მიუხედავად ამისა, ამ წუთას გასვლა პარაგვაის ჯერ ბოლომდე განაღდებული არ აქვს, მაგრამ მართლაც პატარა სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვერ გავიდეს პლეი ოფში.
დიასმა გარკვეული ცვლილებები შემოგვთავაზა წინა მატჩთან შედარებით. მან მნიშვნელოვნად გადაახალისა დაცვა და მიუხედავად, არგენტინელთა კარში გატანილი ეფექტური გოლისა, თადარიგში დატოვა ვეტერანი ნელსონ ვალდესი.
რაც ფანებისთვის ყველაზე სასიხარულოა, შედეგის გარდა, პარაგვაელთა თამაში იყო ძალიან შთამბეჭდავი და სიმპატიური. მართალია, ერთადერთი გოლი პარაგვაიმ იამაიკელთა მეკარის დუეინ კერის უხეში შეცდომის წყალობით გაიტანა, როდესაც კერმა კარი დატოვა და საშინელი მოგერიებისას ბურთი გაარტყა ედგარ სანჩესს, მაგრამ იყო სხვა მომენტებიც.
შეგვიძლია, ვახსენოთ არჩათვლილი გოლი, შესანიშნავი კომბინაცია და ძელი, ერთი-ორი შორეული დარტყმა... იამაიკას რაც შეეხება, შესაძლოა ბევრისთვის გასაკვირი იყო, მაგრამ ამ ნაკრებმა ურუგვაისთან ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.
ამჯერად კი კარში ზუსტად ერთადერთხელ დაარტყა, ისიც უწყინარად. უფრო სახიფათო ერთი არაზუსტი გასროლილი იყო, რომელიც ცოტათი აცდა კარს. იამაიკელები ბოლოს კი გააქტიურდნენ, მაგრამ რეალურად ქულას არ იმსახურებდნენ. უკანასკნელ ტურში ისინი არგენტინას ხვდებიან და... კოპა ამერიკაზე მათი თავგადასავალი როგორც ჩანს ჯგუფურ ეტაპზე დასრულდება, ისე ჩანს, მოსაწვევი კარგად ვერ გამოიყენეს.
ხერარდო მარტინო მის ყოფილ გუნდთან პარაგვაისთან ვერმოგების მერე, ბიჭებს სერიოზულად დაელაპარაკა და არგენტინა თავის ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ მეტოქეს თავიდანვე ეკვეთა.
აკბისელესტემ პარაგვაისთანაც ასე შთამბეჭდავად დაიწყო, მაგრამ სხვაობა ის გახლდათ, რომ ამჯერად თავიდანვე დაწინაურება ვერ შეძლო, მომენტების მიუხედავად. ურუგვაიმ მე-20 წუთის მერეღა გამოიღვიძა და ოსკარ ტაბარესის ბიჭებს ორჯერ შეეძლოთ თავური დარტყმებით გატანა, ტატამ ამაზე უნდა იმუშაოს, მისი შეგირდები მეორე სართულზე ცოტა, დაიჩაგრნენ.
ის, რაზეც ამ უკანასკნელმა უკვე იმუშავა დაცვის მარჯვენა ფლანგზე ძირითადში პაბლო საბალეტას დაყენება იყო და ამან გაამართლა კიდეც, სწორედ მისი პასით გაიტანა ვარდნაში თავით სერხიო აგუერომ, კუნმა თავი მეორე მატჩშიც გამოიჩინა.
ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი გამოდგა. არადა, შეიძლებოდა კიდევ ბევრი გასულიყო. მთლიანობაში არგენტინამ მეტოქეს კი აჯობა, მაგრამ ურუგვაისაც საკმარისად ჰქონდა ხელსაყრელი ეპიზოდები, რომელთაგანაც პირველ რიგში, შეცვლაზე შესული აბელ ერნანდესის შანსი უნდა გამოვარჩიოთ, როდესაც მან დამატებაზე ვერ ივარგა, კარს გადააცილა.
ალბისელესტეს პირველ რიგში, დაცვაში აქვს სამუშაო. ურუგვაისთან მატჩიც და პარაგვაისთან შეხვედრაც თვალსასეირო იყო, და ორმხრივი შეტევებიც და სახიფათო მომენტებიც კარგი სანახავია, მაგრამ მარტინო დიდად კმაყოფილი ვერ იქნება, რომ მისი გუნდის კართან მომენტები დასაშვებზე მეტი დოზით იქმნება, ხოლო შეტევაში გუნდი მონაკვვეთებით და აფეთქებებით თამაშობს კარგად და არა უფრო დაბალანსებულად.
ურუგვაის კი ბოლო ტურში პარაგვაისთან ექნება მძიმე მატჩი, მაგრამ მოგების შემთხვევაში ნამდვილად გავა ჯგუფიდან და თუ გაუმართლებს, წაგების შემთხვევაშიც ვიხილავთ მეოთხედფინალში.
ტრაგიკომედია
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა გაშიფრული ვერსია ვიდეოჩანაწერისა, რომელზედაც ჩანს და ისმის, თუ როგორ საუბრობენ ერთმანეთში ლიონელ მესი და ანხელ დი მარია პარაგვაისთან მატჩის პირველი ტაიმის მერე, სტადიონისკენ მომავალ გვირაბში. ისინი ძალიან კარგ ხასიათზე არიან და მთავარ მწვრთნელს მარტინოს აქილიკებენ, ჩვენებურად რომ ვთარგმნოთ და აზრი გადმოვცეთ - ეს რა სისულელე თქვა, გაიგეო? - ერთმანეთს ეუბნებიან და სიცილით კვდებიან.
არადა, მარტინომ ბიჭებს უთხრა, ამ მატჩის მოგებამდე მიყვანა ადვილი არ იქნება და აბა თქვენ იცით, ყურადღებითო. ალბისელესტე იმ დროს 2:0-ს იგებდა და იმდენად კარგად თამაშობდა, ალბათ ბიჭებს ვერ წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა, ვერ მოეგოთ, მაგრამ ცოტა ზედმეტმა მოდუნებამ და უიღბლობამ ის გამოიწვია, რომ შეხვედრა საბოლოოდ 2:2 დასრულდა.
ბოლოს ვინ გაიცინა კი ვნახეთო, ამასაც ვერ ვიტყვით, რადგან მარტინოს სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე, ძალიან გაბრაზებული გახლდათ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მესიმ, რომელმაც ერთი თავად გაიტანა და აგუეროს გოლშიც მიიღო მონაწილეობა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღება იუარა "მასტერქარდისგან", ერთი რომ უხასიათოდ იყო, და მეორე, სად გვცალია ამისთვისო.
კომპანიის დაბნეულმა წარმომადგენლებმა იფიქრეს, სხვა არგენტინელს მაინც მივცემთ სიმბოლურ ჯილდოს და საჩუქარსო, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალი რომ შეავლეს იქაურობას, ჩუმად გამოიხურეს კარი და უკან გამოვიდნენ.
სახვეწარიც არაფერი ჰქონდათ, საბოლოოდ მათი ჯილდო დიდი სიამოვნებით ჩაიბარა ნელსონ ვალდესმა, არგენტინელთა კარში პირველი გოლის ავტორმა.
კოპა ამერიკა 2015. II ტური. B ჯგუფი
პარაგვაი-იამაიკა 1:0
გოლი: 1:0 ე. ბენიტესი (36)
პარაგვაი (4-3-3): სილვა - აგილარი, და სილვა, სამუდიო (77. პირისი), ბ. ვალდესი - ორტიგოსა, ვ. კასერესი, გონსალესი, ე. ბენიტესი (86. მოლინასი) - სანტა კრუსი, ბობადილია (75. ნ. ვალდესი)
იამაიკა (4-4-2): კერი - მორგანი, ლოურენსი, ექტორი, მარიაპა - ოსტინი, მაკანაფი, მაკკლირი, უოტსონი (57. ლეინგი) - ბარნსი (62. ბრაუნი), დოუკინსი (76. მატოკსი)
გაფრთხილება: ბ. ვალდესი - ოსტინი, მორგანი
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 19-14 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 15(4)-5(1) ბურთის ფლობა: 54%-46%
არგენტინა-ურუგვაი 1:0
გოლი: 1:0 აგუერო (56)
არგენტინა (4-3-3): რომერო - საბალეტა, გარაი, ოტამენდი, როხო - ბილია, პასტორე (79. ბანეგა), მასკერანო - მესი, დი მარია (89. პერეირა), აგუერო (82. ტევესი)
ურუგვაი (4-4-1-1): მუსლერა - მ. პერეირა, ხიმენესი, გოდინი, ა. პერეირა - არევალო, გონსალესი, კ. როდრიგესი (64. კ. სანჩესი), როლანი - ლოდეირო (69. ერნანდესი) - კავანი
გაფრთხილება: მასკერანო, როხო, რომერო - ლოდეირო, გოდინი, პერეირა
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 13-22 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 12(7)-14(3) ბურთის ფლობა: 69%-31%
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 2 1 1 0 3-2 4
2. პარაგვაი 2 1 1 0 3-2 4
3. ურუგვაი 2 1 0 1 1-1 3
4. იამაიკა 2 0 0 2 0-2 0
მომდევნო ტური:
20 ივნისი:
ურუგვაი-პარაგვაი; არგენტინა-იამაიკა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"