ლათინური ჩემპიონთა ლიგა

AutoSharing Option
"ბოტაფოგოს" და "სან ლორენსოს" ძალიან საინტერესო დაპირისპირებით ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპი დაიწყო. შესარჩევი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვა ის 32 გუნდი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულისთვის იბრძოლებს.

საინტერესოა, რომ 55-ე ლიბერტადორესის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 16 გათამაშების გამარჯვებული გუნდებიდან მხოლოდ ერთი, ისიც მოქმედი ჩემპიონი, "ატლეტიკო მინეირო" ითამაშებს.

ჯგუფები
I ჯგუფი: ატლეტიკო პარანაენსე (ბრაზილია), ველეს სარსფილდი (არგენტინა), სტრონგესტი (ბოლივია), უნივერსიტარიო (პერუ)

II ჯგუფი: ბოტაფოგო (ბრაზილია), სან ლორენსო (არგენტინა), ინდეპენდიენტე დელ ვალე (ეკვადორი), უნიონ ესპანიოლა (ჩილე)

III ჯგუფი: ლანუსი (არგენტინა), სერო
პორტენიო (პარაგვაი), დეპორტივო კალი (ეკვადორი), ოჰიგინსი (ჩილე)

IV ჯგუფი: ატლეტიკო მინეირო (ბრაზილია), სანტა ფე (კოლუმბია), სამორა (ვენესუელა), ნასიონალი (პარაგვაი)

V ჯგუფი: კრუზეირო (ბრაზილია), დეფენსორი (ურუგვაი), უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე), რეალ გარსილასო (პერუ)

VI ჯგუფი: ნიუელს ოლდ ბოისი (არგენტინა), გრემიო (ბრაზილია), ნასიონალი (ურუგვაი), ატლეტიკო ნასიონალი (კოლუმბია)

VII ჯგუფი: ფლამენგო (ბრაზილია), ლეონი (მექსიკა), ემელეკი (ეკვადორი), ბოლივარი (ბოლივია)

VIII ჯგუფი: არსენალი (არგენტინა), პენიაროლი (ურუგვაი), სანტოს ლაგუნა (მექსიკა), დეპორტივო ანსოტეგი (ვენესუელა)

როგორც ყველა ტურნირზე, "სიკვდილის ჯგუფი" აქაც არის და ასეთი რიგით მე-6 ქვეჯგუფია, სადაც სამხრეთ ამერიკის სამი გრანდი: "ნიუელსი", "გრემიო" და "ნასიონალი" მოხვდა. დანარჩენი კვარტეტები მეტ-ნაკლებად თანაბრად არის დაკომპლექტებული და წესით, პლეი ოფის ორი საგზურისთვის ბრძოლა ყველგან უშეღავათო უნდა იყოს.

ფავორიტები
ლიბერტადორესის თასის ბოლო ოთხი გათამაშება ბრაზილიური კლუბების გამარჯვებით დასრულდა და მთავარ ფავორიტებად ამჯერადაც ისინი უნდა განვიხილოთ. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა ქვეყანას ექვსი წარმომადგენელი ჰყავს, რომელთაგანაც ყველაზე მცირე შანსი "ატლეტიკო პარანაენსეს" უნდა ჰქონდეს - მიგელ პორტუგალის გუნდი არც ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა და საკვალიფიკაციო ეტაპზეც "ატლეტიკომ" ბეწვის ხიდზე გაიარა, როდესაც "სპორტინგ კრისტალთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე გაათანაბრა და შემდეგ პენალტების სერიაშიც საოცარი გამართლების წყალობით იმარჯვა.

რა თქმა უნდა, ფავორიტებში უნდა ჩავწეროთ არგენტინის და ურუგვაის გუნდებიც. არგენტინელთაგან ყველაზე მცირე შანსი სარანდის "არსენალს" უნდა ჰქონდეს, ურუგვაიდან კი ფავორიტებად ორი გრანდი, "პენიაროლი" და "ნასიონალი" თუ ჩაითვლება, თორემ "დეფენსორს" ჯგუფიდან გასვლაც კი გაუჭირდება.

არ შეიძლება შარშანდელი სეზონის 1/2-ფინალისტის, კოლუმბიური "სანტა ფეს" ჩამოწერაც, ისევე, როგორც ჩილეს და მექსიკის კლუბების. საინტერესოა, როგორ ითამაშებს შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია, პერუს "რეალ გარსილასო", რომელმაც 1/4-ფინალამდე მიაღწია. არადა, ეს კლუბი მხოლოდ და მხოლოდ 4,5 წლის გახლავთ (2009 წლის ივლისში დაარსდა).

აღსანიშნავია, რომ ტიტულების მიხედვით, პირველ რვა ადგილზე მყოფი გუნდებიდან, 2014 წლის ლიბერტადორესის თასზე მხოლოდ ორი მონაწილეობს - "ნასიონალი" და "პენიაროლი". 7-გზის ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "ინდეპენდიენტე" საერთაშორისო არენას ვინ ჩივის და არგენტინის მეორე დივიზიონის ბინადარია, 6-გზის ჩემპიონმა "ბოკამ" კი ეროვნულ ჩემპიონატში იმდენად ცუდად ითამაშა, რომ საგზურის გარეშე დარჩა.

ასევე, წლევანდელ ტურნირში ვერ მონაწილეობენ: "ესტუდიანტესი" (4-გზის ჩემპიონი), "სან პაულო", "სანტოსი" (ორივე 3-გზის გამარჯვებულია) და რაც ყველაზე საინტერესოა, წინა გათამაშების ფინალისტი, პარაგვაის "ოლიმპია" (3-გზის ჩემპიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული