ტორნეო ფინალი. XIII ტური: ლიდერი ისევ შეიცვალა

AutoSharing Option
"ლანუსმა" და "ნიუელს ოლდ ბოისმა" პოზიციები ისევ გაცვალეს და პირველ პოზიციაზე "ძველი ბიჭები" დაბრუნდნენ.

ხერარდო მარტინოს შეგირდებმა მარტინ პალერმოს "გოდოი კრუსს" უმასპინძლეს და დამაჯერებლად იმარჯვეს, თუმცა პირველი გოლი სწორედ სტუმრებმა გაიტანეს. 24-ე წუთზე ანგარიში მაურო ობოლომ გახსნა, რომელმაც ფაკუნდო კასტილიონისგან შესანიშნავი გადაცემა მიიღო, ბურთი დაამუშავა და ნაუელ გუსმანს ახლო კუთხეში გაუტანა.

ამის შემდეგ მასპინძლებმა გამოიღვიძეს და ლიდერი არა მხოლოდ სატურნირო ცხრილში, არამედ ბომბარდირთა დავაშიც შეიცვალა - იგნასიო სკოკომ მორიგი გოლები გაიტანა და სილვიო რომეროს გადაასწრო. სკოკოს ორ გოლს შორის კი
იყო ნიკოლას სანჩესის ავტოგოლი, რომელიც მართლაც კურიოზული გამოდგა. მასპინძელთა მარცხენა მცველმა მილტონ კასკომ საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან, პაბლო პერესის მისამართით ჩააწოდა. სანჩესმა ბურთის მოგერიება ნახტომში სცადა, მაგრამ ვერ მისწვდა. პერესს კი ფეხი დაუცდა, წაიქცა და არც დარტყმა გამოუვიდა და არც პასი. სამაგიეროდ, ბურთი წაქცეულ და ყირაზე გადასულ ნიკოლას სანჩესს ქუსლში (!) მოხვდა და კარისკენ წავიდა. სტუმართა მეკარე ნელსონ იბანიესი ამ ყველაფერს გაშეშებული და გაოგნებული უყურებდა...

საბოლოოდ, "ნიუელსმა" 3:1 მოიგო და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. ამის მიზეზი კი "ლანუსის" ფეხის დაცდენა გახდა. გილერმო და გუსტავო ბაროს შელოტოებმა მიგელ ბრინდისის სამწყსოს წინააღმდეგ ვერაფერი მოიფიქრეს და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგეს.

"ინდეპენდიენტემ" კი აშკარად მოუმატა - არგენტინის ერთ-ერთმა გრანდმა ზედიზედ მესამე მატჩი არ წააგო და ამ პერიოდში 7 ქულა მოაგროვა. მართალია, გუნდი ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია, მაგრამ "არხენტინოს ხუნიორსი" უკვე ხელის გაწვდენაზეა; თან, თუ ამ უკანასკნელის საშინელ ფორმას გავითვალისწინებთ, "ინდეპენდიენტეს" უმაღლეს ლიგაში დარჩენა სავსებით რეალურად მოჩანს.

"რივერი" იგებს, "ბოკა" აგებს
მორიგი შეხვედრა მოიგო "რივერ პლეიტმა" და ლიდერთა დუეტს წინ გასვლის საშუალება არ მისცა. რამონ დიასის გუნდი პირველ ადგილზე მყოფ გუნდს უკვე 3 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ "რივერი" დაბრუნდა. "ლოს მოლიონარიოსის" მორიგი მსხვერპლი "ოლ ბოისი" გახდა, რომელიც 29-ე წუთიდან მოყოლებული, 10 კაცით თამაშობდა (დარიო სტეფანატოს გაძევების გამო) და რა გასაკვირია, რომ საბოლოოდ დამარცხდა. "მონუმენტალზე" შეკრებილი პუბლიკა მანუელ ლანსინიმ და კარლოს ლუნამ გაახარეს.

ზედიზედ მე-12 ტურში ვერ იმარჯვა "ბოკა ხუნიორსმა", რაც გუნდის ახალი ანტირეკორდია. "ბოკას" რამდენიმე დღეში ლიბერტადორესის თასის საპასუხო მატჩი ელის "კორინთიანსთან" და კარლოს ბიანკიმ ძირითადი შემადგენლობის წევრები ამ შეხვედრისთვის შემოინახა, თუმცა ეს მარცხი "ლაბოკელთა" ქომაგებისთვის მაინც რთულად მისაღებია, რადგან მათი საყვარელი გუნდი დერბიში, "კლასიკოში" დამარცხდა.

"სან ლორენსოს" მხრიდან გაილაღა ხულიო ბუფარინიმ - 24 წლის ნახევარმცველმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

კვლავ არ წააგო "ატლეტიკო რაფაელამ", რომელსაც ჩემპიონატში "ლანუსის" შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს (7 - "რივერთან" ერთად). მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონის, ხორხე ბურუჩაგას შეგირდებმა კორდობადან ქულა წამოიღეს და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდნენ.

მეხუთე ადგილზე კი "კილმესი" გადავიდა, რომელმაც სტუმრად "კოლონი" გაანადგურა. ამ გამარჯვებას უდიდესი ფასი ჰქონდა, რადგან ამ სამი ქულის წყალობით, "კილმესმა" სარალეგაციო ცხრილში "არხენტინოს ხუნიორსი" ჩამოიტოვა და პრიმერაში ადგილის შენარჩუნებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის გმირებად მიგელ კანეო და მარტინ კაუტერუჩიო უნდა გამოვაცხადოთ. პირველმა ორი გოლი გაიტანა და კაუტერუჩიოს გაატანინა, ურუგვაელმა კი გოლს ერთი საგოლე პასიც მიამატა, რომლითაც სწორედ კანეომ ისარგებლა.

ლიბერტადორესის თასის ეფექტი
ლიბერტადორესის თასის მონაწილეთაგან ამ ტურში მხოლოდ "ნიუელსმა" იმარჯვა. "ბოკა ხუნიორსის" შერცხვენაზე უკვე მოგახსენეთ, "ველეს სარსფილდმა" "არსენალთან" ქულები გაიყო, "ტიგრე" კი სულაც დამარცხდა.

სარეზერვო შემადგენლობით მოთამაშე "ველესი" "მეთოფეებს" ორბურთიანი სხვაობით უგებდა, მაგრამ ამხელა უპირატესობა მატჩის ბოლო 10 წუთში გაფლანგა. სარანდელთაგან მორიგი გოლი გაიტანა დარიო ბენედეტომ, ვის ანგარიშზეც უკვე ხუთი ბურთია.

"ველესისგან" განსხვავებით, "ტიგრე" პრიმერაში ძირითადი შემადგენლობით ასპარეზობს, თუმცა "ვეფხვებს" ამჯერად ძალიან ძლიერი და ფორმაში შესული მეტოქე ჰყავდათ. "რასინგმა" ბრუნო სუკულინის და ლუის ფარინიას გოლებით 2:0 მოიგო და 19 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 წუთი ითამაშა რიკარდო სენტურიონმა, რომელმაც მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ უკვე მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ტორნეო ფინალი. XIII ტური

სან ლორენსო-ბოკა 3:0
გოლები: 1:0 გ. ვერონი (18), 2:0 ბუფარინი (40-პენ), 3:0 კორეა (54).

ნიუელსი-გოდოი 3:1
გოლები: 0:1 ობოლო (24), 1:1 სკოკო (28), 2:1 ნ. სანჩესი (67-საკ. კარში), 3:1 სკოკო (71-პენ).

ველესი-არსენალი 2:2
გოლები: 1:0 რესკალდანი (18), 2:0 რომერო (66), 2:1 ბენედეტო (81), 2:2 ნ. აგირე (90).

რასინგი-ტიგრე 2:0
გოლები: 1:0 ბ. სუკულინი (3), 2:0 ფარინია (90).

სან მარტინი-არ. ხუნიორსი 2:1
გოლები: 1:0 ხ. ლუნა (49), 2:0 რიანიო (83), 2:1 დ. ვილიალვა (90).
გაძევება: ფ. ვასკესი (65. არ. ხუნიორსი)

კოლონი-კილმესი 0:3
გოლები: 0:1 კანეო (42), 0:2 კანეო (49), 0:3 კაუტერუჩიო (61).

რივერი-ოლ ბოისი 2:0
გოლები: 1:0 ლანსინი (50), 2:0 კ. ლუნა (90).
გაძევება: სტეფანატო (29. ოლ ბოისი).

ესტუდიანტესი-უნიონი 1:0
გოლი: 1:0 დ. საპატა (68).

ლანუსი-ინდეპენდიენტე 0:0
გაძევება: გ. პისარო (30. ლანუსი), ტულა (76. ინდეპენდიენტე).
ბელგრანო-ატლ. რაფაელა 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები
: 9 - სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 8 - სილვიო რომერო (ლანუსი); 7 - ჟიგლიოტი (კოლონი); 6 - ობოლო (გოდოი კრუსი), ვიეტო (რასინგი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.
16. კილმესი 32 39 1.219
17. არ. ხუნიორსი 108 129 1.194
18. ინდეპენდიენტე 108 123 1.139
19. სან მარტინი 70 79 1.129
20. უნიონი 70 69 0.986

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. XII ტური: მოსაწყენი სუპერკლასიკო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული