ბრაზილია. სერია A. XXXVIII ტური: "ვასკო და გამა" ჩაიძირა და მას ჩემპიონი მიჰყვა

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატი დასრულდა და მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა, "ფლუმინენსეს" და "ვასკო და გამას" კი უმაღლეს ლიგაში მინიმუმ 2015 წლამდე ვერ ვნახავთ...

დაცემული გრანდები
ცნობილი მოგზაურის, ვასკო და გამას გარდაცვალებიდან 489 წლის შემდეგ მისი სახელობის საფეხბურთო კლუბი საშვილიშვილოდ შერცხვა და ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი რამ "ვასკოს" პირველად არ მოსვლია - ბრაზილიის 4-გზის ჩემპიონი 2008 წელსაც დაქვეითდა.

გავარდა "ფლუმინენსეც", ისტორიაში მესამედ (პირველად 1996 წელს, მაგრამ აპატიეს. მეორედ კი მომდევნო, 1997 წელს და შემდეგ სეზონში გუნდი სერია
B-დანაც გავარდა), თუმცა მისი დაქვეითება საოცარზე საოცარია იმის გათვალისწინებით, რომ შარშან გუნდი ჩემპიონი გახდა! ძნელი გასახსენებელია, როდის მოხდა ასეთი რამ ბოლოს: ჩემპიონი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. მოკლედ, შარშან თასის მფლობელი "პალმეირასი", წელს ჩემპიონი "ფლუმინენსე". რა იქნება მომავალში?

ლიბერტადორესის თასის მფლობელი? მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი? ვნახოთ...
ბოლო ტურის ის შეხვედრები, სადაც ლიბერტადორესის თასის და მომავალი სეზონის სერია A-ს საგზური თამაშდებოდა, ერთდროულად კი დაიწყო, მაგრამ "ატლეტიკო პარანაენსე"-"ვასკო და გამას" შეხვედრა გულშემატკივრებს შორის ატეხილი ჩხუბის გამო დაახლოებით ერთი საათით შეწყდა.

რა თქმა უნდა, სხვა მატჩები ჩვეულებრივად გაგრძელდა და შედეგად, მეორე ტაიმის დაწყების წინ ყველა სხვა შეხვედრა დასრულებული იყო. "ვასკო" 1:2-ს აგებდა და იცოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ლიგაში რჩებოდა, რადგან "კრისიუმამ" 0:3 წააგო.

მიუხედავად ამისა, ბრაზილიის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა საკუთარ კარში კიდევ სამი ბურთი მიიღო და სამარცხვინო ანგარიშით წააგო. "ატლეტიკომ" მესამე ადგილი დაიკავა და 2014 წლის ლიბერტადორესის თასის საგზური მიიღო, "ვასკო" კი მომავალ სეზონში ქვედა დივიზიონში იქნება, სადაც მას "ფლუმინენსეც" შეუერთდება.

აი, ასე - ჩემპიონი გავარდა, დებიუტანტი "ატლეტიკო" კი მესამე ადგილზე გავიდა.

ლიბერტადორესის ზონა
ბოლო ტურის წინ მეოთხე ადგილზე კიდევ ერთი დებიუტანტი "გოიასი" იყო, მაგრამ სეზონის მთავარმა სენსაციამ უმოტივაციო "სანტოსთან" 0:3 წააგო, რის გამოც ლიბერტადორესის თასის გარეშე დარჩა. ზოგადად, ენდერსონ მორეირას შეგირდებმა ბოლო სამ ტურში 0 ქულა აიღეს და ოთხეულს მიღმა ამიტომაც აღმოჩნდნენ.

არადა, 36-ე ტურის წინ "გოიასს" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომლის დროსაც გუნდმა 26 ქულა მოაგროვა. საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე "ბოტაფოგო" გავიდა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კოპა სუდამერიკანას გამარჯვებული "ლანუსი" გახდება.

თუ კოპა სუდამერიკანა სერია A-დან გავარდნილმა "პონტე პრეტამ" მოიგო, მაშინ "ფოგოს" ადგილს სწორედ ის დაიკავებს.

სულ ბრაზილიას 6 საგზური ეკუთვნის. პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ქვეყნის ჩემპიონი "კრუზეირო", ვიცე-ჩემპიონი "გრემიო", თასის მფლობელი "ფლამენგო" და ლიბერტადორესის თასის მოქმედი გამარჯვებული "ატლეტიკო მინეირო" მოხვდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე კი მესამე ადგილზე გასული "ატლეტიკო პარანაენსე" და "ბოტაფოგო" ან "პონტე პრეტა" ითამაშებენ.

მოკლედ, "ფოგოს" გულშემატკივართა მთელი არმია შუა კვირაში "ლანუსის" მხარეს იქნება. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული პირველი ფინალური შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ნაუტიკოს" შეწყვეტილი სერია
საოცარი, 12-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა ბოლო ადგილზე გასულმა "ნაუტიკომ", რომელმაც ბოლო 20 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ "კორინთიანსს" მაინც 1:0 სძლია. საინტერესოა, რომ "ნაუტიკომ" "ტიმაოს" შინ ზედიზედ მეოთხედ მოუგო, სეზონში კი საკუთარ მოედანზე მხოლოდ მესამედ იმარჯვა.

არადა, შარშან 13 მოგებით და 3 ფრედ დასრულებული მატჩით საკუთარ მოედანზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით, "ნაუტიკო" მეოთხე ადგილზე იყო.

აქვე ამ გუნდის ფეხბურთელების შესახებ ორ საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ:

1. "ნაუტიკოს" სამი ფეხბურთელი: ტიაგო რეალი, მაიკონ ლეიტე და ლეანდრო ამარო სერია A-დან შარშან "პალმეირასის" შემადგენლობაში გავარდნენ;
2. "ნაუტიკოს" მეკარე რიკარდო ბერნა შარშან "ფლუმინენსეს" რიგებში ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, წელს კი ბოლო ადგილზე გავიდა.

ისევ "ფლუს" და "ვასკოს"შესახებ
გავარდნილ გრანდებს დავუბრუნდეთ და ვნახოთ "ფლუს" და "ვასკოს" მიერ დაკავებული ადგილები ბოლო ოთხ სეზონში:

"ფლუმინენსე": 2010 - ჩემპიონი, 2011 - მესამე, 2012 - ჩემპიონი, 2013 - მეჩვიდმეტე
"ვასკო და გამა": 2010 - მეთერთმეტე, 2011 - მეორე, 2012 - მეხუთე, 2013 - მეთვრამეტე.

ბარემ გავიხსენოთ ის გრანდები, რომლებიც ბოლო წლებში სერია A-დან ვარდებოდნენ: "ფლუმინენსე" (1996, 1997, 2013), "პალმეირასი" (2002, 2012), "ბოტაფოგო" (2002), "გრემიო" (2004), "ატლეტიკო მინეირო" (2005), "კორინთიანსი" (2007), "ვასკო და გამა" (2008, 2013). როგორც ხედავთ, სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ ერთ სეზონში ორი გრანდი აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს გავარდა, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი, რაგასაკვირია და, ისტორიაში პირველად დაქვეითდა.

სენსაციური დებიუტანტი
დასრულდა სერია B-ს გათამაშებაც, სადაც პირველ ოთხ ადგილზე "პალმეირასი", "შაპეკოენსე", "სპორტ რესიფე" და "ფიგეირენსე" გავიდნენ. ამ ოთხეულიდან სამი გუნდი წინა სეზონში სერია A-ში ასპარეზობდა და როგორც ხედავთ, უმაღლეს ლიგაში უმალვე დაბრუნდა.

აი, "შაპეკოენსე" კი მართლაც საოცარი გუნდია - 1973 წელს დაარსებულ კლუბს უმაღლეს ლიგაში (იგულისხმება ორწრიანი ფორმატი) არასდროს უთამაშია. მეტიც, ამ გუნდისთვის ეს სეზონი სერია B-შიც სადებიუტო იყო.

სეზონის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: ფაბიო (კრუზეირო)
მცველები: სისინიო (სანტოსი), დედე (კრუზეირო), როდრიგო კაიო (სან პაულო), ეგიდიო (კრუზეირო)
ნახევარმცველები: ევერტონ რიბეირო (კრუზეირო), ნილტონი (კრუზეირო), ზეედორფი (ბოტაფოგო), სისერო (სანტოსი)
თავდამსხმელები: ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), დინეი (ვიტორია)

სერია A. XXXVIII ტური

ფლამენგო-კრუზეირო 1:1
გოლები: 1:0 ერნანი (14), 1:1 სოუზა (64)
გაძევება: კარლოს ედუარდო (39. ფლამენგო), ევერტონი (39. კრუზეირო)

ნაუტიკო-კორინთიანსი 1:0
გოლი: 1:0 დერლეი (52)
გაძევება: რიკარდო ბერნა (71. ნაუტიკო)

ბოტაფოგო-კრისიუმა 3:0
გოლები: 1:0 ლოდეირო (9), 2:0 ელიასი (68), 3:0 ზეედორფი (88)
გაძევება: ჟოაო ვიტორი (51. კრისიუმა)

სან პაულო-კორიტიბა 0:1
გოლი: 0:1 ლუკას კლარო (29)

ბაია-ფლუმინენსე 1:2
გოლები: 1:0 ვილიამ ბარბიო (43), 1:1 ვაგნერი (56), 1:2 სამუელი (83)

გოიასი-სანტოსი 0:3
გოლები: 0:1 სისერო (6), 0:2 მონტილიო (45), 0:3 მონტილიო (77)
გაძევება: უგო (90. გოიასი)

ატლ. მინეირო-ვიტორია 2:2
გოლები: 0:1 მარკინიოსი (4), 0:2 ბიანკუჩი (6), 1:2 რონალდინიო (45), 2:2 რონალდინიო (90-პენ)

ატლ. პარანაენსე-ვასკო 5:1
გოლები: 1:0 მანოელი (5), 1:1 ედმილსონი (42), 2:1 ედერსონი (44), 3:1 მარსელო (64), 4:1 ედერსონი (82), 5:1 ედერსონი (86)

ინტერნასიონ.-პონტე პრეტა 0:0
პორტუგეზა-გრემიო 0:0

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 38 23 7 8 77-37 76
2. გრემიო 38 18 11 9 42-35 65
3. ატლ. პარანაენსე 38 18 10 10 65-49 64
--------------------------------------------------------------
4. ბოტაფოგო 38 17 10 11 55-41 61
--------------------------------------------------------------
5. ვიტორია 38 16 11 11 59-53 59
6. გოიასი 38 16 11 11 48-44 59
7. სანტოსი 38 15 12 11 51-38 57
8. ატლ. მინეირო 38 15 12 11 49-38 57
9. სან პაულო 38 14 8 16 39-40 50
10. კორინთიანსი 38 11 17 10 27-22 50
11. ფლამენგო 38 12 13 13 43-46 49
12. პორტუგეზა 38 12 12 14 50-46 48
13. კორიტიბა 38 12 12 14 42-45 48
14. ბაია 38 12 12 14 37-45 48
15. ინტერნასიონ. 38 11 15 12 51-52 48
16. კრისიუმა 38 13 7 18 49-63 46
--------------------------------------------------------------
17. ფლუმინენსე 38 12 10 16 43-47 46
18. ვასკო 38 11 11 16 50-61 44
19. პონტე პრეტა 38 9 10 19 37-55 37
20. ნაუტიკო 38 5 5 28 22-79 20

ბომბარდირები: 21 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 16 - დინეი (ვიტორია), ერნანი (ფლამენგო); 15 - ფერნანდაო (ბაია), სისერო (სანტოსი); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა).

ასისტენტები: 11 - ევერტონ რიბეირო (კრუზეირო); 10 - რაფაელ სობისი (ფლუმინენსე); 9 - კლარენს ზეედორფი (ბოტაფოგო), ანდრეს დალესანდრო (ინტერნასიონალი), პაულო ბაიერი (ატლეტიკო პარანაენსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სისხლიანი შეტაკება ბრაზილიაში - ფიფას კიდევ ერთი თავსატეხი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული