ბოკა-ველესი
"ბოკა ხუნიორსის" და "ველეს სარსფილდის" შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც ამ ტურის მატჩი ყოფილა. მასპინძლებს არ ჰყავდათ ხუან რომან რიკელმე. სამაგიეროდ, დაბრუნდა ფერნანდო გაგო, რომელმაც "ბოკაში" პირველი მატჩი ჩაატარა და თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა პირველივე წუთზე საგოლე პასი გააკეთა და რიბაირ როდრიგესს ანგარიში გაახსნევინა.
სტუმართა პასუხმა არ დააყოვნა - მე-10 წუთზე პარტნიორები ესეკილ რესკალდანის ულოცავდნენ. ახალგაზრდა ფორვარდმა ჩემპიონატში პირველი გოლი შეაგდო.
"ბომბონერაზე" "ველესს"
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა. ნაკრებში გამოძახებული ფრანსისკო სეროს გაძევებამ კი "ველესი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, რომლიდანაც გუნდი ვერ გამოვიდა და დამარცხდა.
2012/13 სეზონის და 2012 წლის ტორნეო ინისიალის ჩემპიონმა პირველი მარცხი განიცადა, კარლოს ბიანკის გუნდმა კი 9 ქულა მოაგროვა და ახლა "ბოკა" ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
ბოლო წუთზე დაკარგული 2 ქულა
ლიდერი კი მოქმედი ჩემპიონი, "ნიუელს ოლდ ბოისი" გახლავთ. ტორნეო ფინალის გამარჯვებული "ესტუდიანტესს" ეთამაშებოდა, რომელსაც კვლავ არ ჰყავდა ხუან ვერონი. სამაგიეროდ, შედარებით მეტი სათამაშო დრო მიეცა პატრისიო "პატიტო" როდრიგესს, რომელმაც ბოლო წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, ანგარიში კი ვეტერანმა ლეანდრო დესაბატომ გაათანაბრა.
"ძველი ბიჭები" პაბლო პერესის გოლით იგებდნენ - ნახევარმცველმა ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გახსნა, როდესაც მაქსი როდრიგესის პასით ისარგებლა. ამ შეხვედრაში არ უთამაშია დავიდ ტრეზეგეს, რომელიც ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
მიუხედავად დაკარგული ქულებისა, ალფრედო ბერტის გუნდმა ლიდერობა შეინარჩუნა, რადგან "ნიუელსის" ყველა მდევარს ფეხი დაუცდა.
გრონდონა VS მარადონა
ხულიო გრონდონას სახელობის სტადიონზე სათამაშოდ "არგენტინოს ხუნიორსი" ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ სარანდის "არსენალი" სწორედ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის უცვლელი პრეზიდენტის დაარსებულია, ამჟამად კი "მეთოფეთა" პრეზიდენტი ხულიო გრონდონას შვილი გახლავთ. რაც შეეხება "არგენტინოსს": ამ გუნდმა მსოფლიოს დიეგო მარადონა აჩუქა და მის სტადიონსაც სწორედ "ეს პიბე დე ოროს" სახელი ჰქვია.
გრონდონას და მარადონას გუნდების შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეხვედრა წლევანდელი სეზონის ყველაზე უსახური მატჩი იყო და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მომავალ ტურებში მაყურებლებმა ამაზე უინტერესო "სანახაობა" იხილონ.
"რივერი" კრიზისშია
"რივერ პლეიტმა" მორიგი მატჩი წააგო. განსაკუთრებით მტკივნეული გუნდის ქომაგებისთვის ეს მარცხი იმის გამო იყო, რომ გუნდი დერბიში, "სან ლორენსოსთან" დამარცხდა. "დიდი ხუთეულის" ("ბოკა", "რივერი", "რასინგი", "ინდეპენდიენტე", "სან ლორენსო") წარმომადგენელთა მატჩში ერთადერთი გოლი ხულიო ბუფარინიმ 11-მეტრიანით გაიტანა და რამდენიმე დღის წინ, კოპა სუდამერიკანას პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის (0:1) საკუთარ გუნდს რევანში ააღებინა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის ჩემპიონატში "რივერს" "ნუევო გასომეტროზე" 2004 წლის შემდეგ არ მოუგია (4 ფრე და 5 წაგება). ეს გუნდები ერთმანეთს ორ დღეში კიდევ ერთხელ, სუდამერიკანას საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. მატჩი "მონუმენტალზე" გაიმართება.
"ბელგრანოს" "ქამბექი"
"ბელგრანო" "ატლეტიკო რაფაელასთან" შეხვედრაში ფავორიტი კი იყო, მაგრამ კორდობელები 43-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდნენ. ამის შემდეგ საქმეს ხელი ვეტერანმა ესეკილ მახიოლომ მოჰკიდა. 36 წლის ფორვარდმა პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა შეამცირა, მეორე ტაიმის დებიუტში კი ანგარიში გაათანაბრა. დაბნეულ სტუმრებს კი გადამწყვეტი ბურთი ლუსიანო ლოლომ გაუტანა - 26 წლის მცველმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე ყველას დაასწრო და შეცდომა გამოასწორა. საბოლოოდ, 3:2 და "ბელგრანომ" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, "ლანუსმა" "ოლიმპოს" საკმაოდ იოლად მოუგო და 8 ქულა მოაგროვა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლაუტარო აკოსტა დაასახელეს - "სევილიას" და "ბოკას" ყოფილმა ფორვარდმა 45-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მეორე ნახევარში კი საგოლე გადაცემაც შეასრულა და ახალგაზრდა ნიკოლას პასკინის გაატანინა. 22 წლის მოთამაშემ კარიერაში პირველი ბურთი გაიტანა.
არაფერი შველის "რასინგს", რომელმაც ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და კვლავ ბოლო პოზიციას ამაგრებს. "აკადემიამ" ამჯერად "ოლ ბოისთან" დაყარა ფარ-ხმალი, რომლისთვისაც ეს მოგება ჩემპიონატში პირველი იყო.
V ტური
ნიუელსი-ესტუდიანტესი 1:1
გოლები: 1:0 პ. პერესი (54), 1:1 ლ. დესაბატო (90)
ტიგრე-კილმესი 0:1
გოლი: 0:1 პაპარატო (45-საკ. კარში)
ოლ ბოისი-რასინგი 1:0
გოლი: 1:0 ბატიონი (17)
კოლონი-როსარიო 2:1
გოლები: 1:0 რ. რამირესი (28), 1:1 აბრეუ (40-პენ), 2:1 რ. რამირესი (79)
გაძევება: ურიბარი (41. კოლონი)
ბოკა-ველესი 2:1
გოლები: 1:0 რ. როდრიგესი (1), 1:1 რესკალდანი (10), 2:1 ბლანდი (38)
გაძევება: სერო (64. ველეს სარსფილდი)
სან ლორენსო-რივერი 1:0
გოლი: 1:0 ბუფარინი (61-პენ)
ბელგრანო-ატლ. რაფაელა 3:2
გოლები: 0:1 კანუე (18), 0:2 როდალესი (38), 1:2 მახიოლო (43), 2:2 მახიოლო (48), 3:2 ლოლო (68)
გაძევება: ფ. გონსალესი (73. ატლეტიკო რაფაელა)
ლანუსი-ოლიმპო 3:0
გოლები: 1:0 აკოსტა (45), 2:0 ბლანკო (71), 3:0 პასკინი (73)
ხიმნასია-გოდოი კრუსი 0:0
არსენალი-არ. ხუნიორსი 0:0
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები: 4 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), რ. რამირესი (კოლონი); 3 - კარილიო (ესტუდიანტესი), რასიჩი (ხიმნასია ლა პლატა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. IV ტური: დაბრუნებული ვეტერანები და გაგდებული ახალგაზრდა