არგენტინას კუნმა მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
არგენტინის და ბოსნიის ნაკრებთა მატჩი აშშ-ში, კერძოდ, სენტ ლუისში გაიმართა და "ალბისელესტეს" გამარჯვებით დასრულდა - 2:0. ორივე გოლი "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ გაიტანა, თუმცა გოლებს შორის აგუერო გაძევებას გადაურჩა, როდესაც სეად კოლაშინაცის წინააღმდეგ იუხეშა, მაგრამ არბიტრმა დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

სხვათა შორის, გერმანიაში დაბადებული კოლაშინაცი ბოსნიის ნაკრებში თავის პირველ შეხვედრას ატარებდა.

მატჩი ძალიან მხიარულად დაიწყო და პირველ 10 წუთში რამდენიმე მომენტიც შეიქმნა. ანგარიშის გახსნა როდრიგო პალასიოს და იმავე აგუეროს შეეძლოთ, საპირისპირო კართან კი ვედად იბიშევიჩმა იაქტიურა, მაგრამ
"შტუტგარტის" თავდამსხმელმა სერხიო რომეროს ვერ აჯობა.

ამის შემდეგ გოლის გატანა აგუეროს თანაგუნდელ ედინ ჯეკოს შეეძლო, მაგრამ 28 წლის ფორვარდმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა. მე-40 წუთზე კი დი მარია-პალასიოს კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, ბურთი ბეგოვიჩმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას აგუერომ აჯობა და არგენტინა დაწინაურდა - 1:0.

მეორე ტაიმში "კუნმა" დუბლი შეასრულა, როდესაც მაქსი როდრიგესის საგოლე პასი გამოიყენა, ბოლო წუთებზე კი ხელიდან ჰეთ თრიქის შესრულების შანსიც გაუშვა. ასევე, საგოლე მომენტები ჰქონდათ პალასიოს და ცვლილებაზე გამოსულ ერიკ ლამელას, ბოსნიელთაგან კი საუკეთესო შანსი ისევ და ისევ ჯეკოს შეექმნა.

ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე გუნდებს საკმაოდ კარგი სპარინგი გამოუვიდათ, აგუერომ კი ნაკრებში თავისი მე-20 და 21-ე გოლები გაიტანა, რისი წყალობითაც გონსალო იგუაინს გადაასწრო. ამჟამად არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში "სიტის" ფორვარდი, ხოსე სანფილიპოსთან და ერმინიო მასანტონიოსთან ერთად, მერვე ადგილს იყოფს.

ბარემ აქვე მათ წინ მყოფ ფეხბურთელებს ჩამოგითვლით: 1. გაბრიელ ბატისტუტა - 56 გოლი, 2. ლიონელ მესი - 37 გოლი, 3. ერნან კრესპო - 35 გოლი, 4. დიეგო მარადონა - 34 გოლი, 5. ლუის არტიმე - 24 გოლი, 6-7. ლეოპოლდო ლუკე და დანიელ პასარელა - 22 გოლი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არგენტინა-ბოსნია 2:0
გოლები: 1:0 აგუერო (40), 2:0 აგუერო (66)
არგენტინა (5-1-2-2): რომერო - საბალეტა, ოტამენდი, ფ. ფერნანდესი, ბასანტა, როხო - მასკერანო - მაქსი როდრიგესი (72. ბილია), დი მარია (86. ა. ფერნანდესი) - აგუერო (77. ლამელა), პალასიო
ბოსნია (4-4-2): ბეგოვიჩი - ვრშაიევიჩი (73. შუნიჩი), ბიჩაკჩიჩი, სპაჰიჩი, კოლაშინაცი - პიანიჩი, მისიმოვიჩი (69. ჰაიროვიჩი), მედუნიანინი, ვიშჩა - ჯეკო, იბიშევიჩი (69. კვრჟიჩი)
გაფრთხილება: აგუერო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 19-10 (7-4); ბურთის ფლობა: 54%-46%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერხიო აგუერო: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავხდე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული