"ინტერნასიონალი" სერიოზულად გაძლიერდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალი" ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. ლიბერტადორესის თასის 2-გზის გამარჯვებულმა (2006, 2010) ალექსი და იგნასიო სკოკო შეიძინა.

31 წლის ალექსი (სრული სახელი: ალექს რაფაელ მესკინი) "ალ გარაფადან" გამოისყიდეს. მოსკოვის "სპარტაკის" და "კორინთიანსის" ყოფილ ნახევარმცველს "ინტერნასიონალში" ადრეც უთამაშია - 2004-09 წლებში ნახევარმცველმა 168 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა, სამჯერ მოიგო გაუჩოს (რიო გრანდე დო სულის შტატის) ჩემპიონატი, თითოჯერ კი ლიბერტადორესის თასზე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რეკოპა სუდამერიკანასა და კოპა სუდამერიკანაზე იმარჯვა. ყატარულმა კლუბმა 3 მილიონი ევრო მიიღო, ალექსმა კი
2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნახევარდაცვის გარდა, ბრაზილიის 3-გზის ჩემპიონმა შეტევაც გააძლიერა. იმის გამო, რომ კლუბიდან ლეანდრო დამიაო მიდის, მთავარ მწვრთნელ დუნგას ერთი ახალი ფორვარდის ყიდვაც სურდა. ნილმარის და სავიოლას ჩაშლილი ტრანსფერების შემდეგ ბრაზილიელებმა ყურადღება იგნასიო სკოკოსკენ გადაიტანეს და არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი შეიძინეს.

28 წლის სკოკომ ბოლო სეზონი "ნიუელს ოლდ ბოისში" გაატარა, სადაც ემირატების "ალ აინიდან" იყო განათხოვრებული. არგენტინელმა ფორვარდმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სატრანსფერო თანხაზე არაფერი თქმულა, თუმცა ბრაზილიელი ჟურნალისტების ცნობით, "ინტერმა" 4,5-დან 6,5 მილიონამდე გადაიხადა.

სკოკოს "ინტერში" სამი თანამემამულე დახვდება: ანდრეს დალესანდრო, ხესუს დატოლო და მარიო ბოლატი.

"ინტერნასიონალს" ბრაზილიის ჩემპიონატი 70-იან წლებში აქვს მოგებული (1975, 1976, 1979). დუნგას მიზანი 34-წლიანი უტიტულო სვლის შეჩერებაა და ამ ტრანსფერების მერე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ინტერს" სანუკვარი ტიტულის მოპოვების შანსი საკმაოდ გაიზარდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დალესანდრო-ალექსის მსგავსი შემტევი ნახევარმცველების დუეტი და ფორლანი-სკოკოს მსგავსი თავდასხმა ბრაზილიაში ბევრ გუნდს ნამდვილად არ ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბოკა ხუნიორსი" შეტევას აძლიერებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული