ბრაზილია-ჩილე 2:1 - ბრაზილიას რობინიომ მოაგებინა

AutoSharing Option
ტორონტოში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ბრაზილიის ნაკრებმა ჩილეს სძლია და მოგებათა სერია 6-მდე გაზარდა, ჩილემ კი მართლაც შთამბეჭდავი, 10-მატჩიანი წაუგებელი სვლა შეწყვიტა.

გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა რობინიომ, ვისთვისაც ეს გოლი ბრაზილიის ნაკრებში პირველი იყო 2011 წლის შემდეგ.

წინა შეხვედრასთან შედარებით (ჰონდურასთან, 5:0), ლუიშ ფელიპე სკოლარიმ შემადგენლობაში სამი ფეხბურთელი შეცვალა: კარში ჟულიო სეზარი ჩადგა (ვიქტორის ნაცვლად), ტიაგო სილვამ დანტეს ადგილი დაიკავა, ჰალკი კი ბერნარდის ნაცვლად გამოჩნდა. ანგარიში სწორედ "ზენიტის" ფეხბურთელმა გახსნა, როდესაც ოსკარის შესანიშნავი გადაცემა მიიღო და მარცხენა ფეხით კლაუდიო ბრავოს უძლიერესი
დარტყმით გაუტანა - 1:0.

ჩილეს, რომელმაც სამი დღის წინ ინგლისს 2:0 მოუგო, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ხოლო უშუალოდ მატჩის დაწყების შემდეგ, პირველ 22 წუთში ხორხე სამპაოლიმ კიდევ ორი მოთამაშე დაკარგა - მე-8 წუთზე ტრავმა მარსელო დიასმა მიიღო, 22-ეზე კი ხოსე ფეუნსალიდა დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე ხორხე ვალდივია გამოვიდა. მიუხედავად ამისა, ჩილეს ცუდად არ უთამაშია და 71-ე წუთზე, ჟან ბოსეჟურის გადაცემის შემდეგ, ედუარდო ვარგასმა თავისი მორიგი გოლი გაიტანა - 1:1.

ამის მერე, კვლავ "სელესაო" გააქტიურდა და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს რამდენიმე საგოლე მომენტიც შეექმნა, თუმცა ვილიანის და ნეიმარის დარტყმების შემდეგ, ჩილე კლაუდიო ბრავოს შესანიშნავმა რეაქციამ იხსნა, მაგრამ 79-ე წუთზე "სოსიედადის" გოლკიპერიც უძლური იყო - მაიკონის უზუსტესი გადაცემის შემდეგ, რობინიომ პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა და საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა - 2:1.

შეხვედრის შემდეგ, "მილანის" ფორვარდმა იმედი გამოთქვა, რომ უკანასკნელ ორ შეხვედრაში ნაჩვენები დამაჯერებელი თამაში მას მუნდიალზე მოხვედრაში დაეხმარება:

"მსოფლიოს ჩემპიონატამდე ძალიან ცოტა დრო და მატჩი დარჩა, შესაბამისად, მე ყველა ის შანსი უნდა გამოვიყენო, რომელსაც სკოლარი მომცემს. ბოლო ორ შეხვედრაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ბოლომდე ვეცადე. ახლა, მთავარია, რომ "მილანშიც" კარგად ვითამაშო და რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ მუნდიალზე წასვლაა," - განაცხადა რობინიომ.

ბრაზილია-ჩილე 2:1
გოლები: 1:0 ჰალკი (14), 1:1 ე. ვარგასი (71), 2:1 რობინიო (79)
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ტიაგო სილვა (74. დანტე), დავიდ ლუისი, მაქსველი - ლუის გუსტავო, პაულინიო (84. ერნანესი) - ჰალკი (64. რამირესი), ოსკარი (64. ვილიანი), ნეიმარი (90. ლუკას ლეივა) - ჟო (51. რობინიო)
ჩილე (4-3-3): ბრავო - გ. ხარა, მედელი, მარკოს გონსალესი, მენა - კარმონა, მ. დიასი (8. ბოსეჟური), ფ. გუტიერესი (86. კ. მუნიოსი) - ფუენსალიდა (22. ვალდივია - 59. მატიას ფერნანდესი), ა. სანჩესი, ე. ვარგასი
გაფრთხილება: პაულინიო, რობინიო - მედელი, ბოსეჟური, კარმონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილიური გასეირნება მაიამიში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული