ბრაზილია. სერია A. XXIV ტური: დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის 24-ე ტურმა ლიდერსა და მდევრებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. "კრუზეირომ" მორიგი რთული მატჩი მოიგო, "ბოტაფოგომ" კი მოულოდნელად, ერთ-ერთ აუტსაიდერთან მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა...

ნილტონს ვეღარ აჩერებენ
ლიდერის მორიგ გამარჯვებას სათავე ნილტონმა დაუდო, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია - "ვასკო და გამას" ყოფილმა ნახევარმცველმა ბოლო 4 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა. "ინტერნასიონალს" ამ შეხვედრაში ლიდერები აკლდა - იგნასიო სკოკოს, ანდრეს დალესანდროს და დიეგო ფორლანს საერთოდ არ უთამაშიათ, ლეანდრო დამიაო და ალექსი კი მხოლოდ ცვლილებაზე გამოვიდნენ.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა საპასუხო
გოლი ძალიან მალე, ზუსტად 2 წუთში გაიტანეს - თავი 18 წლის ოტავინიომ გამოიჩინა, ვის ანგარიშზეც ამ ჩემპიონატში უკვე 4 ბურთია.

საბოლოოდ, შეხვედრის გადამწყვეტი გოლი მეორე ტაიმის დებიუტში, "მეტალისტიდან" განათხოვრებულმა ვილიანმა გაიტანა და მარსელო ოლივეირას გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა. "კრუზეირომ" ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ. ამ ტურის შემდეგ ბრაზილიის 2-გზის ჩემპიონი უახლოეს მდევარს უკვე 11 ქულით უსწრებს.

ამის მიზეზი კი "ბოტაფოგოს" ჩავარდნაა. ოსვალდო დე ოლივეირას შეგირდებმა ზედიზედ სამი შეხვედრა წააგეს. ამჯერად "ფოგო" მე-19 ადგილზე მყოფ "პონტე პრეტასთან" დამარცხდა, რომელმაც მრისხანე მეტოქეს სტუმრად შარშანაც მოუგო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ბევრი ელიასისგან ერთ-ერთმა პენალტით გაიტანა. სხვათა შორის, საკუთარი ელიასი ჰყავს "ბოტაფოგოსაც", თუმცა მას ამ შეხვედრაში არ უთამაშია...

სამაგიეროდ, ითამაშა ყველაზე ცნობილმა ელიასმა და "ფლამენგოს" გოლითაც შეეწია. მადრიდის "ატლეტიკოს" და ლისაბონის "სპორტინგის" ყოფილმა ფეხბურთელმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა, "კრისიუმასთან" გამართული მატჩის გმირი კი ახალგაზრდა ერნანი გახდა, ვინც დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაშიც გაერია.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან თავი გამოიჩინა დანი კარვალიომ. დიახ, მოსკოვის ცსკა-ს და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სწორედ ამ გუნდში ირიცხება. 32 წლის ნახევარმცველმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ საკუთარი გუნდი დიდი ანგარიშით მარცხისგან ვერ იხსნა.

საოცარი სანახაობა
სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი უდავოდ კურიტიბაში გაიმართა, სადაც "ატლეტიკო პარანაენსემ" და "ვიტორიამ" ერთმანეთს 8 გოლი გაუტანეს. მასპინძლებისთვის სამწუხაროდ, რვიდან ხუთი ბურთი მათი გუნდის კარში გავიდა.

შეხვედრა დაუჯერებელი სცენარით განვითარდა - პირველი ტაიმი სტუმრებმა 3:0 მოიგეს, რაც საკმაოდ მოულოდნელი შედეგი იყო, მაგრამ ამაზე დიდი სიურპრიზი წინ გველოდა - მასპინძლებმა მეორე ნახევრის საწყის 24 წუთში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ედერსონმა ორი გოლი გაიტანა და გარდა ამისა, საგოლე პასიც მიითვალა.

წონასწორობის აღდგენის შემდეგ თითქოს გამარჯვება "ატლეტიკოს" უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - სტუმრები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, რასაც აირტონის მეორე და შეხვედრის ბოლო გოლი მოჰყვა - 3:5!

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "კორინთიანსის" განადგურებაც. "ტიმაოს" მთელი სეზონის განმავლობაში ერთ შეხვედრაში სამი გოლი გაშვებული არ ჰქონდა, ამჯერად კი საკუთარ კარში ერთბაშად ოთხი მიიღო. მატჩის გმირი გახდა 24 წლის ჟილბერტო, რომელიც "პორტუგეზაში" "ინტერნასიონალიდან" არის განათხოვრებული. ფორვარდმა სამი გოლი გაიტანა და კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

ბრაზილია. სერია A. XXIV ტური

გოიასი-ფლუმინენსე 1:2
გოლები: 1:0 ვილიამ მატეუსი (37), 1:1 ჟეანი (52), 1:2 რაფაელ სობისი (85)

ნაუტიკო-კორიტიბა 3:0
გოლები: 1:0 ხ. ოლივერა (51), 2:0 მაიკონ ლეიტე (77), 3:0 მაიკონ ლეიტე (84)
გაძევება: ს. ესკუდერო (84. კორიტიბა)

ბოტაფოგო-პონტე პრეტა 0:1
გოლი: 0:1 ელიასი (43-პენ)

ფლამენგო-კრისიუმა 4:1
გოლები: 1:0 ერნანი (5), 2:0 უოლასი (18), 3:0 ერნანი (24-პენ), 3:1 დანიელ კარვალიო (45-პენ), 4:1 ელიასი (78)
გაძევება: ელტონ ლეიტე (22. კრისიუმა), ფელიპე (45. ფლამენგო)

სან პაულო-გრემიო 0:1
გოლი: 0:1 ე. ვარგასი (69)

პორტუგეზა-კორინთიანსი 4:0
გოლები: 1:0 ჟილბერტო (8), 2:0 ჟილბერტო (13), 3:0 ჟილბერტო (32), 4:0 ვანდერსონი (80)
გაძევება: ჟილი (66. კორინთიანსი)

ინტერნასიონ.-კრუზეირო 1:2
გოლები: 0:1 ნილტონი (4), 1:1 ოტავინიო (6), 1:2 ვილიანი (53)

ატლ. მინეირო-სანტოსი 3:1
გოლები: 0:1 სისინიო (15), 1:1 ლუანი (18), 2:1 მარკოს როჩა (37), 3:1 ალეკსანდრო (88)

ატლ. პარანაენსე-ვიტორია 3:5
გოლები: 0:1 რენატო კაჟა (18), 0:2 აირტონი (30), 0:3 დინეი (44), 1:3 ედერსონი (57), 2:3 ედერსონი (63), 3:3 როჟერი (69), 3:4 ვილიამ ენრიკე (83), 3:5 აირტონი (87)

ბაია-ვასკო 0:0

Sportall.Ge

ბომბარდირები:
15 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 11 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა); 10 - ალექსი (კორიტიბა), ფერნანდაო (ბაია); 9 - ანდრე (ვასკო და გამა), ერნანი (ფლამენგო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXIII ტური: "ბოტაფოგოს" მოულოდნელი მარცხი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული