ტორნეო ფინალი. IX ტური: "ბოკა ხუნიორსი" საშვილიშვილოდ შერცხვა

AutoSharing Option
ისტორიული მარცხი და ისტორიული გამარჯვება
ტორნეო ფინალის მე-9 ტურის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, "ბოკა ხუნიორსის" სამარცხვინო ასპარეზობა იყო. არგენტინული ფეხბურთის გრანდმა სან ხუანის "სან მარტინთან" 1:6 წააგო! ასეთი ანგარიშით "ლაბოკელები" ბოლოს 1999 წელს, "რასინგთან" დამარცხდნენ, ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით კი "ბოკამ" 1940 წელს "ინდეპენდიენტესთან" წააგო - 1:7. "დრონი მეფობენ და არა მეფენი" - ამ სიტყვებს "ინდეპენდიენტეს" დღევანდელი მდგომარეობაც ადასტურებს, თუმცა ამ გუნდზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ...

ურთიერთშეხვედრის წინ "ბოკას" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, "სან მარტინს" კი 16-მატჩიანი. აქვე შეგახსენებთ, რომ
წელს კარლოს ბიანკის გუნდმა ერთ ისეთ გუნდთან უკვე წააგო, რომელსაც საოცრად გრძელი მოუგებელი სერია ჰქონდა - "ბოკა" შინ "უნიონთან" დამარცხდა (2:3), რომელსაც 26 შეხვედრის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული.

სანხუანელთა მხრიდან ორი ფეხბურთელი გამოირჩა: კოლუმბიელი ფორვარდი უმბერტო ოსორიო ბოტელიო, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა და ნახევარმცველი ხორხე ლუნა, ვინც გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი სანტიაგო სილვას ანგარიშზეა, მაგრამ ამ ბურთს "პრესტიჟის" გოლს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მოკლედ, "ბოკამ" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მატჩი ჩაატარა, "სან მარტინმა" კი ამ სეზონში პირველი მატჩი მოიგო და ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა (პრიმერაში).

"სან მარტინი" პრიმერადივიზიონში სულ მე-4 სეზონს ატარებს და მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მომავალ სეზონს, დიდი ალბათობით, მეორე ლიგაში დაიწყებს.

ლიდერები
დიდი ანგარიშით დასრულდა "სან ლორენსოს" და "რასინგის" "კლასიკოც". 20 წლის ბრუნო სუკულინიმ წინა მატჩში ("რივერთან") დაშვებული შეცდომების გამო ქომაგებს ბოდიში ორი გოლით მოუხადა. თითო ბურთი თინეიჯერებმა, 18 წლის როდრიგო დე პაულმა და 19 წლის ლუსიანო ვიეტომ გაიტანეს.

ზედიზედ ორი ფრის შემდეგ მოიგო "ლანუსმა", ვინც საკუთარ მოედანზე "ოლ ბოისი" დაამარცხა. ჩემპიონატის ლიდერს ძალიან გაუჭირდა - ბოლო წუთებზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სტუმრები შეტევაზე გადავიდნენ და თამაშის მოგება სცადეს. საბოლოოდ, "ოლ ბოისს" ეს გმირობა არ დაუფასდა და გუნდმა გოლი აქეთ გაუშვა.

მატჩის 92-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი სილვიო რომერომ მიიღო, ერთი მეტოქე ჩამოიტოვა და ნიკოლას კამბიასოს (ესტებან კამბიასოს ძმა) შორეულ კუთხეში გაუტანა.

მოიგო მეორე ადგილზე მყოფმა "ნიუელს ოლდ ბოისმაც". გაბრიელ ჰაინცეს გაძევების შემდეგ ხერარდო მარტინოს გუნდი მოედანზე 10-კაცით დარჩა, მაგრამ დაწინაურება სწორედ ამ დროს მოახერხა. ამის შემდეგ ფეხბურთელი უკვე სტუმრებს გაუძევეს, შეხვედრას წერტილი კი იგნასიო სკოკომ დაუსვა, ვინც ამ ჩემპიონატში თავისი მე-6 გოლი გაიტანა.

ლიდერთა ჯგუფში მყოფი "რივერის" და სარანდის "არსენალის" მატჩი ფრედ დასრულდა. შეხვედრის ორივე გოლი პირველ 19 წუთში გავიდა. საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა.

მასპინძლებს ძირითადი შემადგენლობის 5 წევრი არ ჰყავდათ. გარდა ამისა, შეხვედრის დებიუტში ტრავმა მიიღო ერთ-ერთმა ლიდერმა ლეო პონსიომ, რომელიც კარლოს სანჩესმა შეცვალა. ასეთი სერიოზული დანაკლისის გათვალისწინებით, ფრე "რივერისთვის" ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.

ორი გაჭირვებული
გავარდნისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა "ინდეპენდიენტემ", ვინც ასევე გასავარდნად განწირულ "უნიონს" ვერ მოუგო. ამ შეხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ამერიკო გალიეგომ, რომელმაც საკუთარ გუნდს ვერაფერი უშველა. "ინდეპენდიენტე" იმ ორ კლუბში შედის, ვინც პრიმერადან არასდროს გავარდნილა (მეორე "ბოკა ხუნიორსია"), მაგრამ მომავალი სეზონის სტარტზე, ალბათ, არგენტინას მხოლოდ ერთი ასეთი გუნდი ეყოლება.

ტორნეო ფინალი. IX ტური

ინდეპენდიენტე-უნიონი 1:1
გოლები: 1:0 ა. ფერნანდესი (41), 1:1 ალემანი (81).

სან მარტინი-ბოკა 6:1
გოლები: 1:0 ოსორიო ბოტელიო (3), 2:0 ხ. ლუნა (21), 2:1 ს. სილვა (39-პენ), 3:1 ლანდა (41), 4:1 ოსორიო ბოტელიო (45), 5:1 ოსორიო ბოტელიო (55), 6:1 პენკო (61).

სან ლორენსო-რასინგი 1:4
გოლები: 1:0 ე. ვილიალბა (7), 1:1 ბ. სუკულინი (11), 1:2 ბ. სუკულინი (39), 1:3 დე პაული (64), 1:4 ვიეტო (76).

ლანუსი-ოლ ბოისი 2:1
გოლები: 1:0 რეგეირო (21), 1:1 ვილდოსო (67), 2:1 სილვიო რომერო (90).

კოლონი-ველესი 2:1
გოლები: 0:1 რესკალდანი (4-პენ), 1:1 ურიბარი (58), 2:1 კურუჩეტი (90).

ნიუელსი-ტიგრე 3:1
გოლები: 1:0 ვ. ფიგეროა (22), 1:1 ბოტა (59-პენ), 2:1 ვერხინი (65), 3:1 სკოკო (77).
გაძევება: ჰაინცე (57. ნიუელსი), კასტანიო (71. ტიგრე).

რივერი-არსენალი 1:1
გოლები: 0:1 ბენედეტო (14), 1:1 როხელიო ფუნეს მორი (19).

ბელგრანო-კილმესი 3:0
გოლები: 1:0 მელანო (9), 2:0 ფ. მარკესი (27), 3:0 ფარე (50).
გაძევება: ხ. სერანო (78. კილმესი).

არ. ხუნიორსი-ატლ. რაფაელა 0:0
ესტუდიანტესი-გოდოი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 7 - ჟიგლიოტი (კოლონი); 6 - სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), სილვიო რომერო (ლანუსი); 4 - სორიო ბოტელიო (სან მარტინი), პერეს გარსია (ტიგრე), ს. სილვა (ბოკა ხუნიორსი), ვილდოსო (ოლ ბოისი), დ. საპარა (ესტუდიანტესი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.
14. ატლ. რაფაელა 66 83 1.258
15. არ. ხუნიორსი 104 129 1.240
16. სან ლორენსო 104 127 1.221
17. კილმესი 28 32 1.143
18. ინდეპენდიენტე 104 116 1.115
19. სან მარტინი 66 72 1.091
20. უნიონი 66 67 1.015

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. VIII ტური: კლასიკოში "რივერ პლეიტმა" იმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული