არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVI ტური: რომის პაპი კმაყოფილია - "სან ლორენსო" გალიდერდა

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. "ნიუელს ოლდ ბოისის" წაგების შემდეგ ჩემპიონობის შანსი ერთბაშად ექვს გუნდს აქვს შერჩენილი, რომელთაგანაც საუკეთესო პოზიციაში "სან ლორენსო" იმყოფება, რომელმაც მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და პირველ პოზიციაზე გადავიდა...

"სან ლორენსომ" და "ნიუელსმა" ადგილები გაცვალეს
ხუან ანტონიო პიცის გუნდი "პოულ პოზიციაზეა" - დარჩენილი სამი მატჩის მოგების შემთხვევაში, "სან ლორენსო" არგენტინის ჩემპიონი გახდება. მომდევნო ტურში ალმაგროელები იმ "ატლეტიკო რაფაელას" სტუმრობენ, რომელიც ლიდერს, პოტენციურად, მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ტორნეო ინისიალის მე-16 ტურში კი "სან ლორენსომ" "ბელგრანოს" უმასპინძლა და 4:2
მოუგო. მასპინძლებისთვის შეხვედრა იდეალურად დაიწყო და ათი წუთის შემდეგ უკვე 2:0 იყო - ანგარიში მარცხენა მცველმა ემანუელ მასმა გახსნა, რამდენიმე წუთში კი თავისი მორიგი, მეოთხე გოლი 18 წლის ანხელ კორეამაც გაიტანა.

სტუმრებმა სხვაობის შემცირება პირველივე ტაიმში შეძლეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი პაბლო ალვარადომ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, მასპინძლები არ დაბნეულან და დაწინაურება ზუსტად სამ წუთში შეძლეს - იგნასიო პიატიმ 11-მეტრიანი გამოიყენა; შეხვედრას კი წერტილი კიდევ ერთმა მცველმა, მაურო სეტომ დაუსვა, რომელმაც ლეანდრო რომანიოლის პასი გამოიყენა - 4:2.

ხუან ანტონიო პიცის ხელმძღვანელობით, "სან ლორენსომ" 41 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5 წააგო. დარჩენილ სამ ტურში რომის პაპის საყვარელ გუნდს იოლი მატჩები არ ელის ("ატლეტიკო რაფაელა", "ესტუდიანტესი", "ველეს სარსფილდი"), მაგრამ ალმაგროელები მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. გეტყვით, რომ 1908 წელს დაარსებული კლუბი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს 14-ჯერ (სამოყვარულო ჩემპიონატების ჩათვლით) ფლობდა, ბოლოს კი არგენტინის ჩემპიონი 2007 წელს (კლაუსურა) გახდა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, "ნიუელსმა" "ტიგრესთან" წააგო და პირველობა დათმო. "ძველ ბიჭებს" ნაკრებში გამოძახებული მაქსი როდრიგესი არ ჰყავდათ. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გაბრიელ ჰაინცეს. მიუხედავად ამისა, ალფრედო ბერტის გუნდს მოგების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა - პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, გასტონ დიასმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და მასპინძლების კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც დავიდ ტრეზეგემ (პენალტი სწორედ მან მოიპოვა) ვერ გამოიყენა.

შედეგად, "ნიუელსი" დაისაჯა და მეორე ტაიმში პენალტი უკვე მის კარში დაინიშნა, რომელიც გოლად იმავე გასტონ დიასმა აქცია.

"ნიუელსის" მოუგებელი სერია უკვე ხუთი ტურია გრძელდება. დარჩენილ სამ ტურში ალფრედო ბერტის სამწყსოს საკმაოდ რთული მატჩები ელის: შინ "არსენალთან", სტუმრად "ოლ ბოისთან" და ბოლო ტურში, შინ "ლანუსთან". როგორც ხედავთ, სამი მატჩიდან ორი "ძველ ბიჭებს" უშუალო კონკურენტებთან აქვთ.

"ლანუსის" საოცარი შემოტრიალება
"ლანუსი" დუბლისთვის იბრძვის. გილერმო ბაროს შელოტოს გუნდი კოპა სუდამერიკანას 1/2-ფინალშია გასული, არგენტინის ჩემპიონატში კი მესამე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ამ ტურში ბუენოსაირესელებმა ისეთი გამარჯვება მოიპოვეს, მხოლოდ საჩემპიონო გუნდებისთვის რომ არის დამახასიათებელი.

პირველი ტაიმის შემდეგ "ოლ ბოისი" გუნდის და უკვე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, მაურო მატოსის დუბლით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა დადგა. გასაგები იყო, რომ "ლანუსი" მარტივად არ დანებდებოდა, მაგრამ მისი მხრიდან მატჩის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება მაინც ძალიან მოულოდნელი გახლდათ.

"ბოკა ხუნიორსის" ყოფილი მწვრთნელის, ხულიო სესარ ფალსიონის გუნდი ასევე ყოფილმა "ბოკელებმა", სანტიაგო სილვამ და ლაუტარო აკოსტამ დაამარცხეს - პირველმა დუბლი შეასრულა, მეორემ კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, 2:3 და "ლანუსმა" ზედიზედ მოპოვებული მეხუთე გამარჯვების წყალობით, ჩემპიონობის საკმაოდ კარგი შანსი შეინარჩუნა, ფალსიონიმ კი მატჩის დასრულებისთანავე "ოლ ბოისის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

"არსენალმა" შანსი დაიტოვა
ტურის ცენტრალური მატჩი სარანდის "არსენალსა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის გაიმართა. მასპინძლებს ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ, სტუმრები კი, გამარჯვების შემთხვევაში, თანალიდერები გახდებოდნენ.

კარლოს ბიანკის რამდენიმე ლიდერი აკლდა: აგუსტინ ორიონი ნაკრებში იყო მიწვეული, ხუან სანჩეს მინიოს და ფერნანდო გაგოს კი ტრავმა აწუხებდათ. ამ ფეხბურთელების არყოფნა გუნდს აშკარად დაეტყო და "ბოკამ" პირველი ტაიმი პირწმინდად წააგო.

მასპინძელთა რიგებში ერთი გოლი ნიკოლას აგირემ გაიტანა, მეორე კი მილტონ კარალიოს ანგარიშზეა, რომელმაც ბოლო 5 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. მეორე ტაიმში ბიანკიმ ნაცნობ ხერხს მიმართა და სათადარიგოთა სკამზე ვინც კი შემტევი ჰყავდა (მარტინესი, პარედესი, რიანიო), ყველა მოედანზე შეუშვა. შედეგად, "ბოკამ" მეორე ტაიმი კი მოიგო, მაგრამ შეხვედრა მაინც წააგო - 2:3.

მარცხის მიუხედავად, "ბომბონერას" ბინადრებს დაკარგული არაფერი აქვთ - ლიდერთან სხვაობა ხომ მხოლოდ სამი ქულაა. "არსენალს" კი სულაც ჰეთ თრიქის შესრულების შანსი აქვს. გუსტავო ალფაროს გუნდმა ცოტა ხნის წინ არგენტინის თასი მოიგო, სადაც ფინალში "სან ლორენსოს" სძლია. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი სარანდელები ქვეყნის სუპერთასისთვის წინა სეზონის ჩემპიონს, "ველეს სარსფილდს" დაუპირისპირდებიან.

XVI ტური

ოლ ბოისი-ლანუსი 2:3
გოლები: 1:0 მატოსი (7-პენ), 2:0 მატოსი (25), 2:1 ს. სილვა (53), 2:2 ს. სილვა (75), 2:3 ლ. აკოსტა (79)

გოდოი კრუსი-ესტუდიანტესი 2:1
გოლები: 1:0 კურბელო (21-პენ), 1:1 ვერხინი (71), 2:1 გრიმი (85)

კილმესი-რასინგი 1:1
გოლები: 1:0 კანეო (41), 1:1 დინენო (49)

სან ლორენსო-ბელგრანო 4:2
გოლები: 1:0 ე. მასი (3), 2:0 ა. კორეა (10), 2:1 ს. პერეირა (28), 2:2 ალვარადო (60-საკ. კარში), 3:2 ი. პიატი (63-პენ), 4:2 სეტო (72)

როსარიო-ველესი 2:3
გოლები: 0:1 რ. კასერესი (11), 0:2 რ. კასერესი (46), 0:3 რ. კასერესი (54), 1:3 ვ. აკუნია (87), 2:3 კასტილიეხოსი (90)

რივერი-ოლიმპო 1:3
გოლები: 1:0 სიმეონე (9), 1:1 პერეს გუედესი (44), 1:2 ფურიოსი (66), 1:3 დ. ვეგა (79)

არსენალი-ბოკა 3:2
გოლები: 1:0 ნ. აგირე (15), 2:0 კარალიო (27), 2:1 კარუსო (50), 3:1 კარერა (55), 3:2 რიანიო (76)

ტიგრე-ნიუელსი 2:1
გოლები: 0:1 ფ. მუნიოსი (20), 1:1 რუსკულიედა (35), 2:1 გ. დიასი (64-პენ)
გაძევება: ორსანი (90. ნიუელს ოლდ ბოისი)

ხიმნასია-არ. ხუნიორსი 0:0
კოლონი-ატლ. რაფაელა გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. სან ლორენსო 16 9 3 4 27-15 30
2. ნიუელსი 16 8 5 3 23-15 29
3. ლანუსი 16 8 4 4 28-14 28
4. არსენალი 16 7 7 2 19-13 28
5. ბოკა 16 8 3 5 22-19 27
6. ველესი 16 6 6 4 20-15 24
7. გოდოი კრუსი 16 6 6 4 16-12 24
8. ატლ. რაფაელა 15 7 3 5 20-19 24
9. არ. ხუნიორსი 16 7 3 6 15-15 24
10. ესტუდიანტესი 16 5 8 3 15-12 23
11. როსარიო 16 6 4 6 19-21 22
12. ხიმნასია 16 5 6 5 17-21 21
13. ბელგრანო 16 5 5 6 21-19 20
14. ტიგრე 16 5 4 7 15-18 19
15. კილმესი 16 5 4 7 10-18 19
16. რივერი 16 4 5 7 10-12 17
17. ოლ ბოისი 16 3 7 6 14-17 16
18. ოლიმპო 16 3 5 8 16-25 14
19. რასინგი 16 2 3 11 8-23 9
20. კოლონი 15 3 3 9 8-20 6*

შენიშვნა: "კოლონს" -6 ქულა
ბომბარდირები: 8 - მატოსი (ოლ ბოისი); 7 - ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი), ს. პერეირა (ბელგრანო), ს. სილვა (ლანუსი), დ. ვერა (ატლეტიკო რაფაელა); 6 - ფურჩი (არსენალი), ი. პიატი (სან ლორენსო), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: დაძაბული ფინიშის მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული