10:15 26-06-2015
კოპა ამერიკა 2015. 1/4-ფინალი: ხარამ თხარა, თხარა... [VIDEO]
AutoSharing Option
ურუგვაისთან მატჩს ყველა დამუხტული ელოდა: განწყობა დაახლოებით ასეთი იყო - ეს თუ მოვიგეთ, ფინალში ვართ. დიახ, პერუსა და ბოლივიისადმი პატივისცემის მიუხედავად, ძნელია, მით უმეტეს, გულშემატკივრებს შედავებოდი ამ მოსაზრებში. თუნდაც "დაჭრილი" ურუგვაი უფრო სოლიდურ მეტოქედ აღიქმება, რომელსაც გამოცდილებისა და გუნდურობის ხარჯზე ნებისმიერის წაქცევა ძალუძს.
"დაჭრილი" კი ურუგვაი თუნდაც იმის გამო გახლდათ, რომ დიეგო ფორლანის წასვლა ნათლად ასახავს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესს. ლუის სუარესი დისკვალიფიკაციის გამო არ იყო, ოსკარ ტაბარესი ოპტიმალური შემადგენლობისა და ტაქტიკის მოფიქრება-დატესტვაში გახლდათ გაქაფული, ხოლო ედინსონ კავანის სერიოზული სანერვიულო და საფიქრალი გაუჩნდა... წინა დღეს კავანის მამას ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა და ტრაგედია დატრიალდა, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. ცხადია, კავანი-უფროსი დააკავეს და მას სასჯელი ემუქრება.
ასე რომ, ოჯახური პრობლემებით შეწუხებული კავანი ბოლომდე მწყობრში რომ ვერ იქნებოდა და ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში გახლდათ, ამას დიდი მარჩიელობა და დავა არ სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, თავად ედინსონმაც თქვა, რასაკვირველია, ვითამაშებო და გუნდმაც გაამხნევა იგი და ფეხბურთელის თავგანწირვა მოიწონა, მაგრამ... ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდა.
ძნელია იმის თქმა, რომ ჩილელები ცდილობდნენ სიტუაციის გამოყენებას და კავანის წყობიდან გამოყვანას, არც არავის გვინდა, რომ ეს ვიფიქროთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ თანამედროვე რეალობაში ყველა ხრიკი მიღებულია და "მიზანი ამართლებს საშუალებას". თანაც ფაქტია, რომ კონკრეტულად ერთი მასპინძელი - გონსალო ხარა, პროვოკაციისთვის მზად გახლდათ...
მატჩი ძალიან ნერვიული და დაძაბული გამოდგა. ჩილელები ჩვეულად აგრესიულები იყვნენ, მაგრამ მაინც ემჩნეოდათ მეტოქის მცირე რიდი. რაც უნდა იყოს, ლაპარაკი კოპა ამერიკის წინა გამარჯვებულზეა. ურუგვაი კი, ძირითადად, უკან იდგა და თითქოს, მეტოქის შეცდომას ელოდებოდა, შეტევაში ფაქტობრივად, ვერაფერს გვთავაზობდა. ასე იყო საწყისი ერთი საათის განმავლობაში და, მით უმეტეს, დარჩენილ დროში.
ხორხე სამპაოლის ბიჭები წვალობდნენ. ხან ედუ ვარგასმა სცადა, ხან ალექსის სანჩესმა იაქტიურა, ხან არტურო ვიდალმა გაისროლა შორიდან, მაგრამ გოლი არ ჩანდა. 63-ე წუთზე კი მოხდა ინციდენტი, რომელმაც შეხვედრას და ვიტყოდი, მთლიანად ტურნირს, დიდი დაღი დაასვა - ბრაზილიელი მსაჯი სანდრო რიჩი სიტუაციაში ვერ გაერკვა და კავანი მინდვრიდან გააძევა.
არბიტრი კი არა, თავიდან სიტუაციაში ბოლომდე ვერც ისინი გაერკვნენ, ვინც მატჩს ეკრანების საშუალებით ადევნებდა თვალყურს, რადგან თავიდან ჩანდა, რომ კავანისა და ხარას შელაპარაკებების მერე ხარა "ყვინთავს" - აქაოდა, კავანიმ ჩამარტყაო და უცებ ცხვირზე ხელს იკიდებს და ეცემა.
მომენტი თავიდან სასაცილო გახლდათ, მაგრამ ურუგვაელებს, ცხადია, არ ეცინებოდათ და რიჩი უკვე აქ იყო დამნაშავე, რომ პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ თურმე ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ გახლდათ - ერთ-ერთმა გამეორებამ, რომელიც დაამუშავეს და შემოგვთავაზეს, ნათლად გამოაჩინა, რომ ხარა კავანისთან მიდის, ისინი რამდენიმე უსიამოვნო სიტყვასაც ცვლიან, მაგრამ მთავარი და ყველაზე ცუდი ის არის, რომ როგორი სათქმელია და, ჩილელი კავანის ანუსში თითს უყოფს.
ურუგვაელიც პროვოკაციაზე წამოეგო, მაგრამ კიდევ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოიქცა და რეალურად არც არაფერი დაუშავებია, უბრალოდ, მსაჯი შეცდა. სამაგიეროდ, კავანი მერე გამოვიდა წყობიდან. ეჭვი იმის შესახებ, რომ ჩილელებს პროვოკაცია დაგეგმილი ან გაფიქრებული მაინც ჰქონდათ, ძალაუნებურად გაგიჩნდება ამ ეპიზოდში მათი ქცევის შემხედვარე კაცს, ისინი ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ხარა იქაურობას გაარიდეს.
საბედნიეროდ, დისციპლინარულმა კომიტეტმა ეს ვიდეოჩანაწერი განიხილა და გონსალო ხარას კოპა ამერიკის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ ურუგვაის და კავანის რა ხეირი?
ურუგვაიმ დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო და ბოლომდე თავის ნახევარზე გამაგრდა. ჩილე კი უტევდა, მაგრამ მასპინძლები მწვავე მომენტებს კავანის გაძევებამდე უფრო ქმნიდნენ, ვიდრე მერე. გოლიც არ ჩანდა, მაგრამ 81-ე წუთზე ჩილელებმა ნავსი მაინც გატეხეს - სტუმართა კაპიტანს, კლაუდიო ბრავოს თავისიანებმა ხელი შეუშალეს. მან ბურთი კარგად ვერ მოიგერია, კარი "დაკარგა", თანაც, ჩილეს მთავარი პლეიმეიქერის, ხორხე ვალდივიას დროული და გამოზომილი პასის მერე, მაურისიო ისლას დარტყმა იმდენად ზუსტი და ძლიერი იყო, მეკარეს ამ ბურთის აღება კარგად მომზადებულსაც გაუჭირდებოდა.
ბოლოს სანჩესზე უხეშობისთვის ხორხე ფუსილეც გააძევეს და განწირულმა ურუგვაიმ შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე სერიოზული იყო, გუნდი-გუნდზე ხელჩართულ ჩხუბსაც გადავრჩით.
ჩილე კი წინსვლას აგრძელებს, მაგრამ მსაჯების ერთი-ორი გადაწყვეტილება და განსაკუთრებით, კავანის ინციდენტი ტურნირის მასპინძლების წარმატებას ცოტათი ჩრდილს აყენებს, თორემ, უშუალოდ თამაშის ხარისხით, მომენტების რაოდენობით, უპირატესობით... ჩილე ყველა მეტოქეს სჯობდა, ვისაც აქამდე შეხვდა.
"მსაჯმა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. წითელი ბარათები გადამეტებული იყო და მატჩი რომ რიცხობრივ უმცირესობაში არ ჩაგვემთავრებინა, ვნახავდით, რა შედეგი დაფიქსირდებოდა. კავანის შემთხვევაში ხომ საერთოდ გაუგონარი რამ მოხდა. თანაც, იქ უფრო მეტს ჰქონდა ადგილი, ვიდრე ხარას მხრიდან უბრალო სიტყვიერ შეურაცხყოფას.
დააკვირდით, რის გაკეთებას ცდილობს იგი თითით. ეს ყველამ დაინახა და იმედია, კონმებოლი ხარას ისევე მოექცევა, როგორც თავის დროზე სუარესს - ფიფა" - თქვა განაწყენებულმა და გაბრაზებულმა დიეგო გოდინმა.
ოსკარ ტაბარესი: "მსაჯმა შესაძლოა, ვერ დაინახა, რაც მოხდა, მაგრამ ლაინსმენს ნამდვილად უნდა დაენახა. გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, დიდი უსამართლობა".
ჩილელებს კი, როგორც ჩანს, შერცხვათ და ძირითადად, ჩუმად იყვნენ, თავისთვის ზეიმობდნენ ნახევარფინალში გასვლას...
ჩილე-ურუგვაი 1:0
გოლი: 1:0 ისლა (81)
ჩილე (4-3-1-2): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, მენა - არანგისი, დიასი, ვიდალი - ვალდივია - სანჩესი, ვარგასი
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - მ. პერეირა, ხიმენესი, გოდინი, ფუსილე - არევალო, გონსალესი, კ. როდრიგესი, კ. სანჩესი - როლანი, კავანი
გაფრთხილება: ვალდივია, ისლა., პინილია - კავანი, ფუსილე, კავანი, მ. პერეირა, ფუსილე
გაძევება: კავანი (63), ფუსილე (88)
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 16-18 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 15(7)-6(2) ბურთის ფლობა: 80%-20%
მაყურებელი: 45 304
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული