28 წლის ბრუნო ფერნანდეშ დე სოუზას ყოფილი შეყვარებულის, ელიზა სამუდიოს მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებენ. ელიზა სამუდიომ 2010 წელს ბრუნო ფერნანდეშისგან ბავშვი გააჩინა, ყოფილ მეკარეს კი ალიმენტების გადახდა არ სურდა და გამოძიების აზრით, მკვლელობის მოტივიც ეს გახდა.
აქამდე ბრუნო ამტკიცებდა, რომ არ იცოდა, რა მოუვიდა 25 წლის მოდელს, თუმცა სასამართლოს მორიგ სხდომაზე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისმა
პოლიცია ბრუნოს და კიდევ რვა ადამიანს, მათ შორის მის მეუღლეს, კიდევ ერთ ყოფილ შეყვარებულს, ახალგაზრდა ბიძაშვილს და ყოფილ პოლიციელ მარკოს სანტოსს ელიზა სამუდიოს მოტაცებაში და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით, ბრუნო ელიზა სამუდიოს წამებას თავად ესწრებოდა, რის შემდეგაც ქალი მოკლეს, სხეული დაანაწევრეს, ნაწილი ბრუნოს როტვეილერს აჭამეს, ნაწილი კი ბეტონის საფარის ქვეშ დამარხეს.
ცოტა ხნით ადრე "ფლამენგოს" ყოფილი კიპერის ბავშვობის მეგობარი რომაო მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ყოფილი პოლიციელის, მარკოს სანტოსის სასამართლო პროცესი კი მომდევნო თვეში გაიმართება.
ბრუნო, რომელიც 2009 წელს "ფლამენგოში" ბრაზილიის ჩემპიონი გახდა და "მილანის" ინტერესის სფეროში იყო, ყოველთვის ამტკიცებდა, რომ სამუდიომ ბრაზილია დატოვა და ის ცოცხალი იყო, თუმცა სასამართლოზე ყოფილმა კიპერმა განაცხადა, რომ მისმა ახალგაზრდა ბიძაშვილმა ჟორჟე როზამ, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, ყველაფერი მოუყვა.
აი, რა თქვა ბრუნომ სასამართლოზე: "მას შემდეგ, რაც რომაომ ელიზა მოიტაცა, მან ის ბელუ ორიზონტეს ერთ-ერთ სახლში წაიყვანა, სადაც მათ მარკოსი ელოდათ. მარკოსმა ელიზას კისერზე ჰალსტუხი გაუკეთა, შემდეგ კი მის წამებას შეუდგა. საბოლოოდ, ჰალსტუხით დაახრჩო, შემდეგ მათ გვამი ნაწილებად დაჭრეს და ძაღლებს აჭამეს. ეს ყველაფერი ჟორჟემ მომიყვა. მართალია, მე მისი მკვლელობა არ შემიკვეთავს, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ".
ქალბატონმა სამუდიომ, რომელზეც თავის დროზე საუბრობდნენ, რომ რომანი კრიშტიანო რონალდოსთანაც ჰქონდა, ბრუნო 2009 წელს, ე.წ. ფეხბურთელთა ორგიაზე გაიცნო და მისგან მალე დაორსულდა. მეკარემ ქალს აბორტის გაკეთება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, 2010 წლის 4 ივნისს, ელიზა სამუდიომ პოლიციას მიაკითხა და განაცხადა, რომ ბრუნოს და მის მეგობრებს გატაცებული ჰყავდათ. მისი თქმით, 28 წლის მეკარემ მას იარაღი დაადო და უთხრა: "შენ არ იცი, მე რისი გამკეთებელი ვარ. მე ფაველადან ვარ".
პატარა ბრუნინიო 2010 წლის თებერვალში დაიბადა, მაგრამ ფეხბურთელმა მამობაზე და ალიმენტების გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურორის აზრით, ბრუნომ სამუდიოს მკვლელობა მას შემდეგ შეუკვეთა, რაც ქალი სასამართლოთი დაემუქრა.
პოლიციაში დაკითხვისას ბრუნოს თინეიჯერმა ბიძაშვილმა ჟორჟე როზამ განაცხადა, რომ ბრუნო ელიზა სამუდიოს დაუკავშირდა და სასაუბროდ დაიბარა, რის შემდეგაც როზამ და რომაომ ქალბატონს რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში მიაკითხეს და მანქანაში ჩაისვეს. ამის შემდეგ მათ 350 კილომეტრი გაიარეს და სამუდიო ბელუ ორიზონტეს იმ სახლში მიიყვანეს, რომელსაც ბრუნო და მისი მეუღლე შაბათ-კვირას სტუმრობდნენ. სამუდიო იმ სახლში 6 დღე ჰყავდათ გამოკეტილი, რის შემდეგაც ის ყოფილ პოლიციელ მარკოსს გადააბარეს, რომელმაც ქალი სასტიკად აწამა და საბოლოოდ ჰალსტუხის მეშვეობით დაახრჩო.
სანტოსს, რომელსაც სამუდიოს მკვლელობაში 12 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, წამების მომენტში, იმისთვის, რომ ქალის განწირული ყვირილის ხმა მეზობლებს არ გაეგოთ, მუსიკა ხმამაღლა ჰქონდა ჩართული.
მოგვიანებით, სამუდიოს 4 თვის შვილი პოლიციამ ბელუ ორიზონტეს ერთ-ერთი ფაველაში იპოვა, რომელიც იქ, სავარაუდოდ, ბრუნოს ცოლმა დაიენმა დატოვა. ბრუნოს მამობა დნმ-ის ტესტის შემდეგ დადასტურდა.
ბრუნო ფერნანდეშის სასამართლო პროცესი, რომელიც ორშაბათს დაიწყო, პარასკევს უნდა დასრულდეს. თუ დამნაშავედ სცნობენ, მას 41 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"