ლიბერტადორესის თასი: "ველეს სარსფილდის" რევანში

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასის 27 თებერვლის ცენტრალური მატჩი მონტევიდეოში, ლეგენდარულ "სენტენარიოზე" გაიმართა. თასის 5-გზის მფლობელი და IV ჯგუფის ლიდერი "პენიაროლი" 1994 წლის ჩემპიონ "ველეს სარსფილდს" მასპინძლობდა, რომელსაც ორი ტურის შემდეგ სამი ქულა ჰქონდა. ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2011 წლის გათამაშების 1/2-ფინალში შეხვდნენ. მაშინ "პენიაროლმა" შინ 1:0, დარიო როდრიგესის გოლის წყალობით მოიგო, სტუმრად 1:2 წააგო და ფინალში გავიდა, სადაც უკვე "სანტოსთან" დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, 27 თებერვლის შეხვედრა ძალიან დაძაბული და ჩაკეტილი გამოდგა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ცვლილებაზე გამოსული ხონათან კოპეტეს აქტიურობას მოჰყვა –
მატჩის 87-ე წუთზე კოლუმბიელმა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოში ლუკას პრატო მოძებნა, რომელმაც ზუსტი დარტყმით "ველესს" სამი ქულა მოუტანა. ურუგვაელებმა 17-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტეს, ხოლო შინ 2012 წლის 20 მაისის შემდეგ პირველად დამარცხდნენ. ამ გამარჯვების წყალობით, რიკარდო გარეკას გუნდი ჯგუფში გალიდერდა, "პენიაროლი" კი მეორე ადგილზეა.

ისტორიული შედეგი დაფიქსირდა ბუენოს აირესში, სადაც ხულიო გრონდონას სახელობის სტადიონზე "არსენალი" "ატლეტიკო მინეიროს" მასპინძლობდა. 2011 წლის კლაუსურას გამარჯვებულმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყო და ხულიო ფურჩის გოლის წყალობით უკვე მეორე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ბრაზილიელებმა წინ გასვლა პირველივე ტაიმში მოახერხეს – გოლები ახალგაზრდა ბერნარდმა, გუნდში ყატარული "ალ გარაფადან" დაბრუნებულმა დიეგო ტარდელიმ და ჟომ გაიტანეს.

საბოლოოდ, 20 წლის ბერნარდმა მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთ თრიქი შეასრულა. 88-ე წუთზე რონალდინიომ, რომელმაც ერთი საგოლე პასი შეასრულა (მე-8 წუთზე), პენალტი ვერ გამოიყენა. 11-მეტრიანის დანიშვნა კი დიეგო ბრაგიერის გაუგონარ უხეშობას მოჰყვა – არგენტინელთა მცველმა რონალდინიოს წვივში ორი გაშლილი ფეხი ჩაარტყა, მაგრამ ბრაზილიელი ტრავმას სასწაულებრივად გადაურჩა. გადარჩა ბრაგიერიც, რომელმაც ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათიც კი არ მიიღო.

დარჩენილი ორი დაპირისპირება შედარებით ნაკლებ ინტერესს იწვევდა. მექსიკის ჩემპიონმა "ტიხუანამ", როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლივიური "სან ხოსე" გაანადგურა, ხოლო პერუს "რეალ გარსილასომ" სტუმრად კოლუმბიურ "დეპორტეს ტოლიმას" მოუგო და საკუთარ ჯგუფში გალიდერდა.

სტუმრებმა გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის ბოლო წუთზე, ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელების მეშვეობით გაიტანეს – არგენტინელმა ალფრედო რამუამ საგოლე ბურთი იოშირო სალასარს გადააწოდა და ამ უკანასკნელმა საკუთარ გუნდს მოულოდნელი 3 ქულა მოუტანა.


III ჯგუფი. II ტური

არსენალი-ატლ. მინეირო 2:5
გოლები: 1:0 ფურჩი (2), 1:1 ბერნარდი (8), 1:2 დიეგო ტარდელი (29), 1:3 ჟო (36), 2:3 ნ. აგირე (41), 2:4 ბერნარდი (54), 2:5 ბერნარდი (59).
გამოუყენებელი პენალტი: რონალდინიო (88. ატლეტიკო მინეირო).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 2 2 0 0 7-3 6
2. სტრონგესტი 1 1 0 0 2-1 6
3. სან პაულო 1 0 0 1 1-2 0
4. არსენალი 2 0 0 2 3-7 0

IV ჯგუფი. III ტური

პენიაროლი-ველესი 0:1
გოლი: 0:1 პრატო (87).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 3 2 0 1 4-1 6
2. პენიაროლი 3 2 0 1 3-2 6
3. ემელეკი 2 1 0 1 1-1 3
4. დეპ. იკიკე 2 0 0 2 1-5 0

V ჯგუფი. II ტური

ტიხუანა-სან ხოსე 4:0
გოლები: 1:0 ე. კასტილიო (4), 2:0 პ. აგილარო (47), 3:0 ხ. კორონა (49), 4:0 ფ. მარტინესი (74).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ტიხუანა 2 2 0 0 5-0 6
2. კორინთიანსი 1 0 1 0 1-1 1
3. სან ხოსე 2 0 1 1 1-5 1
4. ნილიონარიოსი 1 0 0 1 0-1 0

VI ჯგუფი. III ტური

დეპ. ტოლიმა-რეალ გარსილასო 0:1
გოლი: 0:1 სალასარი (90).

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალ გარსილასო 3 2 1 0 3-1 7
2. დეპ. ტოლიმა 3 1 1 1 3-3 4
3. სანტა ფე 2 0 2 0 2-2 2
4. სერო პორტენიო 2 0 0 2 1-3 0

ბომბარდირები: 3 – ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო); 2 – ივან ალონსო (ნასიონალი), ჟო (ატლეტიკო მინეირო), ე. ბენიტესი (ტოლუკა), ხ. ოლივერა (პენიაროლი), ა. პენია (კარაკასი), ვ. სანჩესი (ნასიონალი), უბილია (უნივერსიდად დე ჩილე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: არგენტინელთა კრახი და კოლუმბიური დერბი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული