დანტეს პიკი - უბრალოდ არ შემიძლია ნაკრებს ვუთხრა, არა...

AutoSharing Option
ბრაზილიელი დანტე ბუნდესლიგაში დაფასებული მცველია. ის ასაკის მატებასთან ერთად უფრო ღვინდება.

დანტე ზედიზედ სამი სეზონია, გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად სახელდება. დღეს იგი მოსაზრებებს პეპ გვარდიოლაზე, "ბაიერნზე", ბრაზილიის ნაკრებზე და სხვა საკითხებზე გაგვიზიარებს

- ახლა უკვე საკმაო ხანია, პეპ გვარდიოლა "ბაიერნშია" და რა არის მთავარი განსხვავება მის და იუპ ჰაინკესის გუნდებს შორის?
- ჩემი აზრით, მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ადრე უფრო პირდაპირ ფეხბურთს ვთამაშობდით, ახლა კი მოთმინება ვისწავლეთ, აქცენტს ბურთის ფლობაზე და კონტროლზე ვაკეთებთ.

- როგორც მცველისთვის, როგორია ასეთი სტილი და
რამდენად აქტიურად მონაწილეობთ თამაშში?
- ვცდილობთ, რომ მთელი გუნდით შევუტიოთ და თავი დავიცვათ. თუმცა მცველებს მაქსიმალურად ყურადღებით გვიწევს ყოფნა, რადგან როდესაც წინ მიდიხარ, სახიფათო კონტრშეტვის შანსი და რისკი იზრდება. ხოლო, რაც უფრო დიდი ხნით ვფლობთ ბურთს, ეს უკეთესია, რადგან მეტოქე მომენტებს ვერ ქმნის.

- მანუელ ნოიერის დარი მეკარის ყოლა ასევე გეხმარებათ, არა?
- ამაში ეჭვის შეტანაც არ შეიძლება. წინ წასვლა ცოტა უფრო თამამად შეგვიძლია, რადგან არ გვეშინია და ვიცით, რომ გვყავს მეკარე, რომელიც კარიდან დამაჯერევლად გამოდის და მუდამ მზად არის იმისთვის, რომ ბურთი მიაწოდო. ამასთანავე, როგორც უშუალოდ მეკარე იგი შეუდარებელია. მანუ ძალიან თავდაჯერებულია და ეს სხვებისთვისაც გადამდებია.

- გვარდიოლასთან ერთად მომუშავე ფეხბურთელები ყოველთვის დეტალურად და გარკვევით საუბრობენ ტაქტიკაზე. იგი ტაქტიკური კუთხით ყველაფერს მაქსიმალურად გასაგებად ხსნის?
- დიახ, ასეა. ის ყველაფერს დაწვრილებით და მარტივად გვიხსნის. ყველა დეტალს განმარტავს და გასაგებს ხდის. ყოველთვის აქვს ორი ან სამი ვარიანტიც და გვეუბნება, რომ თუ ეს არ გამოვა, მაშინ ამას ვიზამთ და ასე შემდეგ. ეს დიდებულია.

- ბევრს უკვირს, რომ გვარდიოლა ასე ადვილად შეეწყო გერმანულ ფეხბურთს. როგორ გაიარეთ თქვენ ადაპტაციის პერიოდი, როდესაც 5 წლის წინ გერმანიაში გადმობარგდით?
- ამაზე ჩემთან ბევრჯერ უსაუბრიათ. მეუბნებოდნენ, რომ ცხელი ბრაზილიიდან სიცივის ატანა გამიჭირდებოდა და ასევე მექნებოდა ენის ბარიერი. თუმცა ეს ყველაფერი ყოველთვის ადვილი დასაძლევი მეგონა. უამრავი ადამიანი სწავლობს გერმანულს, მე რატომ ვერ ვისწავლიდი? ეს ბარიერები დავძლიე კიდეც და აი, ახლა სად ვარ.

- და რა იყო ყველაზე ძნელი?
- ყველაზე რთული არის ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად იყო და სტაბილურად კარგად ითამაშო. კვირაში სამი მატჩი და ცივი ამინდი არ არის პრობლემა. მთავარია, პირადად შენ აღმოჩნდე მზად იმისთვის, რომ მუდამ მაღალ დონეზე ჩაატარო შეხვედრები და ფსიქოლოგიურად არ გატყდე.

- ზეწოლას ალბათ გრძნობდით მას მერე, რაც "ბაიერნს" წინა წარმატებების გათვალისწინებით, ისევ ყველაფრის მოგებას თხოვდნენ...
- დიახ, ეს მართალია. როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე რთული სპორტში უმაღლეს დონეზე და მწვერვალზე დარჩენაა. ამიტომაც არ მესმის, რატომ ჰგონია ხალხს, რომ ტიტულების მოგება იოლია და ასე ადვილად შეგვიძლია ჩვენ. ფეხბურთი იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ბევრი ფიქრობს.

ეს ზეწოლა და აურზაური კი ნეგატიურ ფონს ქმნის ხოლმე, რომელიც ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ, რადგან ეს თამაშზე არ აისახოს. რაც არ უნდა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და კარგი შემადგენლობა გვყავდეს, მოგება და ტიტულების გაუთავებლად მოპოვება ძალიან რთულია და ამისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.

- როგორც ჩანს, პირდად თქვენ მაღალ დონეზე თამაში კარგად გამოგდით, რადგან ფეხბურთელთა კავშირი ზედიზედ მესამედ გასახელებთ ბუნდესლიგის სეზონის მცველად. კოლეგების მხრიდან აღიარება ალბათ ბევრს ნიშნავს არა?
- ეს განსაკუთრებულია. სპორტულ მიმხილველებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სასიხარულოა, როდესაც ის ადამიანები გაღიარებენ, რომლებთან დაპირისპირებაც გამუდმებით გიწევს, რომლებიც შენი გუნდის თამაშის ჩანაწერებს უყურებენ და მინდორზე გეპაექრებიან. ეს სიამაყის და სიხარულის საფუძველს მაძლევს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაზე რთული ამ დონეზე დარჩენა იქნება.

- ვერ გავექცევით გერმანიასთან ნახევარფინალში წაგებულ 1:7-ს. ამ მატჩის ჩანაწერს თუ უყურეთ და რას იტყვით ახლა, რამდენიმე თვის შემდეგ?
- დიახ, ჩანაწერი ვნახე და არც ამაზე საუბრის პრობლემა მაქვს. არც კრიტიკის მეშინია. ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება და ახლაც მტკივნეულია წაგების გახსენება, რაც წესით მომავალი წარმატებებისთვის უნდა იყოს მოტივაციის მომცემი. ჩემი აზრით, ფსიქოლგოიურად არ ვიყავით მზად.

საკუთარი თავი ფავორიტებად უნდა ჩაგვეთვალა და ამ მიდგომით გვეთამაშა. მეორე გოლის გაშვებისასაც უფრო ჭკვიანურად გვმართებდა მოქმედება, ჩვენ კი დავიწყეთ ფიქრი, რომ ის რაც ხდებოდა, შეუძლებელი იყო მომხმდარიყო და ქაოსურად შეტევაში გავიქეცით. ცხადია, ანგარიში ნაკრებებს შორის რეალურ სხვაობას არ ასახავდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ნამდვილად ამდენით წავაგეთ მეტოქესთან.

- ბევრი მიიჩნევს, რომ არავის ასეთი ზეწოლითარ ჩაუტარებია მუნდიალი, როგორც ბრაზილიას. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- შესაძლოა, ეს მართალიც არის. ბრაზილიის ნაკები უნიკალურია და მსოფლიოს ჩემპიონატი საუკეთესო ტურნირია. ამიტომაც საკუთარ კედლებში ჩვენგან გამარჯვებას ელოდნენ, სერიოზული წნეხი იყო. გარდა საბოლოო შედეგისა, ყველაფერი საინტერესო გახლდათ. ასევე სასარგებლოც, გამოცდილება მივიღე, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური კუთხით. ბევრი ვისწავლე.

- მაგალითად?
- მაგალითად ის, რომ ფეხბურთს შეუძლია დაგამწუხროს, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. ვისწავლე, რომ თუ საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად ვერ აკონტროლებ, მოვა დრო, როდესაც სიტყვები "სიყვარული", "შემართება" და "ემოცია" საკმარისი არ აღმოჩნდება. უნდა შეგეძლოს გაჩერდე და იფიქრო.

- გაღელვებთ, რომ იმ ნაკრების წევრობა სამუდამო ლაქას და იარას დაგიტოვებთ?
- მე არაფრის მეშინია. თუ ლაქა უნდა დამრჩეს, დაე, ასე იყოს. მე ღმერთის მჯერა და თუ მან ასეთ სიტუაციაში ჩამაყენა, ესე იგი იმიტომ, რომ მე ამის დაძლევა შემიძლია. მუნდიალის გარდა, ყველაფერი მოგებული მაქვს. 2013 წელს არც ერთ ფეხბურთელს არ მოუგია ჩემზე მეტი დიდი ჯილდო.

ასე რომ, ნეგატივზე ზედმეტად ფიქრი არ ღირს. გულს ის დამწყვეტს, რაც ჩემს ოჯახს და შვილს დაწყვეტს გულს და რადგან მათაც განიცადეს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობა, მე ყველა ის ტიტული გავახსენე და ვაჩვენე რომელიც მოგებული მაქვს, რომ მათ თავი უკეთ ეგრძნოთ. კარიერაში უამრავი ბრძოლა მაქვს გადატანილი და ყველაფერს ერთ მატჩს და მის 20-წუთიან მონაკვეთს ვერ გადავაყოლებ.

- თქვენ ბევრზე უკეთ იცით, რას წარმოადგენენ და რა შეუძლიათ გერმანელებს. მათ ასეთ ტრიუმფს ელოდით?
- რა თქმა უნდა, ველოდი. მუნდიალის დაწყებამდე ვამბობდი, რომ გერმანია, ბრაზილია, არგენტინა და ესპანეთი ფავორიტები იყვნენ. მათ ნაკრებში "ბაიერნის" 7 ფეხბურთელია და შეკრების შემდეგ კლუბში დაბრუნებულები ისინი ყოველთვის დეტალურად განიხილავდნენ რამ გაამართლა და რამ არა. გერმანელთა წარმატების უკან, სერიოზული მუშაობა, თვითანალიზი და მუდმივი პროგრესის სურვილი დგას.

- ხშირად ბრაზილიის ნაკრებზე წარსულ დროში საუბრობთ. სანაკრებო ამბიციები კვლავ დაგრჩათ თუ არა?
- ამჟამად პირველ რიგში ბაიერნისთვის ვთამაშობ და ვიხარჯები. ისიც ნორმალური და გასაგებია, რომ როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის, მით უმეტეს ნაკრების წარუმატებლობისა და მუნდიალის შემდეგ, შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეძლევათ და ახალი სახეები ჩნდებიან.

ეს ბუნებრივი და მისაღებია. თუ მომავალში ისევ გამომიძახებენ, სიამოვნებით მივიღებ მოწვევას. "სელესაომ" ბევრი მომცა და ეს ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის საამაყოა, ამიტომაც, მე უბრალოდ არ შემიძლია ნაკრებს ვუთხრა არა...

დოსიე
დანტე ბონფიმ სანტოსი
დაიბადა: 1983 წ. სალვადორი (ბრ)
პოზიცია: მცველი
კარიერა: 2002-04 - ჟუვენტუდე; 2004-06 - ლილი; 2006-07 - შარლერუა; 2007-09 - სტანდარდი; 2009-12 - გლადბახი; 2012-დან - ბაიერნი
ბრაზილიის ნაკრები: 13 თამაში, 2 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული