ტორნეო ფინალი. XI ტური: სიგიჟე გიჟის სახელობის სტადიონზე

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილ და ბილბაოს "ატლეტიკის" ამჟამინდელ დამრიგებელ მარსელო ბიელსას სამხრეთ ამერიკაში საკმაოდ გავრცელებული მეტსახელი აქვს. ბიელსას თავის დროზე "ლოკო" შეარქვეს, რაც გიჟს ნიშნავს.

57 წლის სპეციალისტი 90-იანი წლების დასაწყისში "ნიუელს ოლდ ბოისის" მწვრთნელი გახლდათ. ორ სეზონში ბიელსამ თავის გუნდს არგენტინის ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა, 1992 წელს კი "ნიუელსი" ლიბერტადორესის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც არგენტინელები "სან პაულოსთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ამ წარმატებული პერიოდის გამო "ძველი ბიჭების" ხელმძღვანელებმა მარსელოს მადლობა ორიგინალურად გადაუხადეს და გუნდის საშინაო არენას მისი სახელი უწოდეს.

შაბათს მარსელო "ლოკო"
ბიელსას სახელობის სტადიონზე მართლაც გიჟური მატჩი გაიმართა. "ნიუელსმა", რომელიც "ლანუსთან" ერთად პირველ ადგილს იყოფდა, "რასინგს" უმასპინძლა, რომლისთვის ეს მატჩი ჩემპიონობისთვის გაბრძოლების უკანასკნელი შანსი იყო.

შეხვედრა მასპინძლებისთვის საოცრად კარგად დაიწყო - მე-8 წუთზე მარცხენა მცველმა მილტონ კასკომ ანგარიში გახსნა, 33-ე წუთზე კი საოცარი დრიბლინგი შემოგვთავაზა მარტინ ტონსომ, რომელიც წესების დარღვევით საჯარიმოში შეაჩერეს. პენალტი გოლად იგნასიო სკოკომ აქცია - 2:0.

სკოკოს გოლიდან 7 წუთში "რასინგის" მდგომარეობა კატასტროფულიდან უიმედო გახდა, რადგან მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დიეგო ვალერიმ, ისევ და ისევ კასკოს წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო, 3 წუთში კი მოედანი მაურო კამორენეზიმ დატოვა, ვინც ტრავმა მიიღო. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სტუმრებმა ანგარიში პირველივე ტაიმში შეამცირეს - გოლი ლუსიანო ვიეტოს ანგარიშზეა.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმის საწყის წუთებში განვითარდა. 47-ე წუთზე ვიეტომ დუბლი შეასრულა და კაცნაკლულმა "რასინგმა" წონასწორობა აღადგინა. ლუის სუბელდიას შეგირდებმა გახარება ვერ მოასწრეს, როდესაც მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ - მილტონ კასკომ ამჯერად საგოლე პასი მიითვალა, გოლი კი პაბლო პერესმა გაიტანა.

კასკო მატჩის გმირი უნდა გამხდარიყო - მარცხენა მცველმა ერთი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე პასი გააკეთა და არბიტრს მეტოქის ერთ-ერთი ლიდერი გააძევებინა, მაგრამ პერესის გოლიდან რამდენიმე წამში წითელი უკვე თავად მან მიიღო და მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა.

ამ ეპიზოდიდან 12 წუთში ვიეტო ჰეთ თრიქის შესრულებას აღნიშნავდა. 18 წლის მოთამაშემ ხანმოკლე კარიერაში, რომელიც პრიმერაში ჩატარებულ სულ რაღაც 29 შეხვედრას მოიცავს, მეორე ჰეთ თრიქი შეასრულა.

თითქოს მატჩის გმირი სწორედ ვიეტო უნდა გამხდარიყო, მაგრამ შეხვედრა ისევე დრამატულად დასრულდა, როგორც მთელი 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა - არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე სკოკომ საოცარი გადაცემით მაქსი როდრიგესი მოძებნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ვეტერანს ფეხი არ აკანკალებია - 4:3!

სხვა მატჩები
აღსანიშნავი და გამორჩეული ამ ტურში კიდევ ბევრი სხვა რამეც მოხდა. "ესტუდიანტესმა" ტორნეო ფინალში პირველი გამარჯვება მოიპოვა და რა თქმა უნდა, ეს "ბოკა ხუნიორსთან" გააკეთა, რომელთანაც წელს ყველა იმ გუნდმა შეწყვიტა უიღბლო სერია, რომელიც დიდი ხანი ვერ იგებდა.

თავად განსაჯეთ: "უნიონს", რომელმაც "ბომბონერაზე" იმარჯვა, 26-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა; "სამ მარტინს", რომელმაც "ბოკას" 6:1 მოუგო, 16-მატჩიანი წარუმატებელი სვლა შეუწყდა; "ესტუდიანტესმა" კი 11-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა "ინდეპენდიენტემ". მიგელ ბრინდისის შეგირდებმა გაუბედურებული "არხენტინოს ხუნიორსი" დაამარცხეს და პრიმერაში დარჩენის მცირე შანსი შეინარჩუნეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ნიუელსის" კონკურენტებმა ქულები დაკარგეს. "რივერ პლეიტმა" "კილმესს" ვერ მოუგო, არადა, 89-ე წუთამდე ანგარიში 1:0 იყო (ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა ედერ ალვარესმა, რომელიც ამპლუით მცველია), მაგრამ ბოლოსწინა წუთზე თავი მარტინ კაუტერუჩიომ გამოიჩინა და "მონუმენტალი" დაადუმა.

ტორნეო ფინალი. XI ტური

სან ლორენსო-გოდოი კრუსი 1:1
გოლები: 0:1 ობოლო (40), 1:1 კანემანი (81).
გაძევება: სტრაკვალურსი (38. სან ლორენსო), ე. ინსუა (56. გოდოი კრუსი).

ესტუდიანტესი-ბოკა 1:0
გოლი: 1:0 მ. ნუნიესი (62).

კოლონი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 პრედიგერი (51).

სან მარტინი-უნიონი 3:1
გოლები: 0:1 კოსარო (19), 1:1 რიანიო (77), 2:1 რიანიო (81), 3:1 ლანდა (90).
გაძევება: ფრანსოია (85. უნიონი).

ინდეპენდიენტე-არ. ხუნიორსი 3:1
გოლები: 1:0 გალეანო (53), 1:1 ლენისი (63), 2:1 მონტენეგრო (79-პენ), 3:1 ა. ფერნანდესი (80).
გაძევება: ბარასა (84. არ. ხუნიორსი).

ნიუელსი-რასინგი 4:3
გოლები: 1:0 კასკო (8), 2:0 სკოკო (33-პენ), 2:1 ვიეტო (45), 2:2 ვიეტო (47), 3:2 პ. პერესი (49), 3:3 ვიეტო (62), 4:3 მაქსი როდრიგესი (90).
გაძევება: დ. ვილიარი (40. რასინგი), კასკო (50. ნიუელს ოლდ ბოისი).

რივერი-კილმესი 1:1
გოლები: 1:0 ე. ალვარესი (54), 1:1 კაუტერუჩიო (89).

ბელგრანო-ოლ ბოისი 0:1
გოლი: 0:1 ბორგელიო (57).
ლანუსი-ატლ. რაფაელა 1:1
გოლები: 1:0 ისკიერდოსი (11), 1:1 ხ. ლოპესი (43).

8 მაისი
ველესი-ტიგრე 

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 7 - ჟიგლიოტი (კოლონი), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 6 - ვიეტო (რასინგი), სილვიო რომერო (ლანუსი), 5 - ვილდოსო (ოლ ბოისი).

სარელეგაციო ცხრილი:

14. ატლ. რაფაელა 68 87 1.279
15. სან ლორენსო 106 131 1.236
16. არ. ხუნიორსი 106 129 1.217
17. კილმესი 30 36 1.200
18. ინდეპენდიენტე 106 119 1.123
19. სან მარტინი 68 76 1.118
20. უნიონი 68 68 1.000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. X ტური: ლიდერთა ტრიო გამოიკვეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული