ლიბერტადორესის თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი: ფავორიტები გავიდნენ

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები დაიწყო და ჯგუფური ეტაპის ორი მონაწილე უკვე გაირკვა. ურუგვაის "ნასიონალმა", რომელიც სამხრეთამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც სძლია ბოლივიის "ორიენტე პეტროლეროს", ხოლო შარშანდელი გათამაშების ნახევარფინალისტმა, კოლუმბიურმა "სანტა ფემ" მექსიკურ "მორელიას" მხოლოდ სტუმრად გატანილი მეტი ბურთის ხარჯზე აჯობა.

"ორიენტე პეტროლერო" იმ იშვიათ ბოლივიურ კლუბთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მაღალმთიან რეგიონში არ თამაშობს და გაიშვიათებული ჰაერის გამო სტუმარ გუნდთან უპირატესობა არ აქვს, რადგან ქალაქი სანტა კრუსი ზღვის დონიდან მხოლოდ 400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შესაბამისად, პირველ შეხვედრაში
მოპოვებული გამარჯვება იძლეოდა იმის ფიქრის საფუძველს, რომ საპასუხო მატჩში "ნასიონალს" გაუჭირდებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი ასეც მოხდა. მართალია, ურუგვაელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ მონტევიდეოს ბინადართა ქომაგებმა ბოლო წუთებამდე ინერვიულეს.

კოპა ლიბერტადორესის 3-გზის გამარჯვებულებს სტუმართა არგენტინელი ლეგიონერის მარიანო ბრაუს გაძევება დაეხმარა. 10 კაცით დარჩენილმა "პეტროლერომ" აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთა, მაგრამ 74-ე წუთზე კარლოს დე პენასგან გოლი მაინც გაუშვა. ანგარიში კი ამ შეხვედრაში "ესპანიოლის" ყოფილმა ფორვარდმა ივან ალონსომ გახსნა.

მეორე წყვილში ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა - მასპინძელთა მცველმა ხოსე ხულიან დე ლა კუესტა ერერეამ, ომარ პერესის გადაცემით ისარგებლა და "სანტა ფე" ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. წითელი ბარათები ამ შეხვედრაშიც ვიხილეთ. არბიტრმა ჯერ კოლუმბიის ნაკრების წევრი, ალდო რამირესი გააძევა, რომლისთვისაც თანამემამულეების წინააღმდეგ თამაში მაინცდამაინც იღბლიანი არ გამოდგა; რამდენიმე წუთში კი მის გზას ვენესუელის ნაკრების ფეხბურთელი ლუის სეიხასი გაუყენა. სტუმრებს ვერც არევალო რიოსის და დუვიერ რიასკოსის გამოცდილებამ უშველა და საბოლოოდ, "მორელიამ" 0:1 წააგო.

"ნასიონალი" მე-6 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კოლუმბიური "ატლეტიკო ნასიონალი", "გრემიო" და "ნიუელს ოლდ ბოისი" იქნებიან. როგორც ხედავთ, საკმაოდ სერიოზული კომპანიაა და ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე "სიკვდილის ჯგუფთან" გვაქვს.

"სანტა ფეს" მეტოქეები კი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული "ატლეტიკო მინეირო", პარაგვაის "ნასიონალი" და ვენესუელური "სამორა" იქნებიან.

ნასიონალი-ო. პეტროლერო 2:0 (0:1)
გოლები: 1:0 ივან ალონსო (19), 2:0 დე პენა (74)
გაძევება: ბრაუ (63. ორიენტე პეტროლერო)

სანტა ფე-მორელია 1:0 (1:2)
გოლი: 1:0 დე ლა კუესტა (58)
გაძევება: ა. რამირესი (52. მორელია), სეიხასი (60. სანტა ფე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული