ბრაზილია. სერია A. II ტური: სან პაულომ რიოს აჯობა

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატში მეორე ტური გაიმართა, თუმცა არასრულად - "ატლეტიკო მინეირო"-"გრემიო" და "პორტუგეზა"-"ფლუმინენსე" მომდევნო თვისთვის გადაიდო.

ნეიმარის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა "სანტოსმა" და პირველი მარცხიც განიცადა. "ბოტაფოგო" ამ მატჩის ფავორიტად ითვლებოდა და მასპინძლები 22-ე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნენ. მართალია, ამ შეხვედრაში არ უთამაშია კლარენს ზეედორფს, მაგრამ ოსვალდო დე ოლივეირას შეგირდებმა მაინც იოლი გამარჯვება მოიპოვეს. სტუმართა მხრიდან გამოირჩეოდა ვალტერ მონტილიო და საბოლოოდ, არგენტინელმა გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა ეს იყო და ეს, მეტი "სანტოსმა" ვერაფერი შეძლო და სან პაულოს შტატის ჩემპიონატის ფინალისტი, რიო
დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონთან დამარცხდა.

ახალი გუნდის რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა დედემ. "ვასკო და გამას" ყოფილმა ლიდერმა და კაპიტანმა, 43-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, 46-ეზე კი წონასწორობა ლუანმა აღადგინა. იქამდე, "კრუზეირო" უშანსოდ აგებდა და რომ არა დედეს გოლი, არავინ იცის მოახერხებდა თუ არა ქულის აღებას. "ატლეტიკო პარანაენსე" პრიმერა დივიზიონიდან სამშობლოში დაბრუნებულმა პედრო ბოტელიომ ("რაიო ვალეკანოს" და "ლევანტეს" ყოფილი ფეხბურთელი) დააწინაურა, მეორე გოლი კი მანოელმა გაიტანა.

სხვათა შორის, "ატლეტიკოში" ირიცხება კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც პრიმერას და ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს კარგად უნდა ახსოვდეთ. საუბარი ერთ დროს უნიჭიერეს ფეხბურთელად მიჩნეულ ფრან მერიდაზე გვაქვს, რომელიც "ბარსელონას" აღზრდილი გახლავთ, მაგრამ 15 წლის ასაკიდან "არსენალში" ირიცხებოდა. ბოლოს მერიდა ესპანეთის მეორე დივიზიონის "ერკულესში" თამაშობდა, საიდანაც "ატლეტიკო პარანაენსეში" გადავიდა. მერიდას "კრუზეიროს" წინააღმდეგ არ უთამაშია.

ბიანკუჩი მოწოდების სიმაღლეზეა
ლიონელ მესის ბიძაშვილი (დედის მხრიდან) მაქსი ბიანკუჩი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. 28 წლის ფეხბურთელმა პირველ ტურში ერთი გოლი გაიტანა, რომელიც 2013 წლის "ბრაზილეირაოს" პირველი გოლი გამოდგა, ამჯერად კი თავი უკვე დუბლით გამოიჩინა. "ვიტორია" რესიფეს ეწვია და შარშან შინ შესანიშნავად მოთამაშე "ნაუტიკო" მიწასთან გაასწორა. ბიანკუჩიმ გოლები მე-13 და 50-ე წუთებზე გაიტანა, შუაში კი თავი 21 წლის ედსონ მაგალმა გამოიჩინა, ვისთვისაც ეს პირველი გოლი იყო კარიერაში. შესრულებული დუბლის წყალობით, მაქსი ბიანკუჩი სერია A-ს ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

"ვიტორისთან" პირველ ტურში ნათამაშები ფრის შემდეგ (2:2), პირველი მატჩი მოიგო "ინტერნასიონალმა". დუნგას გუნდის მეტოქე "კრისიუმა" იყო, რომელიც სერია A-ს 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და პირველ ტურში "ბაია" დაამარცხა. ამ წყვილში ფავორიტი აშკარა იყო და მასპინძლებმა საქმე მე-16 წუთისთვის მოითავეს. ანდრეს დალესანდროს, დიეგო ფორლანს და რაფაელ მოურას არ გაუტანიათ, სამაგიეროდ თავი "უდინეზედან" დაბრუნებულმა ვილიანსმა და მცველმა, როდრიგო მოლედომ გამოიჩინეს.

შერცხვენილი გრანდები
"ვასკო და გამა" და "ფლამენგო" ჯერ კიდევ კარიოკას (რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი) დროს შერცხვნენ, როდესაც მეორე ეტაპზე ჯგუფში ჩარჩნენ. მათმა სუსტმა ასპარეზობამ გვაფიქრებინა, რომ გრანდებს ჩემპიონატშიც გაუჭირდებოდათ და ჯერჯერობით, ჩვენი მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება. "ვასკომ" პირველ ტურში კი მოიგო, მაგრამ მისი მეტოქე დებიუტანტი "პორტუგეზა" იყო, ამჯერად კი პაულო აუტორის გუნდი "სან პაულოს" ესტუმრა და სასტიკად შერცხვა. აღსანიშნავია, რომ ერთი საათის შემდეგ ანგარიში 0:0 იყო, სამაგიეროდ 61-ე წუთზე გოლი ლუიშ ფაბიანომ გაიტანა და სტუმართა რბევაც აქ დაიწყო. ფაბიანომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი ალოიზიომ და ტიაგო კარლეტომ გაიტანეს, ერთი ბურთიც საკუთარ კარში ლუანმა ჩაჭრა. მოკლედ, ლუანებისთვის მეორე ტური აშკარად განსხვავებული გამოვიდა...

რიო-სან პაულოს კიდევ ერთი დაპირისპირება მინას ჟერაესის შტატში, ქალაქ ჟუის დე ფორაში, "ესტადიო მუნისიპალ რადიალისტა მარიო ელენიოზე" შედგა, სადაც "ფლამენგომ" "პონტე პრეტას" "უმასპინძლა". "პონტე პრეტამ" სან პაულოს შტატის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ვილიამის და ახალგაზრდა მცველის, სისინიოს გოლების წყალობით მოიგო. "ფლას" ორი ტურის შემდეგ გოლი არ აქვს გატანილი და თუ სიტუაცია დროულად არ შეიცვალა, ვშიშობთ, რომ ბრაზილიის ყველაზე პოპულარულ გუნდს, ლიგიდან გავარდნის საფრთხე სერიოზულად დაემუქრება.

სერია A. II ტური

ატლ. პარანაენსე-კრუზეირო 2:2
გოლები: 1:0 პედრო ბოტელიო (7), 2:0 მანოელი (29), 2:1 დედე (43), 2:2 ლუანი (46)

ბოტაფოგო-სანტოსი 2:1
გოლები: 1:0 ფელიპე გაბრიელი (15), 2:0 რაფაელ მარკეში (22), 2:1 მონტილიო (72)

სან პაულო-ვასკო 5:1
გოლები: 1:0 ლუიშ ფაბიანო (61), 2:0 ალოიზიო (69), 3:0 ტიაგო კარლეტო (73), 4:0 ლუიშ ფაბიანო (75), 4:1 დაკსონი (83), 5:1 ლუანი (85-საკ. კარში)

ფლამენგო-პონტე პრეტა 0:2
გოლები: 0:1 ვილიამი (26), 0:2 სისინიო (74)

ნაუტიკო-ვიტორია 0:3
გოლები: 0:1 ბიანკუჩი (13), 0:2 ედსონ მაგალი (45), 0:3 ბიანკუჩი (50)

გოაისი-კორინთიანსი 1:1
გოლები: 1:0 ემანდო (38), 1:1 გილერმე (87)

ინტერნასიონ.-კრისიუმა 2:0
გოლები: 1:0 ვილიანსი (14), 2:0 როდრიგო მოლედო (16)

ბაია-კორიტიბა 0:0

10 ივნისი
ატლ. მინეირო-გრემიო

13 ივნისი
პორტუგეზა-ფლუმინენსე

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 3 - ბიანკუჩი (ვიტორია); 2 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ნილტონი (კრუზეირო), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), მანოელი (ატლეტიკო პარანაენსე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. I ტური: ნეიმარის ბოლო მატჩი და მესის დეიდაშვილის გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული