ბრაზილია. სერია A. XVII ტური: ხუთეული გამოიკვეთა

AutoSharing Option
ბრაზილიის სერია A-ს პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა, მაგრამ ტენდენციებზე საუბარი ნამდვილად შეიძლება. ნელ-ნელა გამოიკვეთა იმ გუნდების სია, რომლებიც ტიტულისთვის და ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის იბრძოლებენ...

ხუთეული
ამ მომენტისთვის პირველ ხუთ ადგილზე მყოფი გუნდები სხვებს აშკარად აღემატებიან, რაც ამ ტურშიც დამტკიცდა. კვინტეტიდან გამარჯვება მხოლოდ "ბოტაფოგომ" ვერ მოიპოვა, რომელმაც გაჭირვებული "სან პაულო" ვერ დაამარცხა, სხვა ყველა გუნდმა კი აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.

"კორინთიანსის" პირველი უხვგოლიანი
"კორინთიანსი"
ამ ტურამდე ე.წ. ნაკლების გუნდი იყო - 16 ტურში, ამ გუნდის მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში სამი ან მეტი გოლი არ გასულა და აი, ეს სერიაც შეწყდა, თანაც მთლიანად ტიტეს გუნდის დამსახურებით.

ოთხბურთიანი სხვაობით მოსაგებად, "ტიმაო" უკეთეს მეტოქეს ძნელად თუ იპოვიდა - "კორინთიანსმა" ხომ ბრაზილიის ყველაზე პოპულარული გუნდი, "ფლამენგო" გაანადგურა. უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვით, "ფლას" 45 მილიონამდე ადამიანი გულშემატკივრობს, რაც ბრაზილიის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს შეადგენს.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ალეშანდრე პატომ - "მილანის" ყოფილმა ფორვარდმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა, რადგან "კორინთიანსს" ერთ შეხვედრაში ორი გოლი ამ სეზონში არ გაუშვია. მასპინძელთა მეკარე კასიომ კარი ამჯერადაც მშრალად შეინახა, მეორე ტაიმში კი პატოს რომარინიო და ხოსე პაოლო გერერო მიეხმარნენ - 4:0.

"ფლამ" მეტოქესთან ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, უკანასკნელად კი ამ გუნდმა "კორინთიანსი" 2009 წელს დაამარცხა და იმის მერე მხოლოდ 2-ჯერ შეძლო ქულის აღება, 5-ჯერ კი დამარცხდა.

მოგება და ფრე
"გრემიო" და "ინტერნასიონალი" დაპირისპირებული გუნდები არიან. ორივე ქალაქ პორტუ ალეგრის წარმოადგენს და მათ ერთმანეთზე საძულველი მეტოქე არ ჰყავთ.
"გრემიომ" ამ ტურში "პონტე პრეტას" უმასპინძლა და კლებერის ერთადერთი გოლით ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. რენატო გაუჩოს გუნდმა "ბოტაფოგოს" გადაასწრო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

"ინტერნასიონალმა" კი "კორიტიბას" ვერ მოუგო. ამ უკანასკნელმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ნელ-ნელა მოუკლო და წინ გაქცეულ ლიდერებს ჩამორჩა. თუ "გრემიომ" მიჯრით 5 შეხვედრაში იმარჯვა, "ინტერის" წაუგებელი სერია უკვე 6 მატჩია გრძელდება, მაგრამ ამ 6 შეხვედრიდან დუნგას შეგირდებმა ერთიც ვერ მოიგეს. დიახ, "ინტერნასიონალმა" ზედიზედ მე-6 მატჩი დაასრულა ფრედ, რაც მართლაც საოცარი შედეგია.

"პარანაენსეს" საოცარი გარდასახვა
"ატლეტიკო პარანაენსემ" ბოლო ადგილზე მყოფი "ნაუტიკო" გაანადგურა. ვაგნერ მანჩინის გუნდი აგრძელებს ყველას გაოცებას - წლევანდელი სეზონის დებიუტანტი უკვე მესამე ადგილზეა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ "ატლეტიკოს" უკვე 10 მატჩია არ წაუგია და აქედან 7 მოიგო; არადა, ამ სერიის დაწყებამდე გუნდი ბოლოსწინა ადგილზე იყო და ისე ჩანდა, რომ წელს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის უნდა ებრძოლა.

მორიგი გოლები გაიტანა ედერსონმა - 24 წლის ფორვარდი, რომელსაც წლევანდელ სეზონამდე უმაღლეს ლიგაში ნათამაშები არ ჰქონდა, 12 გოლით ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.

სანახაობა ბელუ ორიზონტიში
"კრუზეირომ" და "ვასკომ" გულშემატკივრებს საფეხბურთო სპექტაკლი შესთავაზეს. გუნდებმა ერთმანეთის კარში 8 გოლი გაიტანეს. აქედან, მასპინძლეთა გასახარად, მათი გუნდის ანგარიშზე 5 ბურთი იყო.

ვინისიუს არაუჟოს გარდა, ყველა ფეხბურთელმა თავის კლუბში პირველი გოლები გაიტანა. "ვასკოს" მხრიდან ორი გოლი ახალგაზრდა ვილიმ შეაგდო, ორი საგოლე პასი კი ფაგნერმა მიითვალა. "კრუზეიროდან" გამოირჩეოდა ჟულიო ბაპტიშტა, რომელიც ახალ კლუბში პირველ შეხვედრას ატარებდა.

პაულო ოლივეირას გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა.

XVII ტური

გრემიო-პონტე პრეტა 1:0
გოლი: 1:0 კლებერი (60)
გაძევება: ჯოვანი (54. პონტე პრეტა)

ნაუტიკო-ატლ. პარანაენსე 1:4
გოლები: 0:1 ლეო (5), 0:2 ევერტონი (19), 1:2 ხ. ოლივერა (42), 1:3 ედერსონი (80), 1:4 ედერსონი (90)

პორტუგეზა-ბაია 4:2
გოლები: 1:0 მოიზეს მოურა (2), 2:0 ჟილბერტო (5-პენ), 3:0 ჟილბერტო (7), 3:1 ფერნანდაო (56-პენ), 4:1 ბერგსონი (60), 4:2 ვალისონი (73)

ფლუმინენსე-სანტოსი 0:2
გოლები: 0:1 ტიაგო რიბეირო (13), 0:2 სისერო (29)

კორინთიანსი-ფლამენგო 4:0
გოლები: 1:0 პატო (25), 2:0 პატო (35), 3:0 რომარინიო (75), 4:0 გერერო (84-პენ)

ვიტორია-კრისიუმა 0:1
გოლი: 0:1 მარსელი (17-პენ)

კრუზეირო-ვასკო 5:3
გოლები: 1:0 ვილიანი (1), 1:1 ვილი (18), 2:1 ლუკას სილვა (32), 3:1 ჟულიო ბაპტიშტა (39), 3:2 ანდრე (40), 3:3 ვილი (43), 4:3 ლუკას სილვა (67), 5:3 ვინისიუს არაუჟო (87)
გაძევება: დაგობერტო (90. კრუზეირო)

გოიასი-ატლ. მინეირო 0:0
გაძევება: ვიტორი (72. გოიასი)

კორიტიბა-ინტერნასიონ. 0:0
გაძევება: ალანი (83. ინტერნასიონალი)

ბოტაფოგო-სან პაულო 0:0

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 12 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 10 - ვილიამი (პონტე პრეტა); 8 - ბიანკუჩი (ვიტორია), ანდრე (ვასკო და გამა); 7 - რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), ფერნანდაო (ბაია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XVI ტური: ბრაზილიური სერი(ალ)ები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული