არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XII ტური: ძალიან საინტერესო და გოლუხვი ტური

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატის მორიგი ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა - 10 შეხვედრაში გუნდებმა 24 გოლი გაიტანეს, რაც ამ ქვეყნის პირველობისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. საინტერესოა, რომ ერთადერთი მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა, წესით, ყველაზე უხვგოლიანი უნდა ყოფილიყო...

ტრაგიკომედია "მონუმენტალზე"
მართლაც ტრაგიკომედია იყო ის, რაც "მონუმენტალზე" ხდებოდა - "რივერ პლეიტის" და "ბელგრანოს" ფეხბურთელები მომენტს მომენტზე ანიავებდნენ, ტეო გუტიერესმა კი პენალტიც ვერ გამოიყენა. გუნდებს 10-მდე ისეთი მომენტი ჰქონდათ, გულშემატკივრები და სპეციალისტები 100-პროცენტიანს რომ ეძახიან. აქედან უმეტესობა "ბელგრანოს" კართან შეიქმნა, მაგრამ "მილიონარიოსის" ფეხბურთელები დამაგვირგვინებელ ფაზაში წარმოუდგენლად ცუდად
თამაშობდნენ.

რამონ დიასის შეგირდებმა, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სტუმართა კარს გასაღები ვერ მოარგეს. კარგი შანსები ჰქონდათ მარკესს და ცვლილებაზე გამოსულ მახიოლოს, მაგრამ იმ ეპიზოდებში უკვე "რივერს" გაუმართლა. საბოლოოდ, მატჩი, რომელიც სარეკორდო ანგარიშით უნდა დამთავრებულიყო, არგენტინისთვის ბანალური შედეგით, 0:0 დასრულდა.

"როსარიომ" დერბიში იძალა
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი როსარიოში გაიმართა, სადაც ქალაქის დერბიში "სენტრალმა" მოქმედ ჩემპიონს აჯობა. "ნიუელსს" სანაკრებო შეკრებიდან მაქსი როდრიგესი დაუბრუნდა და ვეტერანმა მორიგი გოლიც გაიტანა - მაქსიმ თავის გამოჩენა ტორნეო ინისიალის ბოლო ხუთ შეხვედრაში შეძლო და ბომბარდირთა დავაში კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა.

"როსარიომ" წინა ტურში "ბომბონერადან" ქულა წაიღო, ამჯერად კი ყველაზე საძულველ მეტოქეს სძლია და თანაქალაქელი 2007 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

ამ წაგებით "ნიუელსმა" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, თუმცა გუნდი კვლავ პირველ პოზიციაზეა, რადგან ამ ტურში ვერც მისმა კონკურენტებმა იხეირეს.

"არსენალის" პირველი წაგება
სარანდის "არსენალის" წარმატებული კვირა სეზონში პირველი მარცხით დასრულდა. "მეთოფეებმა" წინა ტურში "სან ლორენსოს" მოუგეს, შუა კვირაში კი იმავე გუნდთან არგენტინის თასის ფინალში იმარჯვეს და ტიტულს დაეუფლნენ.

როგორც ჩანს, გუსტავო ალფაროს გუნდი გადაიღალა. მიუხედავად იმისა, რომ "არსენალი" 66-ე წუთზე დაწინაურდა, "ვეფხვები" არ დანებდნენ და 2-წუთიან მონაკვეთში კრისტიან კამპესტრინის ორი გოლი გაუტანეს - ჯერ თავი მატიას პერეს გარსიამ გამოიჩინა, შემდეგ კი მისი პასით 21 წლის კრისტიან ბორდაკაარმა იხეირა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ტიგრეს" რიგებში პირველი გოლი გაიტანა და "არსენალს" 15-მატჩიანი (ჩემპიონატში და თასზე) წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

პალერმომ "ბოკას" არაფერი დაუთმო
მარტინ პალერმოს "გოდოი კრუსი" "ბოკა ხუნიორსის" დამარცხებასთან ახლოს იყო, მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა მასპინძლებმა არბიტრის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე საკუთარ საჯარიმოში იუხეშეს, 11-მეტრიანი კი სტუმართა მცველმა კლაუდიო პერესმა გამოიყენა და დედაქალაქელებს ქულა მოუტანა.

პერესმა "ბოკას" რიგებში პირველი გოლი გაიტანა და ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ პენალტის შესრულება მას მიანდეს, რადგან მოედანზე რიკელმე, მინიო, მარტინესი და ჟიგლიოტი იმყოფებოდნენ.

ანგარიში სწორედ ამ უკანასკნელმა გახსნა, რასაც მენდოსელთა მხრიდან ხოსე ფერნანდესის და მაურო ობოლოს გოლები მოჰყვა.

მართალია, კლაუდიო ბიანკის გუნდს უკვე 6 მატჩია, არ წაუგია, მაგრამ ამ 6 შეხვედრიდან გუნდმა 3 ფრედ დაასრულა, მათ შორის, ბოლო ორი მატჩი. შედეგად, "ბოკას" და ლიდერ "ნიუელსს" შორის სხვაობა 5 ქულაა.

მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლები გაიტანა 18 წლის ანხელ კორეამ, რასაც 19 წლის ექტორ ვილიალბამ ერთიც დაამატა, "სან ლორენსომ" კი "ოლ ბოისს" 3:0 მოუგო და მე-2 ადგილზე გადავიდა.

ტორნეო ინისიალი. XII ტური

კილმესი-ატლ. რაფაელა 1:1
გოლები: 0:1 კანუე (33), 1:1 ა. გონსალესი (71)

არ. ხუნიორსი-ესტუდიანტესი 1:0
გოლი: 1:0 დ. ვილიალვა (32)

რასინგი-ველესი 0:1
გოლი: 0:1 სარატე (21)

კოლონი-ლანუსი 0:3
გოლები: 0:1 დ. გონსალესი (45), 0:2 ვ. აიალა (57), 0:3 მელანო (79)
გაძევება: მანსილია (43. კოლონი)

სან ლორენსო-ოლ ბოისი 3:0
გოლები: 1:0 ა. კორეა (44), 2:0 ა. კორეა (75), 3:0 ე. ვილიალბა (85)

როსარიო-ნიუელსი 2:1
გოლები: 1:0 ა. დონატი (12), 1:1 მაქსი როდრიგესი (16), 2:1 ენსინა (29)

ხიმნასია-ოლიმპო 2:2
გოლები: 1:0 ი. ფერნანდესი (24), 1:1 მუსტო (65), 1:2 ვულეტიჩი (74), 2:2 ფ. პერეირა (78)

ტიგრე-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 კარალიო (66), 1:1 პერეს გარსია (75), 2:1 ბორდაკაარი (77)

გოდოი კრუსი-ბოკა 2:2
გოლები: 0:1 ჟიგლიოტი (31), 1:1 ხ. ფერნანდესი (38), 2:1 ობოლო (48), 2:2 კ. პერესი (90-პენ)
გაძევება: ლერტორა (73. გოდოი კრუსი)

რივერი-ბელგრანო 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნიუელსი 12 8 2 2 18-9 26
2. სან ლორენსო 12 7 2 3 19-9 23
3. არსენალი 12 6 5 1 14-7 23
4. ბოკა 12 6 3 3 16-14 21
5. ატლ. რაფაელა 12 6 2 4 15-15 20
6. გოდოი კრუსი 12 5 4 3 11-6 19
7. ხიმნასია 12 5 4 3 14-15 19
8. არ. ხუნიორსი 12 5 2 5 10-13 17
9. ლანუსი 12 4 4 4 17-8 16
10. ბელგრანო 12 4 4 4 16-13 16
11. ველესი 12 4 4 4 14-12 16
12. ესტუდიანტესი 12 3 7 2 10-8 16
13. რივერი 12 4 3 5 8-7 15
14. ტიგრე 12 4 3 5 10-12 15
15. როსარიო 12 4 3 5 12-15 15
16. კილმესი 12 4 2 6 7-15 14
17. ოლ ბოისი 12 2 5 5 9-12 11
18. ოლიმპო 12 2 5 5 13-18 11
19. კოლონი 12 3 2 7 6-14 11
20. რასინგი 12 0 2 10 3-20 2

ბომბარდირები: 6 - ფურჩი (არსენალი), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი), ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი); 5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), მატოსი (ოლ ბოისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: ფურჩი - ყველაზე საშიში იარაღი "არსენალში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული