ბრაზილია. სერია A. XXVII ტური: აუტსაიდერების ტური

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის 27-ე ტურში ორივე ლიდერმა წააგო, სამაგიეროდ, ბოლო ხუთ ადგილზე მყოფი გუნდებიდან ოთხმა სამი ქულა აიღო და ამის გამო, ცხრილის ქვედა ნაწილში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა...

მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე დამარცხდა ლიდერი "კრუზეირო", რომელსაც ბოლო 12 შეხვედრაში 11 მოგება და 1 ფრე ჰქონდა. "მელიების" წაქცევა მურისი რამალიოს "სან პაულომ" შეძლო, რაც გასაკვირი კი არის, მაგრამ ისტორიულად "სან პაულო" "კრუზეიროსთან" კოლოსალურ უპირატესობას ფლობს.

თავად განსაჯეთ - ბრაზილიის ჩემპიონატში გამართული ბოლო 19 მატჩიდან "სამფეროვნებმა" 12 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 1 წააგეს!
გარდა ამისა, ბელუ ორიზონტიში "კრუზეიროს" მეტოქე 2004 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია (3 ფრე და 6 წაგება).

ლეგენდარული სპეციალისტის დაბრუნება ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონს (აქედან, 3 ტიტული გუნდს სწორედ რამალიომ მოუტანა) აშკარად წაადგა - "სან პაულომ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და კვლავ გასავარდნი ზონის მიღმა დარჩა, თუმცა კონკურენტების ჩამოტოვება ვერ მოახერხა, რადგან 3 ქულა ყველა მათგანმა აიღო.
"ვასკო და გამამ" რიო დე ჟანეიროს დერბიში "ფლუმინენსეს" 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 36 წლის კრისმა გაიტანა. "ლიონის" ყოფილმა მცველმა ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა.

"კრუზეიროს" მსგავსად, წააგო მეორე ადგილზე მყოფმა "გრემიომაც", რომელსაც მე-18 ადგილზე მყოფმა "კრისიუმამ" სტუმრად სძლია, მე-19 ადგილზე მყოფმა "პონტე პრეტამ" კი ლიბერტადორესის თასის მფლობელ "ატლეტიკო მინეიროს" აჯობა.

5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "ბოტაფოგომ", რომელმაც სტუმრად ბოლოადგილოსან "ნაუტიკოს" 3:1 მოუგო. ტურის ლოგიკიდან გამომდინარე, წესით, ეს მატჩი "ნაუტიკოს" გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო და თავიდან სწორედ აუტსაიდერი დაწინაურდა, თუმცა რაფაელ მარკეშმა და კლარენს ზეედორფმა "ფოგო" პირველივე ტაიმში წინ გაიყვანეს, შეხვედრას კი წერტილი 19 წლის ჟეჟემ დაუსვა, ვინც პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.

ჩემპიონატის დამთავრებამდე 11 ტურია დარჩენილი და თუ ჩემპიონის ვინაობა პრაქტიკულად ცნობილია, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მე-6 ადგილზე მყოფი "ვიტორია" მე-4 ადგილზე მყოფ "ატლეტიკო პარანაენსეს" უფრო მეტი ქულით ჩამორჩება, ვიდრე გასავარდნ ზონაში, მე-17 პოზიციაზე განლაგებულ "ვასკო" უსწრებს...

სერია A. XXVII ტური:

გრემიო-კრისიუმა 1:2
გოლები: 0:1 ველინგტონ პაულისტა (36), 1:1 მაქსიმილიანო როდრიგესი (57), 1:2 სერჟინიო (89)

კორიტიბა-სანტოსი 1:0
გოლი: 1:0 ჟულიო სეზარი (63)

ბაია-ვიტორია 2:0
გოლები: 1:0 რაფაელ მირანდა (17), 2:0 ფერნანდაო (26)

პონტე პრეტა-ატლ. მინეირო 2:0
გოლები: 1:0 ვილიამი (26-პენ), 2:0 ელიასი (79)
გაძევება: ჟემერსონი (33. ატლეტიკო მინეირო), როსინეი (80. ატლეტიკო მინეირო)

ვასკო-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 კრისი (11)

ნაუტიკო-ბოტაფოგო 1:3
გოლები: 1:0 მაიკონ ლეიტე (9), 1:1 რაფაელ მარკეში (26), 1:2 ზეედორფი (40), 1:3 ჟეჟე (90)

კრუზეირო-სან პაულო 0:2
გოლები: 0:1 დუგლასი (77), 0:2 რეინალდო (80)

პორტუგეზა-გოიასი 1:2
გოლები: 0:1 უგო (37), 0:2 ვალტერი (52-პენ), 1:2 ევერტონი (83)

ფლამენგო-ინტერნასიონ. 2:1
გოლები: 1:0 ლეო მოურა (29), 2:0 ერნანი (72), 2:1 რაფაელ მოურა (82)
კორინთიანსი-ატლ. პარანაენსე 0:0

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 15 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ვილიამი (პონტე პრეტა); 13 - ჟილბერტო (პორტუგეზა); 12 - ფერნანდაო (ბაია); 11 - ერნანი (ფლამენგო); 10 - ვალტერი (გოიასი), ალექსი (კორიტიბა), ანდრე (ვასკო და გამა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XVI ტური: "კრუზეიროს" სატიტულო კრუიზი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული