ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: შანსი ყველას აქვს

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასზე 1/8-ფინალის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ტიხუანაში მექსიკის მოქმედმა ჩემპიონმა "პალმეირასს" უმასპინძლა, რომელიც ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "სანტოსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და სან პაულოს შტატის ჩემპიონატს გამოეთიშა.

შეხვედრა ბრაზილიელთა შეტევებით დაიწყო და სტუმრებს საგოლე მომენტებიც შეექმნათ, თუმცა კლებერმა და ვინისიუსმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს. პირველი ტაიმის ბოლოსკენ "ტიხუანა" კი გამოცოცხლდა, მაგრამ ამას დიდი არაფერი მოჰყოლია და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

გაცილებით საინტერესო სანახავი გამოდგა მეორე ნახევარი. ორივე გუნდმა ღია და შემტევი ფეხბურთი ითამაშა. მცირე უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო, მაგრამ
"ტიხუანამ" ტურნირზე ზედიზედ მეოთხე საშინაო გამარჯვება ვერ მოიპოვა. საბოლოოდ, მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და ყველაფერი 15 მაისს, "პაკაემბუზე" გადაწყდება.

არაფერია გარკვეული მეორე წყვილშიც. "ტიგრემ" პარაგვაის "ოლიმპიას" უმასპინძლა და პირველ ტაიმში გაბრიელ პენიალბას გოლის წყალობით დაწინაურდა. მეორე ნახევარში თავისი გოლი მატიას პერეს გარსიამაც გაიტანა (მეოთხე ტურნირზე) და თითქოს არგენტინელებმა გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიეს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე სტუმართა მცველმა ერმინიო მირანდამ იხეირა და სხვაობა შეამცირა.

საბოლოოდ, 2:1 და ყველაფერი ასუნსიონში (17 მაისს) გაირკვევა, სადაც "ტიგრეს" კარგად თამაშის გამოცდილება აქვს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნესტორ გოროსიტოს შეგირდებმა სტუმრად "ლიბერტადს" მოუგეს (5:2), პარაგვაული გრანდი ჯგუფში ჩატოვეს, თვითონ კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ტიგრე-ოლიმპია 2:1
გოლები: 1:0 პენიალბა (27), 2:0 პერეს გარსია (64), 2:1 ე. მირანდა (78).

ტიხუანა-პალმეირასი 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: უდანაკარგო ბრაზილიელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული