ლიბერტადორესის თასი: ურუგვაელთა დღე

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასის სამ ჯგუფში მეორე ტური დაიწყო, ერთში (მე-5 ჯგუფში) კი პირველი ტურის მატჩი გაიმართა. დღე წარმატებული გამოდგა ურუგვაული კლუბებისთვის – ორივე გრანდმა საკუთარი მატჩი მოიგო და ჯგუფში გალიდერდა...

"პენიაროლმა", რომელმაც პირველ ტურში "დეპორტეს იკიკეს" მოუგო, ამჯერად ეკვადორის "ემელეკს" უმასპინძლა, რომელმაც თავის მხრივ, პირველ შეხვედრაში "ველეს სარსფილდი" დაამარცხა.

ორივე გუნდს ამ შეხვედრის წინ ხანგრძლივი მოგებათა სერია ჰქონდა - ურუგვაელებს ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრაში ემარჯვათ, ხოლო "ემელეკს" უკანასკნელი 7 მატჩი ჰქონდა მოგებული. საბოლოოდ ამ დაძაბულ და თანაბარ შეხვედრაში ერთადერთი გოლი
68-ე წუთზე გავიდა. საჯარიმოში შეჭრილმა ფაბიან ესტოიანოფმა საგოლე გადაცემა ვეტერან ხუან ოლივერას გაუკეთა, რომელმაც პარტნიორს შრომა წყალში არ ჩაუყარა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ამ მოგების წყალობით, "პენიაროლმა" ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, ხოლო წაუგებელი სერია 16 მატჩამდე გაზარდა – ურუგვაის 48-გზის ჩემპიონმა ბოლოს 2012 წლის 26 აგვისტოს, ჩემპიონატში "ფენიქსთან" (4:3) წააგო.

"სიკვდილის ჯგუფში" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო "ნასიონალმა", რომელმაც მექსიკაში იმარჯვა. შეხვედრის გმირი ყოფილი შალკელი ვისენტე სანჩესი გახდა – ვეტერანმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ანგარიში ორჯერ გაათანაბრა. მანამდე ჯერ პანამის ნაკრების წევრ ლუის ტეხედას, შემდეგ კი პარაგვაის ნაკრების ფეხბურთელის, ედგარ ბენიტესის გოლებით "ტოლუკა" ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. სანჩესის მეორე გოლიდან 2 წუთში კი მესამე გოლიც გაუშვა და დამარცხდა.

ურუგვაელთა მხრიდან გამარჯვების მომტანი გოლი "ესპანიოლის" ორმა ყოფილმა ფეხბურთელმა შექმნა – ხუან ალბინმა საგოლე გადაცემა ივან ალონსოს გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

პარაგვაის 40-გზის ჩემპიონმა "ოლიმპიამ" საკუთარ მოედანზე "უნივერსიდად დე ჩილე" გაანადგურა. შეხვედრის შედეგი, შესაძლოა, მოულოდნელი არ იყოს, სამაგიეროდ, გაკვირვებას საბოლოო ანგარიში იწვევს. მასპინძლები 9 წუთის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, საბოლოოდ კი დიდი ანგარიშით იმარჯვეს.

V ჯგუფში კი პირველი ტურის შეხვედრა გაიმართა. "მილიონარიოსმა" მექსიკის ჩემპიონ "ტიხუანას" უმასპინძლა და მოულოდნელად წააგო. "ტიხუანა", რომელიც სულ რაღაც 6 წლის გახლავთ (2007 წელს არის დაარსებული), ლიბერტადორესის თასზე ისტორიაში პირველად მონაწილეობს. "მილიონარიოსი", რომელიც კოლუმბიის ჩემპიონი 14-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, მიუხედავად ამხელა ჩავარდნისა, მაინც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია.

ამ ფაქტორების გამო ფავორიტად სწორედ მასპინძლები ითვლებოდნენ, მაგრამ მექსიკელებმა კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზეს და ბოგოტადან შინ სამი ქულა წაიღეს. მატჩის ერთადერთი გოლი რიჩარდ რუისმა აშშ-ის ნაკრების წევრის, ედგარ კასტილიოს პასის შემდეგ გაიტანა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი. II ტური

ტოლუკა-ნასიონალი 2:3
გოლები: 1:0 ტეხადა (22), 1:1 ვ. სანჩესი (47), 2:1 ე. ბენიტესი (52), 2:2 ვ. სანჩესი (55), 2:3 ივან ალონსო (57).

	თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. ნასიონალი 2 1 1 0 5-4 4
2. ტოლუკა 2 1 0 1 4-4 3
3. ბარსელონა 1 0 1 0 2-2 1
4. ბოკა 1 0 0 1 1-2 0

IV ჯგუფი. II ტური

პენიაროლი-ემელეკი 1:0
გოლი: 1:0 ოლივერა (68).

	თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. პენიაროლი 2 2 0 0 3-1 6
2. ემელეკი 2 1 0 1 1-1 3
3. დეპ. იკიკე 1 0 0 1 1-2 0
4. ველესი 1 0 0 1 0-1 0

V ჯგუფი. I ტური

მილიონარიოსი-ტიხუანა 0:1
გოლი: 0:1 რ. რუისი (62)

VII ჯგუფი. II ტური

ოლიმპია-უნივ. დე ჩილე 3:0
გოლები: 1:0 სალგეირო (2), 2:0 რ. ორტისი (9), 3:0 კანდია (48).
გაძევება: მაგალაესი (70. უნივერსიდად დე ჩილე)

	თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. ნიუელსი 1 1 0 0 3-1 3
2. ოლიმპია 2 1 0 1 4-3 3
3. უნივ. დე ჩილე 2 1 0 1 2-3 3
4. დეპ. ლარა 1 0 0 1 1-3 0

ბომბარდირები: 2 – ივან ალონსო (ნასიონალი), ე. ბენიტესი (ტოლუკა), ოლივერა (პენიაროლი), ვ. სანჩესი (ნასიონალი), უბილია (უნივერსიდად დე ჩილე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: უხვგოლიანი დღე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული