ბრაზილია. სერია A. XXXVI ტური: "ვასკო და გამა" ბოლომდე იბრძვის

AutoSharing Option
"ბრაზილეირაოს" დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და გარდა იმისა, რომ ჩემპიონის და ერთი გავარდნილი ("ნაუტიკო") გუნდის ვინაობა ვიცით, სხვა ყველა საკითხი ჯერ კიდევ ღიაა...

...თუმცა, იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ დიდი ალბათობით, "ნაუტიკოს" სერია B-ში "პონტე პრეტა" ჩაჰყვება, რომელიც პარალელურად კოპა სუდამერიკანას 1/2-ფინალშია გასული და თუ "სან პაულოსთან" საპასუხო შეხვედრაში ორბურთიან უპირატესობას არ გაანიავებს, მომავალ წელს ლიბერტადორესის თასზე ითამაშებს.

სწორედ ამ ტურნირის საგზურისთვის იბრძვის "გრემიო", რომელიც "პონტე პრეტას" შეხვდა და მხოლოდ ქულას გამორჩა. ხავსს მოჭიდებული მასპინძლები მე-16 წუთზე ადაილტონმა დააწინაურა, მაგრამ
მეორე ტაიმში ედუარდო ვარგასმა წონასწორობა აღადგინა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

"პონტე პრეტა" ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს ინარჩუნებს, თორემ პრაქტიკულად, მათი შანსი ნულამდეა. "გრემიო" კი მესამე ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ "ბოტაფოგოს" კვლავ სამი ქულით უსწრებს, რადგან კლარენს ზეედორფმა და კომპანიამ ამ ტურში ასევე ერთი ქულა აიღო. "ფოგო" სან პაულოში თამაშობდა, თუმცა მას გაცილებით სახელოვანი მეტოქე ჰყავდა, რომელიც მურისი რამალიოს დაბრუნების შემდეგ შესანიშნავ ფორმაში შევიდა. შეხვედრის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - ალოიზიომ თავისი მე-11, ხოლო ელიასმა კი სეზონში მე-9 გოლი გაიტანა.

"ატლეტიკოებმა" გაილაღეს
ორივე "ატლეტიკომ" დიდი ანგარიშით იმარჯვა და ჯამში 10:2 მოიგო. უმოტივაციო "ატლეტიკო მინეირომ", რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება, ოთხეულისთვის მებრძოლ "გოიასს" უმასპინძლა და დიეგო ტარდელის შესანიშნავი თამაშის წყალობით, მეტოქე შინ დამწუხრებული გაუშვა.

ბრაზილიის 2009 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა (ადრიანოსთან ერთად, 19 გოლით) ჰეთ თრიქი შეასრულა, კიდევ ერთი ბურთი საკუთარ ანგარიშზე კი ფერნანდინიომ ჩაიწერა.

"ატლეტიკო პარანაენსემ" კი "ნაუტიკო" გაანადგურა და ოთხეულში შესვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თითო გოლი გაიტანეს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ედერსონმა და 39 წლის პაულო ბაიერმა.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ჩემპიონატი 2-წრიან ტურნირად გარდაიქმნა, ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ამ პერიოდში 100-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო, სწორედ ბაიერია, ვისთვის "ნაუტიკოს" კარში გატანილი ბურთი რიგით 101-ე იყო და ამ შედეგით ის ორწრიანი ტურნირების საუკეთესო ბომბარდირია, სულ კი ქვეყნის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 104 გოლია და ვეტერანი ფეხბურთელი "ბრაზილეირაოს" ყველა დროის (1959-2013) საუკეთესო ბომბარდირებში მე-9 ადგილზე იმყოფება.

"ვასკომ" მოიგო, "ფლუ" დამარცხდა
გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს "ვასკო და გამა", რომელმაც ჩემპიონს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. "კრუზეიროს" თავკაცმა მარსელო ოლივეირამ, ვინც "მელიებამდე" სწორედ "ვასკოში" მუშაობდა, მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა ან სათამაშო პრაქტიკას მოკლებული ფეხბურთელი გაიყვანა.

ერთ-ერთმა ასეთმა მოთამაშემ, 27 წლის ცენტრალურმა მცველმა პაულაომ, რომელიც ჩემპიონატში სულ მეორე შეხვედრას ატარებდა, გოლიც გაიტანა, თუმცა ამ დროს ანგარიში უკვე 2:0 იყო - "ვასკოდან" თავი 18 წლის თალესმა და 31 წლის ედმილსონმა გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებით, ბრაზილიის 4-გზის ჩემპიონმა 41 ქულა მოაგროვა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვა. მომდევნო ტურში "ვასკო" "ნაუტიკოს" მასპინძლობს და უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდს, რომელსაც ბოლო 11 ტურში 11 მარცხი აქვს განცდილი, განსაკუთრებული პრობლემის გარეშე დაამარცხებს.

მოგეხსენებათ, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ბრაზილიის ჩემპიონატში უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელსაც მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული. სწორედ ამ კომპონენტის გამო არ არის გასავარდნ ზონაში "ფლუმინენსე", რომელმაც ზედიზედ მოგებული ორი მატჩის შემდეგ მორიგი მარცხი განიცადა და ამჯერად ფარ-ხმალი უმოტივაციო "სანტოსთან" დაყარა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი "კრუზეიროს" და "კალიარის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტიაგო რიბეირომ მატჩის 65-ე წუთზე გაიტანა.

რიო-სან პაულოს დაპირისპირებაში ("სან პაულო"-"ბოტაფოგო" და "სანტოსი"-"ფლუმინენსე") კი ანგარიში "ფლამენგომ" გაათანაბრა, რომელმაც პაულინიოს ერთადერთი გოლით "კორინთიანსს" მოუგო და ლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.

XXXVI ტური

ვასკო-კრუზეირო 2:1
გოლები: 1:0 თალესი (3), 2:0 ედმილსონი (33), 2:1 პაულაო (65)

კრისიუმა-ვიტორია 1:1
გოლები: 1:0 ველინგტონ პაულისტა (13-პენ), 1:1 დინეი (53)

ატლ. მინეირო-გოიასი 4:1
გოლები: 1:0 ფერნანდინიო (23), 2:0 დიეგო ტარდელი (34), 2:1 ამარალი (44), 3:1 დიეგო ტარდელი (66), 4:1 დიეგო ტარდელი (72)

ფლამენგო-კორინთიანსი 1:0
გოლი: 1:0 პაულინიო (19)

პონტე პრეტა-გრემიო 1:1
გოლები: 1:0 ადაილტონი (16), 1:1 ე. ვარგასი (54)

ატლ. პარანაენსე-ნაუტიკო 6:1
გოლები: 1:0 ზეზინიო (26), 2:0 პაულო ბაიერი (27), 2:1 ტიაგო რეალი (47), 3:1 ფელიპე (53), 4:1 ედერსონი (60-პენ), 5:1 ფელიპე (63), 6:1 კლებერსონი (72)

სანტოსი-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 ტიაგო რიბეირო (65)

სან პაულო-ბოტაფოგო 1:1
გოლები: 1:0 ალოიზიო (4), 1:1 ელიასი (28)

ბაია-პორტუგეზა 1:0
გოლი: 1:0 ფერნანდაო (45)

ინტერნასიონ.-კოროტიბა 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 36 23 6 7 75-34 75
2. ატლ. პარანაენსე 36 17 10 9 59-46 61
3. გრემიო 36 17 10 9 41-35 61
4. გოიასი 36 16 11 9 48-40 59
5. ბოტაფოგო 36 16 10 10 51-39 58
6. ატლ. მინეირო 36 15 10 11 45-34 55
7. ვიტორია 36 15 10 11 53-49 55
8. სანტოსი 36 13 12 11 46-37 51
9. სან პაულო 36 14 8 14 39-3 50
10. კორინთიანსი 36 11 16 9 27-21 49
11. ფლამენგო 36 12 12 12 40-41 48
12. ინტერნასიონ. 36 11 13 12 51-52 46
13. ბაია 36 11 12 13 34-42 45
14. პორტუგეზა 36 11 11 14 48-46 44
15. კრისიუმა 36 12 7 17 48-60 43
16. ფლუმინენსე 36 11 9 16 39-44 42
17. კორიტიბა 36 10 12 14 39-44 42
18. ვასკო 36 10 11 15 47-56 41
19. პონტე პრეტა 36 9 9 18 37-53 36
20. ნაუტიკო 36 4 5 27 21-77 17

ბომბარდირები: 18 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 15 - ფერნანდაო (ბაია); 14 - დინეი (ვიტორია), ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა), ერნანი (ფლამენგო); 13 - ვალტერი (გოიასი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXXV ტური: "ვასკო და გამა" ნელ-ნელა იძირება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული