ლიბერტადორესის თასი: რბევა არ შედგა

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასზე მორიგი სამი მატჩი გაიმართა და სამივეში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. II ჯგუფში "ლიბერტადმა" "პალმეირასს" უმასპინძლა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. პარაგვაელები შესუსტებულ ბრაზილიელებთან ფავორიტის სტატუსით სარგებლობდნენ. მასპინძლებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მე-11 წუთზე ანგარიში პაბლო ველასკესმა გახსნა, 55-ეზე კი შეტევაში ჩართულმა მცველმა პედრო ბენიტესმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ, 2:0 და "ლიბერტადი" ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

"პალმეირასს" ქულებით წამოეწია და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გადაასწრო პერუს "სპორტინგ კრისტალმა", ვინც შინ "ტიგრეს" მოუგო. აქაც
პირველი მატჩის ანალოგიური სიტუაცია იყო – მასპინძელი ფავორიტი იყო და საბოლოოდ, უფრო ძლიერმა 2:0 მოიგო.

არგენტინულ გუნდებს საქმეები მაინც და მაინც კარგად ვერ მისდით: "არსენალმა" და "ტიგრემ" ორივე მატჩი წააგეს, "ბოკამ" და "ნიუელსმა" ერთი მოიგეს და ერთში მარცხი განიცადეს, "ველესმა" კი ორი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. სულ, არგენტინულმა კლუბებმა 11 შეხვედრა გამართეს, აქედან მხოლოდ 4-ში იმარჯვეს და 7-ში კი დამარცხდნენ. საამაყო შედეგი ნამდვილად არ არის...

სათამაშო დღის ბოლო მატჩი "მორუმბიზე", "სან პაულოსა" და ბოლივიის "სტრონგესტს" შორის შედგა. სახელის მიუხედავად, წყვილში უფრო ძლიერი აშკარად "სან პაულო" იყო და მასპინძლებმა ეს საქმითაც დაამტკიცეს, თუმცა ძალიან კი გაუჭირდათ. შეხვედრის წინ, ბევრი "სან პაულო"-"ბოლივარის" შედეგის გამეორებას ვარაუდობდა (5:0), მაგრამ სტუმრებს სენსაციამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. პირველი გოლი სწორედ ბოლივიელებმა გაიტანეს, ნეი ფრანკოს შეგირდებმა კი ანგარიში მხოლოდ ტაიმის ბოლოსკენ გაათანაბრეს (ოსვალდო). მეორე ნახევარში, დიდი უპირატესობის მიუხედავად, ბრაზილიელებს გოლი ვერაფრით გაჰქონდათ, იქამდე სანამ მე-80 წუთზე თავისი უმაღლესი კლასი ლუიშ ფაბიანომ არ გამოავლინა. "სან პაულომ" პირველი ქულები მოაგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

II ჯგუფი. II ტური

სპორტინგ კრისტალი-ტიგრე 2:0
გოლები: 1:0 შეპუტი (30), 2:0 ლობატონი (58).
გაძევება: ალბილი (87. ტიგრე).

ლიბერტადი-პალმეირასი 2:0
გოლები: 1:0 პ. ველასკესი (11), 2:0 პ. ბენიტესი (55).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიბერტადი 2 2 0 0 4-0 6
2. სპ. კრისტალი 2 1 0 1 3-2 3
3. პალმეირასი 2 1 0 1 2-3 3
4. ტიგრე 2 0 0 2 0-4 0

III ჯგუფი. II ტური

სან პაულო-სტრონგესტი 2:1
გოლები: 0:1 ბარერა (21), 1:1 ოსვალდო (43), 2:1 ლუიშ ფაბიანო (80).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 2 2 0 0 7-3 6
2. სან პაულო 2 1 0 1 3-3 3
3. სტრონგესტი 2 1 0 1 3-3 3
4. არსენალი 2 0 0 2 3-7 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: ფავორიტების დღე - "ბოკამ" "ბარსელონა" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული