ტორნეო ინისიალი: ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
არ გაგიკვირდეთ და ტორნეო ინისიალის მსვლელობისას, ჩემპიონად ორი გუნდი უნდა მოვიხსენიოთ: "ნიუელს ოლდ ბოისი" და "ველეს სარსფილდი". არგენტინის ჩემპიონატის უცნაური სტრუქტურის და მეტადრე, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში დასაქმებული ჭკუამხიარული ხალხის (ხულიო გრონდონას წინამძღოლობით) გამო, ქვეყანას ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს - "ნიუელსი" ტორნეო ფინალის გამარჯვებულია, "ველესი" კი სეზონის ჩემპიონია.

ერთ-ერთმა ჩემპიონმა, ტორნეო ფინალის გამარჯვებულმა "ნიუელსმა", ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. I ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში "ძველი ბიჭები" "ბომბონერაზე" ჩავიდნენ და იქიდან სამი ქულა წაიღეს.

ორივე გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. კარლოს ბიანკიმ ძირითადში მხოლოდ
ორი ახალწვეული: ემილიანო ინსუა და დანიელ "კატა" დიასი დააყენა. პირველი გუნდში იჯარის შემდეგ დაბრუნდა, აი, დიასი "ბოკამ" მადრიდის "ატლეტიკოდან" გადაიყვანა და ვეტერანი მცველი ჯერჯერობით შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს - 2 შეხვედრაში "კატამ" 2 გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, "ნიუელსი" ხერარდო მარტინომ, სანტიაგო ვერხინიმ ("ესტუდიანტესში" გადავიდა) და იგნასიო სკოკომ ("ინტერნასიონალი") დატოვეს. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალფრედო ბერტი დაინიშნა, სკოკოს შემცვლელად კი გუნდში დავიდ ტრეზეგე მივიდა, მაგრამ ვეტერანს არ უთამაშია.

სტუმართა რიგებში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კიდევ ერთი ახალწვეული, ვიქტორ აკინო გამოჩნდა, რომელმაც წინა სეზონი იჯარით "ბელგრანოში" გაატარა. პარაგვაელის დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა - აკინომ მეორე ტაიმის პირველ 5 წუთში ორი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა.

"ბოკას" "ნიუელსთან" უკვე 5 მატჩია არ მოუგია. მეტიც, სანამ თამაშის მე-5 წუთზე ნიკოლას ბლანდი ანგარიშს არ გახსნიდა, მასპინძლებს მეტოქის კარში გოლი 360 წუთის განმავლობაში არ ჰქონდათ გატანილი.

I ტურის გამოტოვებული მატჩი

ბოკა-ნიუელსი 2:3
გოლები: 1:0 ბლანდი (5), 1:1 კასკო (16), 2:1 კატა დიასი (31), 2:2 ვ. აკინო (46), 2:3 ვ. აკინო (51)

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 3 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), ს. სილვა (ლანუსი); 2 - ვ. აკინო (ნიუელს ოლდ ბოისი), კატა დიასი (ბოკა ხუნიორსი), კ. ლუნა (როსარიო), ობოლო (გოდოი კრუსი), პრატო (ველეს სარსფილდი), დ. ვერა (ატლეტიკო რაფაელა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. I ტური: ბევრი პენალტი და ბევრი წითელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული