"მეფე არტურო" ჩილელი ხალხის ხასიათსა და ტიპაჟს მაქსიმალურად კარგად გამოხატავს და ამიტომაც უყვართ იგი განსაკუთრებით და ეიმედებათ, ალექსის სანჩესზე მეტადაც კი. ჩილეს კარგი შანსი აქვს, რომ საკუთარ კედლებში პირველი სანაკრებო ტიტული მოპოვოს და ეს გვირგვინი თავისიანებს "მეფემ" უნდა დაადგას.
არტურომ შესანიშნავად დაიწყო
ვიდალი მეუღლესთან, მარია ტერეზა მარტუშთან ერთად კაზინოში წასულა, ხოლო იქიდან მოლხენილი სახლისკენ მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოჰყვა.
ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ იგი ავტომობილს ნასვამ, თანაც საკმაოდ ნასვამ მდგმარეობაში მართავდა. კი ირწმუნება ავარია ჩემი ბრალი არ იყოო, მაგრამ თან პასუხისმგებლობას გრძნობს...
ინციდენტში სამი მანქანა მონაწილეობდა. საბედნიეროდ და სასწაულებრივად, ყველა უვნებლად გადარჩა. ვიდალის დაახლოებით 370-ათასდოლარიანი "ფერარი" არაფრად აღარ ვარგა, ისეთი დაზიანებულია, მაგრამ არტუროსა და მის მეუღლეს, როგორც ამბობენ, ნაკაწრი არ აქვთ.
უსიამოვნო გახლდათ ის ჩანაწერიც, რომელიც პრესაში გავრცელდა. მართალია, ამბობენ, მთვრალ კაცს ჭკუა არ მოეკითხებაო და გარკვეულ წილად, ასეც არის, მაგრამ...
ვიდალი პოლიციელებს საკმაოდ თავხედურად და დიდაქტიკურად ესაუბრებოდა - თქვენ მართლა აპირებთ, რომ ბორკილები დამადოთ? თქვენ მე ბორკილები უნდა დამადოთ? - სამართალდამცავები პასუხობდნენ - სერ, დამშვიდდით, მდგომარეობას უფრო ნუ გაართულებთო, არტურომ კი პაუზის მერე მიუგო - კი მაგრამ, თქვენ მთელ ჩილეს თავზე ******მთ! თქვენ ჩილეს დააზარალებთ...
ვიდალი დააპატიმრეს და მთელი ღამე საპყრობილესი გაატარა. რასაკვირველია, ინფორმაციამ მალე გამოჟონა და იმ შენობასთან სადაც არტურო იმყოფებოდა, ადვოკატის, აგენტისა და ჩილეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის გარდა, უამრავი ფანი გამოჩნდა, რომლებმაც საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ვიდალის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვდნენ, მათ თავიანთ კუმირს ღამე გაუთენეს.
ახლა ფანებისთვის ჩილეს ნაკრების ინტერესებზე წინმდგომი არაფერია.
ვიდალი დაკითხეს, გამოაფხიზლეს და გამოუშვეს. პირველადი პროცესიც შედგა. ზოგიერთი, პროკურორითურთ, მის მკაცრად დასჯას ითხოვდა, ლაპარაკი რამდენიმე-წლიან პატიმრობაზეც კი იყო. თუმცა სიტუაციაში გარკვევისა და "გამოძიება გრძელდებას" ფრაზების შემდეგ, არტურო გაათავისუფლეს. ქვეყანას ახლა ასე სჭირდებაო, ქვეტექსტით.
"მეფე არტურო" სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმით გამოძვრება და ალბათ, რაღაც პერიოდი მართვის მოწმობასთან დამშვიდობება მოუწევს. მთავარი კი ის არის, რომ ყველა უვნებლად გადარჩა.
როგორც ჩანს და იმედია, ვიდალმა სრულად გაიაზრა, რა ჩაიდინა და პირობას დებს, მეტს აღარ ვიზამო. საგანგებო პრესკონფერენციაზე ის საერთოდ აღარ ჰგავდა პოლიციელებთან თავხედურად მოსაუბრე "გაფუჭებულ ბიჭუნას", მოკრძალებულად, დარცხვენილად და ემოციურად საუბრობდა, ცრემლებიც ვერ შეიკავა და გულიანად იტირა.
ჩემი ქვეყანა დავაღალატე და კიდევ ერთი შანსი მომეცითო. ასევე, ჩემი მეუღლის სიცოცხლე გავრისკეო. აქ არტუროს დაავიწყდა, რომ არამხოლოდ საკუთარი თავისა და ცოლის სიცოცხლე შეაგდო სასწორზე, არამედ სხვა ადამიანებისაც და იმედია, ამასაც გაიაზრებს.
ამაღელვებელი პრესკონფერენციის მერე, მან ფანებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა და მათ მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. ფედერაციამ და მწვრთნელმა რასაკვირველია, რაიმე საქნციებისგან თავი შეიკავეს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორმაგი სტანდარტები უბრალო მოკვდავების უმეტესობასაც "აწყობს".
მოკლედ, ჩილეში საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო, ვნებებისა და ემოციების დუღილი გაათკეცდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"