დარიო ცვიტანიჩი: მესი არ არსებობს

AutoSharing Option
წინა სეზონში ლიგა 1-ის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა დარიო ცვიტანიჩი გახდა. ბუენოს აირესის გარეუბანში, კერძოდ კი, ბარადეორში დაბადებულმა თავდამსხმელმა 19 გოლი გაიტანა და პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად, ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილები გაიყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ჭიდილი, უბრალოდ, შეუძლებელი გახლდათ.

ცვიტანიჩის თითქმის ყველა გოლს "ნიცასთვის" ოქროს ფასი ედო და მთავარ მწვრთნელ კლოდ პუელთან ერთად, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნიცელებმა კინაღამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს. 29 წლის ფორვარდი კვლავაც ფორმაშია. იგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას რამდენიმე დიდი გუნდის ყურადღების ცენტრში გახლდათ, თუმცა ფესვებით ხორვატი ფეხბურთელი ჯერჯერობით
"ნიცაში" რჩება და მასთან ერთად გუნდი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

დარიო ცვიტანიჩი ახლახან ერთ-ერთი პრესტიჟული ტელეშოუს სტუმარი იყო და ჩვენც ამ ინტერვიუს ოდნავ სახეცვლილ ვარიანტს გთავაზობთ.

სად იყო აქამდე?
ცვიტანიჩის კარიერა ბანფილდში დაიწყო. არგენტინულ კლუბში მან 5 წელი გაატარა და 2008 წელს ამსტერდამის "აიაქსში" აღმოჩნდა. სხვათა შორის, იმავე წელს მან მიიღო ისტორიული სამშობლოს, ხორვატიის მოქალაქეობა და ახლა, როგორც არგენტინის, ასევე ხორვატიის მოქალაქედ გვევლინება.

დარიოს ჰოლანდიური კარიერა დიდი წარმატებით ვერ აეწყო. მან "აიაქსის რიგებში კი შეძლო ჯამში 30 მატჩში 13 გოლის გატანა, მაგრამ ამსტერდამელები მის განათხოვრებას ამჯობინებდნენ. ცვიტანიჩს ჯერ მექსიკაში მოუწყვეს ვოიაჟი, სადაც მან "პაჩუკას" რიგებში გაატარა 2010-11 წლების სეზონი (32 მატჩი, 13 გოლი), ხოლო შემდეგ ასევე იჯარით სამშობლოში დააბრუნეს და იგიც "ბოკა ხუნიორსს" 34 თამაშში 10 ბურთით შეეწია.

2012 წელს ცვიტანიჩი "ნიცაში" გაიყიდა და მისი აღზევების ისტორიაც აქედან იწყება.

"ძალიან სასიამოვნოა "რომას" დარი კლუბის ინტერესი, მაგრამ მე ისევ აქ ვარ, მხოლოდ "ნიცაზე" ვფიქრობ და თუ სხვა გუნდები ჩემით დაინტერესდნენ, ეს სწორედ "ნიცას" დამსახურებაა, რომელმაც მე გაბრწყინების შანსი მომცა" - განაცხადა ცვიტანიჩმა ტელეშოუში.

დარიო - ისევ ფორმაში
უკვე გითხარით, რომ წინა სეზონის შემდეგ ცვიტანიჩით ბევრი კლუბი დაინტერესდა. ყველაზე აქტიური მართლაც "რომა" გახლდათ, რომელიც ახლა სერია A-ს უდანაკარგოდ ლიდერობს. სწორედ ამ სპეკულაციების და მითქმა-მოთქმების გამო ცვიტანიჩმა სეზონი მძიმედ დაიწყო და პირველ 4 ტურში მხოლოდ ერთი გოლით გამოირჩა, ხოლო, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ისევ ძველებურად ათამაშდა და უკვე 6 გოლი მოუგროვდა.

ამჟამად ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, რადამელ ფალკაოს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება.

"ზაფხულის პერიოდი მართლაც რთული იყო ჩემთვის. ამ მითქმა-მოთქმამ ცოტა თავგზა ამიბნია. ახლა კი მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ და ასე ყოველთვის უფრო ადვილია" - აღნიშნა დარიომ.

მეწყვილეები
ცვიტანიჩი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ცხადია, ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს. ამ სეზონში მას კიდევ ერთი ახალი დამხმარე გამოუჩნდა - ნიჭიერი ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი კრისტიან ბრიულსი, რომელიც "ნიცამ" "გენტიდან" ინათხოვრა. 6 გოლიდან 3 დარიოს სწორედ ბრიულსმა გაატანინა.

"ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ - აგრძელებს საუბარს ცვიტანიჩი - კრისტიანი ჩვენს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელია, ვალენტინ ესერიკთან ერთად. თუ რომელიმე მათგანს ბურთი აქვს, ბოლომდე მზად უნდა იყო, რადგან ნებისმიერ წამს შეუძლიათ, მომაკვდინებელი პასი გააკეთონ".

ახალი სტადიონი
ნიცა ულამაზესი და ბევრისათვის საოცნებო ზღვისპირა ქალაქია. ამ მშვენიერ ადგილსა და მის საფეხბურთო კლუბს შესაბამისი სტადიონი ესაჭიროებოდა და ხელმძღვანელობამაც არ დაახანა. ამიერიდან ქალაქს ახალი მშვენება შეემატა - ულამაზესი არენა "ალიანს რივიერა". თქვენი აზრით, ვის უნდა გაეტანა პირველი გოლი ახალ სტადიონზე?

დარიო ცვიტანიჩი: "ეს საოცრება იყო, დაუვიწყარი დღე და მოვლენა ჩვენთვის და "ნიცას" თითოეული გულშემატკივრისთვის. ახალ სტადიონზე მე პირველი გოლი გავიტანე, რაც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. ეს 10, 15, 20... წლის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება".

მატჩი "მარსელთან"
გასულ პარასკევს "ნიცამ" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა. გუნდი "მარსელს" მასპინძლობდა და მოიგო კიდეც. ძალიან ბანალური იქნებოდა, რომ მეკითხა, აბა, თუ იცით, ვინ გაიტანა შეხვედრაში ერთადერთი გოლი-მეთქი... ვხვდებით, ვინ მოაგებინა "ნიცას" და ახლა გუნდს მესამე ადგილთან, ანუ ჩემპიონთა ლიგის სანუკვარ საგზურთან ოდენ 3 ქულა აშორებს.

"მსგავსი მატჩები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "მარსელთან", "მონაკოსა" და "ბასტიასთან" დაპირისპირებები "ნიცასთვის" ერთგვარი დერბია" - თქვა ცვიტანიჩმა.

მესი არ ითვლება
38 მატჩი, გატანილი 25 გოლით - უკანასკნელი 14 თვის მანძილზე ცვიტანიჩი ყველაზე პროდუქტიული არგენტინელი თავდამსხმელია ლიონელ მესის მერე. მას უფრო მეტი გააქვს, ვიდრე მაგალითად, სერხიო აგუეროს, გონსალო იგუაინს, კარლოს ტევესს...

"დიახ, მე მეორე ვარ, მესის მერე. თუმცა მესი არ ითვლება... ის რეალური პიროვნება არ არის. ასე რომ, სინამდვილეში მე პირველი ვარ, რადგან მესის ვერ გაეჯიბრები, ის სხვა სამყაროდანაა" - თქვა ღიმილიანმა ცვიტანიჩმა საუბრის ბოლოს.

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული