10:02 02-07-2015
კოპა ამერიკა 2015. 1/2-ფინალი: მესი, გოლის გარდა, ყველაფერი [VIDEO]
AutoSharing Option
მართალია, პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი პარაგვაიმ შექმნა, მაგრამ ამის მერე არგენტინელებმა დაიწყეს და აღარც გაჩერებულან. "ალბისელესტე", ძირითადად, მოკლე პასებით, თავბრუდამხვევი კომბინაციებით გადიოდა ფონს.
ლიონელ მესიმ ჯერ მარკოს როხოს გაატანინა ნაკრების მაისურით თავისი მეორე გოლი და მერე ხავიერ პასტორეს უპასა, რომელმაც მშვენივრად დაარტყა. ასე იყო ჯგუფური ეტაპის შეხვედრაშიც, არგენტინამ მაშინაც ომახიანად დაიწყო და მალევე წაიყვანა 2:0, თუმცა მერე ყველაფერი აირია და სცენარი თითქოს, ამჯერადაც მსგავსი ვითარდებოდა - ტაიმის მიწურულს ლუკას ბარიოსმა ისევ გაუტანა სერხიო რომეროს და სხვაობა შეამცირა.
სხვათა შორის, 2:0-ზე რამონ დიასმა ორმაგი ცვლილება გააკეთა. 30-ე წუთისთვის ორი მოთამაშე ჰყავდა შეცვლილი, რაც იშვიათობაა. მინდორზე გამოშვებულთაგან ერთ-ერთი სწორედ ბარიოსი გახლდათ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, არგენტინა იმავე შეცდომების გამეორებას არ აპირებდა და არც გაიმეორა. მეორე ნახევარში გუნდი სრული მობილიზაციით გამოვიდა და ქვა-ქვაზე არ დატოვა რამონ დიასის ბიჭებისგან. ცოტათი მეტოქეს პარაგვაელებიც დაეხმარნენ, ზედმეტი სივრცე მისცეს და ბევრი შეცდომა დაუშვეს.
დიდ ტურნირებზე მესის სანაკრებო გოლების სიმწირეზე საუბარი ისევ გრძელდება, მაგრამ ლეომ სამი საგოლე პასი გააკეთა, მან თითქმის ყველა საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. მესის ერთ-ერთი სოლო-რეიდი განსაკუთრებით ეფექტური იყო.
მშვენიერი იყო ანხელ დი მარია, რომელმაც დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, ხავიერ პასტორეს მონაგარი კი გოლს პლუს პასია.
კარგი არგენტინელებისთვის ისიც გახლდათ, რომ იყო საფრთხე, ფინალი სერხიო აგუეროს, ხავიერ მასკერანოს ან მესის გამოეტოვებინათ, მაგრამ ყვითელი ბარათი მათ არ მიუღიათ. არადა, ჩილესადმი გაწეულ დახმარებაზე ბევრი საუბრობს და ეჭვები არსებობდა... თანაც, არბიტრი ბრაზილიელი სანდრო რიჩი გახლდათ. სწორედ ამ მსაჯმა დაუშვა შეცდომა გონსალო ხარასა და ედინსონ კავანის ინციდენტისას.
"თუ მესი გადაცემებს არიგებს და გოლები გადის, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი ნაკრების წარმატებაა და ისიც გუნდურად თამაშობს. შეწუხებული და უკმაყოფილო არ ჩანს, მას არ სჭირდება აუცილებლად გოლების გატანა იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს.
ბუნებრივია, ძალიან გვიხარია, ბიჭები წელიწადზე ნაკლებ დროში მეორე დიდი ტურნირის ფინალში არიან. შეიძლება კოპა ამერიკა მსოფლიოს ჩემპიონატი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. პარაგვაისთან კარგად ვითამაშეთ, პოტენციალი გამოვავლინეთ და მომენტების უმეტესობა გამოვიყენეთ.
ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ჩილეს მოვუგოთ, ტურნირის მასპინძლები შესანიშნავად თამაშობენ, კარგი ფეხბურთელები და ძლიერი ნაკრები ჰყავთ. ეს ბირთვი უკვე 4 წელია უცვლელია და ეს მნიშვნელოვანია. ზოგი რამ არ იცვლება და ჩილე არ შეცვლის თავის სტილს, შეეცდება მჭიდროდ, პრესინგით ითამაშოს, შეუტიოს, ისევე, როგორც ამას სხვა ნაკრებებთან აკეთებს" - განაცხადა მარტინომ.
52 წლის სპეციალისტმა ცალკე ისაუბრა პასტორეზე. "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველს კარგი სეზონი ჰქონდა და ნაკრების ძირითადშიც დაიმკვიდრა ადგილი, ტატა მას ენდობა:
"პასტორემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და რამდენიმე გოლში მიიღო მონაწილეობა. ყველაფერს ზუსტად აკეთებდა, თავისი ტექნიკის და შესაძლებლობების დემონსტრაცია მშვენივრად მოახდინა. ხავიერისგან სხვას არც არაფერს ველოდებით ხოლმე, იგი შეტევებს ძალიან კარგად იწყებდა" - აღნიშნა მარტინომ.
ლიონელ მესი: "დიდად არ მაღელვებს ის, რომ გოლები ვერ გამაქვს. მთავარია, მოვიგეთ და სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ. იმავე სტილით და იდეით ვითამაშეთ, როგორც ამას წინა სეხვედრებში ვაკეთებდით. გვახარებს ის, რომ მორიგ ფინალში ვართ და ჩემპიონობა ძალიან ახლოსაა. ეს განსაკუთრებული წარმატება იქნება, ნაკრებთან ერთად რამის მოგება მართლაც ძალიან მინდა. იმედი გვაქვს, ოცნება აგვიხდება, ფინალში დაძაბულ ბრძოლას ველოდები".
"იმავე სტილით თამაშს გავაგრძელებთ და შევეცდებით, მოვიგოთ. ეს მატჩი იქნება და არა ომი, ჩვენ მეგობრული ქვეყნები ვართ. გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ, ვინც უკეთესი იქნება, ის გაიმარჯვებს" - განმარტა ხავიერ მასკერანომ.
ფინალი სანტიაგოში, "ესტადიო ნასიონალ ხულიო მარტინეს პრადანოსზე" 4 ივლისს, შაბათს გაიმართება. წინა ღამით კი, პერუ და პარაგვაი მესამე ადგილს გაითამაშებენ.
არგენტინა-პარაგვაი 6:1
გოლები: 1:0 როხო (15), 2:0 პასტორე (27), 2:1 ბარიოსი (43), 3:1 დი მარია (47), 4:1 დი მარია (53), 5:1 აგუერო (80), 6:1 იგუაინი (83)
არგენტინა (4-3-3): რომერო - საბალეტა, დემიკელისი, ოტამენდი, როხო - ბილია, მასკერანო (77. გაგო), პასტორე (73. ბანეგა) - მესი, დი მარია, აგუერო (81. იგუაინი)
პარაგვაი (4-4-2): ვილიარი - ბ. ვალდესი, და სილვა, აგილარი, პირისი - გონსალესი (27. ბობადილია), ვ. კასერესი, ორტისი, ბენიტესი - სანტა კრუსი (30. ბარიოსი), ნ. ვალდესი (56. ო. რომერო)
გაფრთხილება: როხო, ბილია - ვ. კასერესი, და სილვა, ორტისი
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 12-19 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 15(10)-14(3) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 29 205
3 ივლისი
III ადგილის მატჩი
პერუ-პარაგვაი 03:30
4 ივლისი
ფინალი
ჩილე-არგენტინა 00:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული