არგენტინა. ტორნეო ინისიალი. IX ტური: ათიდან რვა

AutoSharing Option
ტორნეო ინისიალის მე-9 ტურმა მასპინძლების უპირატესობით ჩაიარა - 10 მატჩიდან 8 საშინაო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, სტუმრებმა კი მხოლოდ ერთი გამარჯვება და ერთი ფრე ჩაიწერეს აქტივში...

მაქსიმ ისევ გაიტანა
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა, "ნიუელს ოლდ ბოისმა", ყოფილ ლიდერ "არგენტინოს ხუნიორსს" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოუგო. ალფრედო ბერტის შეგირდები სიტუაციას მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდნენ და საკუთარი უპირატესობა ეჭვის ქვეშ ერთხელაც არ დაუყენებიათ.

ჩემპიონატში მორიგი, უკვე მეოთხე გოლი გაიტანა მაქსი როდრიგესმა, რომელსაც რამდენიმე წუთში დუბლის
შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ვეტერანმა ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა - პაბლო მილიორემ მაქსის კუთხე გამოუცნო და დარტყმული მოიგერია.

სანამ ანგარიში 1:0 იყო, "არგენტინოსი" შეხვედრის გადარჩენის შანსს კიდევ ინარჩუნებდა, მაგრამ როდესაც პაბლო პერესმა მეორე გოლი გაიტანა, ყველაფერი იქვე დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და პირველი პოზიცია შეინარჩუნა.

პიატის დუბლით
"ნიუელსს" არ ჩამორჩა კონკურენტი "სან ლორენსო", რომელმაც დებიუტანტი, "ხიმნასია ლა პლატა" გაანადგურა და მეორე ადგილი შეინარჩუნა. ხუან ანტონიო პიცის გუნდის რიგებში გამორჩეული იყო იგნასიო პიატი, რომელმაც ყოფილ კლუბს ორი გოლი გაუტანა. პიატიმ "ხიმნასიაში" სამი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც ჯერ "ინდეპენდიენტეში" გადავიდა, შემდეგ კი "ლეჩეს" მიაშურა.

"სან ლორენსო" ძალიან კარგ ფორმაშია და ფავორიტის სტატუსსაც ამართლებს. რომის პაპის საყვარელი გუნდის წევრებმა უკანასკნელი 5 მატჩიდან 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. მეტიც, ამ 5 შეხვედრაში კლუბს ერთი გოლიც კი არ გაუშვია.

გრძელდება სარანდის "არსენალის" წარმატებული სვლაც. გუსტავო ალფაროს გუნდი ერთადერთია, რომელსაც ჯერ მარცხი არ განუცდია. მორიგ ტურში "მეთოფეების" მეტოქე მარტინ პალერმოს "გოდოი კრუსი" იყო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 19 წლის რამირო კარერამ გაიტანა, მატჩის ბოლოსკენ კი სტუმრებმა ორი წითელი ბარათი მიიღეს.

კიდევ უფრო მეტი გაძევება ვიხილეთ "ტიგრეს" და "კოლონის" შეხვედრაში, გოლი კი აქაც ერთი გავიდა - რამირო ლეონემ სეზონში მეორე ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში მასპინძლები მინდორზე 10 კაცით იყვნენ, ვინაიდან არბიტრმა სერხიო არაუხო გააძევა.

მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა "ვეფხვებმა" დაწინაურება მოახერხეს, შემდეგ კი წითელი ფერის ბარათებს მხოლოდ სტუმრები იღებდნენ - მაქსი კაირე, რუბენ რამირესი და ლუკას ლანდა "კოლონს" მომდევნო შეხვედრაშიც დააკლდებიან.

"ბოკამ" და "რივერმა" ერთად მოიგეს
ასეთი რამ ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ, მეორე ტურში მოხდა - არგენტინული ფეხბურთის ორმა ყველაზე ტიტულოვანმა და პოპულარულმა გუნდმა ერთად იმარჯვა.

"ბოკა ხუნიორსმა" "კილმესს" უმასპინძლა და ემანუელ ჟიგლიოტის დუბლის წყალობით სძლია, "რივერმა" კი მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და შეხვედრის ბოლო წუთზე, გაბრიელ მერკადოს გატანილი გოლით "ლანუსს" სტუმრად მოუგო.

"მილიონერებმა" წინა სეზონის ბოლოს განცდილი გამანადგურებელი და სამარცხვინო მარცხისთვის (1:5) რევანში აიღეს და მეტოქეს სატურნირო ცხრილში გადაასწრეს.

მომდევნო ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი გველის: "მონუმენტალზე" ერთმანეთს "რივერი" და "ბოკა" შეხვდებიან.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. IX ტური
არსენალი-გოდოი კრუსი 1:0
გოლი: 1:0 კარერა (54)
გაძევება: სიგალი (84. გოდოი კრუსი), ლერტორა (88. გოდოი კრუსი)

ოლ ბოისი-როსარიო 1:1
გოლები: 1:0 მატოსი (48), 1:1 ფ. კარისო (67)
გაძევება: ესპინოსა (32. ოლ ბოისი)

სან ლორენსო-ხიმნასია 3:0
გოლები: 1:0 ი. პიატი (13), 2:0 ალვარადო (51), 3:0 ი. პიატი (58)

ატლ. რაფაელა-ოლიმპო 2:0
გოლები: 1:0 დ. ვერა (8-პენ), 2:0 ფ. გონსალესი (83)

ნიუელსი-არ. ხუნიორსი 2:0
გოლები: 1:0 მაქსი როდრიგესი (21), 2:0 პ. პერესი (71)

ტიგრე-კოლონი 1:0
გოლი: 1:0 რ. ლეონე (54)
გაძევება: არაუხო (48. ტიგრე), კაირე (67. კოლონი), რ. რამირესი (80. კოლონი), ლანდა (88. კოლონი)

ბელგრანო-რასინგი 3:0
გოლები: 1:0 ს. პერეირა (30), 2:0 ს. პერეირა (78), 3:0 კ. ბუენო (86)

ბოკა-კილმესი 2:0
გოლები: 1:0 ჟიგლიოტი (33), 2:0 ჟიგლიოტი (87)

ლანუსი-რივერი 0:1
გოლი: 0:1 მერკადო (90)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), მატოსი (ოლ ბოისი); 4 - კარილიო (ესტუდიანტესი), პრატო (ველეს სარსფილდი), რ. რამირესი (კოლონი), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი), ს. სილვა (ლანუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VIII ტური: მაქსი როდრიგესის შედევრი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული