"ბოკა ხუნიორსი" ცვლილებებს გეგმავს

AutoSharing Option
ჩაგდებული სეზონის შემდეგ, რომელშიც გუნდმა მე-18 ადგილი დაიკავა, "ბოკა ხუნიორსში" სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

კარლოს ბიანკი უკვე რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა. ურუგვაელი ემილიანო ალბინი "პენიაროლს" დაუბრუნდა, ლაუტარო აკოსტა კი "სევილიას" - ორივე ფეხბურთელი "ბოკაში" იჯარით თამაშობდა. გარდა ამისა, კონტრაქტები დაუსრულდათ ლეანდრო სომოსას, ფრანკო სოსას, კრისტიან სელაის და კლემენტე როდრიგესს. ამ უკანასკნელზე უკვე მოგახსენეთ, რომ კარიერას "სან პაულოში" გააგრძელებს, აი, სხვების მომავალი ნავსაყუდელი ჯერ უცნობია. საურობენ იმაზეც, რომ ბიანკის სანტიაგო სილვა და ვალტერ ერვიტიც აღარ სჭირდება.

გუნდიდან წასვლის პირას არის ხუან სანჩეს მინიო,
რომლითაც ხარკოვის "მეტალისტია" დაინტერესებული. უკრაინელები არგენტინულ კლუბს 7,5 მილიონ ევროს სთავაზობენ, მაგრამ პრეზიდენტ დანიელ ანხელიჩის ნიჭიერი ფეხბურთელის გაყიდვა მხოლოდ ერთი პირობით სურს: 23 წლის უნივერსალმა მომდევნო ჩემპიონატი "ბოკაში" უნდა გაატაროს და უკრაინაში მხოლოდ იანვარში გადავიდეს. ჯერჯერობით ამ ტრანსფერზე გარკვეული არაფერია და მოლაპარაკებები გრძელდება.

რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, ვინც "ბოკას" გააძლიერებს: გუნდს იჯარიდან სერხიო არაუხო და ემილიანო ინსუა დაუბრუნდნენ - 21 წლის შემტევი "ბარსელონა B"-ში ასპარეზობდა (7 გოლი 34 მატჩში), ხოლო მარცხენა მცველმა ინსუამ წინა სეზონი "გოდოი კრუსში" გაატარა.

დაცვის ხაზის გაძლიერება ბიანკის კატა დიასის და მატიას როდრიგესის მეშვეობით სურს. დიასი მადრიდის "ატლეტიკოში" ირიცხება, თუმცა ძირითადში იშვიათად ხვდება და არაა გამორიცხული კლუბი დატოვოს, მატიას როდრიგესი კი იანვარში "სამპდორიაში" გადავიდა, მაგრამ გენუურ კლუბში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, არადა 27 წლის მარჯვენა მცველი 2012 წლის სამხრეთ ამერიკის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ნახევარდაცვაში არსებული პრობლემების მოგვარება "პაპა კარლოს" ფერნანდო გაგოს მეშვეობით სურს. "ბოკას" აღზრდილმა გაგომ, რომელიც "ვალენსიას" ეკუთვნის, ტორნეო ფინალი "ველეს სარსფილდში" გაატარა, თუმცა თავის გამოჩენაში ხელი ტრავმებმა შეუშალეს. 29 ივნისს გასამართი სეზონის ფინალური მატჩის შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი კვლავ "ვალენსიაში" დაბრუნდება და "ბოკას" მოლაპარაკებების გამართვა სწორედ ესპანურ გუნდთან მოუწევს. გაგო 5 წლის ასაკიდან "ბოკა ხუნიორსის" წევრი იყო, 2004-07 წლებში კი ამ გუნდის მაისური 69 შეხვედრაში მოირგო და 1 გოლიც გაიტანა, რის შემდეგაც სათამაშოდ მადრიდის "რეალში" გადავიდა.

კოპა ლიბერტადორესის 6-გზის მფლობელი ემანუელ ჟიგლიოტითაც არის დაინტერესებული. "კოლონის" 26 წლის ფორვარდი, რომელიც იგნასიო სკოკოსთან ერთად ტორნეო ფინალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, "ბოკაში" სანტიაგო სილვას შემცვლელი უნდა გახდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. ბოლო ტური: დასასრული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული