავთ, ლიბერტადორესის თასის მონაწილე გუნდებმა არამარტო თამაში ვერ მოიგეს, გოლიც კი ვერ გაიტანეს!

"ტიგრე"-"ბოკა ხუნიორსის" მატჩზე სათქმელი თითქმის არაფერი გვაქვს. მხოლოდ ერთი ფაქტიც საკმარისია: 90 წუთის განმავლობაში "ბოკამ" მეტოქის კარისკენ ზუსტად ერთხელაც (!) ვერ დაარტყა. ძალიან ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის დასრულდა თამაში ისე, რომ "ბოკას" კარში ერთი ზუსტი დარტყმაც არ ჰქონდა. თავი არც მასპინძლებს მოუკლავთ და საბოლოოდ, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ზედიზედ ოთხი მატჩის მოგების შემდეგ (წინა ჩემპიონატის ჩათვლით) წააგო "ველეს სარსფილდმა", თანაც გუნდთან, რომელსაც ხანგრძლივი წარუმატებელი სერია ჰქონდა და რომელთანაც "ველესს" 2007 წლის შემდეგ არ წაეგო. "ინდეპენდიენტეს", რომელიც გასავარდნ ზონაშია, ბოლო გამარჯვება 20 ოქტომბერს ჰქონდა მოპოვებული და მას შემდეგ ზედიზედ 9 შეხვედრაში არ ემარჯვა.

რა თქმა უნდა, ამ წყვილში ფავორიტად ყველას მოქმედი ჩემპიონი მიაჩნდა, თანაც თამაში სტუმრებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო და უკვე 22-ე წუთზე "ინდეპენდიენტე" მოედანზე 10 კაცით დარჩა – ხულიან ველასკესმა ამ პერიოდში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო. მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლო წუთზე მარჯვენა მცველმა კრისტიან ტულამ მასპინძლების კარი აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე ტაიმში, ბევრი მცდელობის მიუხედავად, რიკარდო გარეკას გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და დამარცხდა.

გაჭირვებულები
"კილმესმა", "ინდეპენდიენტეს" მსგავსად, 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და შინ "ოლ ბოისს" სძლია. ამ მოგების წყალობით, ომარ დე ფილიპეს გუნდი გასავარდნი ზონის ბოლოსწინა პოზიციაზე გადავიდა, თუმცა ჯერ მაინც მძიმე მდგომარეობაშია.

სამაგიეროდ, განწირულია "უნიონი", რომლის საცოდაობასაც ბოლო არ უჩანს. ამ ტურში "უნიონი" მენდოსას ეწვია, სადაც ბოლო დროს საშინელ ფორმაში მყოფი "გოდოი კრუსი" დაუხვდა (ბოლო 11 მატჩიდან "გოდოი კრუსს" 5 ფრედ ჰქონდა დასრულებული და 6 წაგებული). თითქოს ამაზე უკეთეს მეტოქეს "უნიონი" ვერც ინატრებდა. გარდა ამისა, სტუმრები უკვე მეორე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 26-ე წუთზე მასპინძლებს ემანუელ ინსუა გაუძევეს.

მიუხედავად იდეალური სიტუაციისა (საშინელ ფორმაში მყოფი მეტოქე, რომელიც მოედანზე 10 კაცით იყო და თანაც აგებდა), სანტა ფეს გუნდმა მოახერხა და ეს მატჩიც წააგო. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. შეხვედრის მეორე ნახევარში კაცი უკვე "უნიონს" გაუძევეს, ხოლო ბოლოსწინა წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა როდრიგო სალინასმა გამარჯვება მენდოსელებს მოუტანა, რითაც კიდევ ერთი მოუგებელი სერია დასრულდა.

რაც შეეხება "უნიონს": გუნდი გასავარდნ ზონაში ბოლო ადგილზეა და უიმედო სიტუაციაშია. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ამ გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამ გუნდს უკვე 25 (!) მატჩია, არ მოუგია.

არგენტინა. ტორნეო ფინალი. II ტური

რასინგი-არ. ხუნიორსი 2:0
გოლები: 1:0 ვიეტო (33), 2:0 პელეტიერი (75).

გოდოი კრუსი-უნიონი 2:1
გოლები: 0:1 ფრანსოია (2), 1:1 ნ. კასტრო (29), 2:1 სალინასი (89).
გაძევება: ემანუელ ინსუა (26. გოდოი კრუსი), სარმიენტო (69. უნიონი).

კოლონი-სან მარტინი 1:1
გოლები: 0:1 ხ. ლუნა (8), 1:1 ჟიგლიოტი (59-პენ).

ველესი-ინდეპენდიენტე 0:1
გოლი: 0:1 ტულა (45).
გაძევება: ველასკესი (22. ინდეპენდიენტე).

კილმესი-ოლ ბოისი 2:1
გოლები: 1:0 კობო (7), 2:0 მანსილია (61), 2:1 აჰუმადა (84).
ნიუელსი-ლანუსი 0:3
გოლები: 0:1 რომერო (14), 0:2 მ. კასერესი (42-საკ. კარში), 0:3 რეგეირო (48-პენ).

რივერი-ესტუდიანტესი 1:0
გოლი: 1:0 ტრეზეგე (32).

სან ლორენსო-ბელგრანო 0:0

ტიგრე-ბოკა 0:0

არსენალი-ატლ. რაფაელა 0:0

ბომბარდირები: 2 – აჰუმადა (ოლ ბოისი), გ. ბურდისო (ბოკა ხუნიორსი), რეგეირო (ლანუსი), რომერო (ლანუსი), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ტულა (ინდეპენდიენტე).

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

სარელეგაციო ცხრილი

 თ	ქ	საშ.
14. არ. ხუნიორსი 97 122 1.258
15. ატლ. რაფაელა 59 74 1.254
16. სან ლორენსო 97 119 1.127
17. სან მარტინი 59 67 1.136
18. ინდეპენდიენტე 97 110 1.134
19. კილმესი 21 22 1.048
20. უნიონი 59 58 0.983

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო-ფინალი. I ტური: თრილერი და დრამა "ბომბონერაზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული