დიეგო ფორლანი: ჩვენ არ ვგავართ ბრაზილიის ნაკრებს

AutoSharing Option
დიეგო ფორლანი, რომელიც 2014 წლის მუნდიალისთვის 35 წლის იქნება, ბრაზილიაში მიდის! თუმცა ის ისედაც იქაა: საკლუბო კარიერის დაისს პორტუ-ალეგრეს "ინტერნასიონალში" ატარებს. მისმა ნაკრებმა უკანასკნელმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, თუმცა სტუმრად იორდანიის განადგურების (5:0) შემდეგ ცხადი იყო, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ურუგვაი მუნდიალზე ითამაშებდა.

საპასუხო თამაშამდე ფორლანს ინტერვიუ ფიფას ოფიციალურმა საიტმა ჩამოართვა.

ურუგვაის ნაკრები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დიეგოს ოჯახთან. მისი მამა პაბლო ფორლანი "სელესტეს" ვარსკვლავი იყო; ასევე ურუგვაის ნაკრებში თამაშობდა პაპამისი ხუან კარლოს კორასო. რა გასაკვირია, რომ ტრადიცია დიეგომ გააგრძელა და
თან როგორი წარმატებით! მაშ ასე, თქვენ წინაშეა წინა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო ფორლანი.

- თქვენი ოჯახური ტრადიცია გააგრძელეთ. რა როლს თამაშობს ურუგვაის ნაკრები თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრებაში?
- როცა პატარა ვიყავი, ძალიან ვამაყობდი, რომ ასეთი ცნობილი პაპა და მამა მყავდა. ქუჩაში მესმოდა, "ნახეთ, ეს ფორლანის ბიჭია" და ამის გამო ენითაუწერელ სიამაყეს ვგრძნობდი. ჩვენი ოჯახის სამი თაობა გავხდით ურუგვაის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები. მე არა მგონია, მსოფლიოში სხვა ასეთი ოჯახი მოიძებნებოდეს ან ისტორიას ჰქონდეს შემონახული ცნობები. "სელესტე" ჩემს სისხლსა და ხორცშია გამჯდარი და თუ ვაჟი მეყოლება, ტრადიციას მას გადავცემ.

- ეთანხმებით, რომ ამ ტრადიციამ თქვენს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია?
- დიახ. ნათელი მაგალითია 2010 წლის მუნდიალი სამხრეთ აფრიკაში. როცა მასპინძლებთან თამაშისთვის ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ წითელი მაისურებით უნდა გვეთამაშა, წითელი ფერი კი ურუგვაის დროშაზე საერთოდ არაა. ეს ბევრს არ მოსწონდა. ბევრი ფიქრის მერე სათანადო სტრუქტურას მივმართე და ვთხოვე, იქნებ წითელის მაგივრად თეთრი ფერის მაისურებით გვეთამაშა-მეთქი. ყველაფერი დადებითად გადაწყდა, ჩვენ მოვიგეთ, ხალხში კი თეთრი მაისურები (თეთრი ჩვენი დროშის ერთ-ერთი ფერია) კარგად გაიყიდა.

- კიდევ ერთხელ მოხდა, რომ ურუგვაის ნაკრებს გაუჭირდა მუნდიალზე მოხვედრა და ამისთვის პლეი ოფში თამაში მოუწია. როგორ მოახერხა "სელესტემ" 2010 წელს ასევე საკვალიფიკაციო პლეი ოფიდან მუნდიალის ნახევარფინალში გასვლა და კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს გმირობას?
- ურუგვაელებს საკვალიფიკაციო თამაშები სულ გვიჭირს, კონტინენტზე ძალიან რთული მეტოქეები არიან. თუმცა ურუგვაელებს ვერ წარმოუდგენიათ "სელესტე" მუნდიალის გარეშე. ამიტომაც ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით. როცა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა უჩვენოდ ჩაიარა, ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. ვფიქრობ, იმ მარცხმა ნაკრებზე საბოლოოდ დადებითად იმოქმედა.

- და თქვენ მუნდიალზე საუკეთესო ფეხბურთელი გახდით, როგორც ადრე რონალდო, რომარიო, მარადონა...
- ეს იყო დაუვიწყარი სიხარული. ხანდახან ახლაც კი არ მჯერა, რომ მე ეს შევძელი, ისტორიაში ჩავეწერე დიდი ფეხბურთელების გვერდიგვერდ. იმ წელს საოცარ ფორმაში ვიყავი, კარგად ვემზადებოდი, დამატებით ვარჯიშებსაც ვაკეთებდი პირად მწვრთნელთან ერთად. მუნდიალამდე ესპანეთის თასის ფინალში ვითამაშე, მერე უეფას თასის ფინალში და ამანაც ხელი შემიწყო.

არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ გუნდი 2007 წლის კოპა ამერიკიდან ერთად მოდიოდა და შეთამაშებული იყო.

- მეოთხედფინალში ყველას ახსოვს, განელთა დარტყმულს როგორ გადაეღობა ხელით ლუის სუარესი. რას აკეთებდით იმ მომენტში და რას ფიქრობდით?
- სადღაც შუაში, მეტოქეებით გარშემორტყმული, ვფიქრობდი, როგორმე ვინმეს გამოეტანა ბურთი საშიში ზონიდან, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა და უცბად, "ბუუმ" და სუარესმა ბურთი ხელით მოიგერია. გავშეშდი. დამატებული დროა, კარში პენალტი დაინიშნა. გავცვივდით. უკვე შინ დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი. საბედნიეროდ, ასამოა გიანის დარტყმული ხარიხას მოხვდა, კარს გადასცდა და მეც შვებით ამოვისუნთქე.

- ფორტუნა ხშირად თამაშობს როლს თქვენს კარიერაში?
- ურუგვაის ნაკრებს იშვიათად უმართლებს. ჩვენ არ ვგავართ ბრაზილიის ნაკრებს, რომელიც, რა თქმა უნდა, კარგად თამაშობს, მაგრამ ხშირად უმართლებს კიდევაც. მათი დამარცხებისთვის 200%-იანი თავდადება გვჭირდება ხოლმე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიეგო ფორლანმა ბურთი კუთხურიდან ჩაახვია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული